ქართველ მორაგბეთა "მასი" ელიტურ დივიზიონს მიუახლოვდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში პლეი ოფის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც პირველი დივიზიონის მეორე საგზურის მფლობელი გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ აქ რეგულარული გათამაშება გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" მოიგო და პირველ დივიზიონში ავტომატურად გადაბარგდა.

მეორე საგზურისთვის კი დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პო" ფინალში "მონ დე მარსანს" დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ჩვენებურთა გუნდმა 20:29 წააგო და მომავალ სეზონში ისევ მეორე დივიზიონში იასპარეზებს. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ამასობაში პლეი ოფის ნახევარფინალის პირველი შეხვედრები გაიმართა ფედერალ 1 დივიზიონში. შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ"
სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა დავით ბოლღაშვილის "ლილი" - 21:20 და ელიტურ, მეორე დივიზიონს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

პარიზელები, რომლებსაც ქართველი მწვრთნელი ვიქტორ დიდებულიძე თავკაცობს, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ. 54-ე წუთისთვის ისინი მასპინძლებს 9 ქულით ჩამორჩნენ - 8:17.

თამაშში გარდატეხის შეტანა მათ დასკვნით ხუთ წუთში მოახერხეს, როცა ერთ ლელოს ზედიზედ ორი საჯარიმოც მიაყოლეს და შინ გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა მომავალ უქმეებზე მასიში გაიმართება.

წარმატების შემთხვევაში დიდებულიძე და კომპანია, ფინალის საგზურთან ერთად, მეორე დივიზიონში თამაშის უფლებასაც მოიპოვებს.

"ლილთან" შეხვედრაში აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილი თამაშში ექვსი წუთის შემდეგ ჩაერთო, ბოლღაშვილი განაცხადში არ იყო.

ნახევარფინალის მეორე წყვილში დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენმა" შინ წააგო "კოლომიესთან" - 15:22.

ვალანსელები, ფაქტობრივად, უშანსოდ არიან. ჩვენებურთა ამ გუნდს, სავარაუდოდ, თამაში მომავალ წელსაც ფედერალ 1 დივიზიონში მოუწევს.

წესით, ქართველ მორაგბეებს ეს დიდად არ უნდა აღელვებდეთ, ვინაიდან ორივეს მომავალი გუნდი უკვე გარკვეულია. ბასილაია შოტლანდიის საუკეთესო კლუბის, "ედინბურგის" კვართს მოირგებს.

ნემსაძემ კი ახლახან საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის "ტარბთან" გააფორმა ხელშეკრულება, სადაც უკვე ირიცხებიან პირველხაზელები, ირაკლი მირცხულავა და მამუკა მაგრაქველიძე.

"კოლომიესთან" მატჩში ბასილაიამ და ნემსაძემ სრულად ითამაშეს. ნემსაძე მატჩის არბიტრმა 59-ე წუთზე გაასინბინა.

II დივიზიონი
ფინალი
პო-მონ დე მარსანი 20:29

ფედერალ 1
ნახევარფინალი
ლილი-მასი 20:21, ვალანს დაჟენი-კოლომიე 15:22

"პოს" ხელი მოეცარა, "მასი" მიზნამდე ერთ ნაბიჯშია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული