- მალთაყვაში ჩვენი ძალებით შესანიშნავი სარაგბო ბაზა მოვაწყვეთ, რომელიც ფოთში არსებულ ბაზებს შორის, ყველა პარამეტრით საუკეთესოა. იქ ყველამ - მწვრთნელებმაც, ჩვენმა მეგობრებმაც და თავად ბავშვებმაც ფიზიკურად ვიშრომეთ და ერთიანი ძალებით მშვენიერი სარაგბო
- თხუთმეტი წლის თავზე რით შეიძლება დაიკვეხნოს ფოთურმა რაგბიმ?
- პირველ ლიგაში გვყავს გუნდი, რომელიც მთლიანად სამოყვარულოა. მოთამაშეთა ნაწილი მუშაობს, ნაწილი სწავლობს. კვირაში ერთხელ ვიკრიბებით ხოლმე და ვვარჯიშობთ. უსახსრობის გამო მეტს ვერ ვახერხებთ.
ამ მორაგბეების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ისინი რაგბის სიყვარულის გამო მოდიან და ცდილობენ, ქალაქში სპორტის ეს სახეობა არ გაქრეს. სამწუხაროდ, არავინ გვეხმარება.
- რა მდგომარეობაა ბავშვთა რაგბიში?
- გვყავს გუნდები ჭაბუკთა B ლიგაში და რამდენიმე გუნდი საფესტივალო ასაკში. წლეულს B ლიგაში, მიმაჩნია, რომ წარმატებულად ვიასპარეზეთ. შეგვეძლო მესამე ადგილი დაგვეკავებინა, მაგრამ ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში თბილისის "აკადემიასთან" დავმარცხდით.
ამას, ცხადია, ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ფოთიდან დილის ექვს საათზე გავემგზავრეთ თბილისში. იმის საშუალება არ გვქონდა, რომ წინა დღეს ჩავსულიყავით. ბიჭებს საჭმელი რომ ეჭამათ, ფული მშობლებს გამოართვეს. მიუხედავად იმისა, რომ მეტი შეგვეძლო, შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ.
ამასთან ერთად, ფოთში საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" სარაგბო სტადიონს გვიშენებს. ამჟამად ჩვენი ბაზა ქალაქგარეთაა და ასამდე ბავშვი ვარჯიშობს. ახალი სტადიონი თითქმის ქალაქის ცენტრშია და დარწმუნებული ვარ, მორაგბეთა რაოდენობა ორჯერ ან სამჯერ გაიზრდება.
- ფოთის სარაგბო სკოლამ უკვე მისცა ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ ძლიერი მოთამაშე - დიმიტრი ბასილაია ამჟამად შოტლანდიურ "ედინბურგში" ასპარეზობს. თქვენი სკოლიდან ვინ შეიძლება გაჰყვეს მის კვალს?
- დიმიტრი ბასილაია საქართველოს ნაკრების წევრია. მან შესანიშნავად იასპარეზა შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
სწორედ ამის გამო მოხდა, რომ საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონის გუნდიდან თავი შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ამოჰყო.
წლეულს საფრანგეთის გრანდში, პარიზის "სტად ფრანსეში" ჩაირიცხა ჩვენი სკოლის აღზრდილი, შერკინების ბურჯი ზურაბ ჟვანია.
ის ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა და ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ მაღალი დონის მორაგბედ ჩამოყალიბდეს და ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი.
კიდევ ერთი პირველხაზელი, ირაკლი მირცხულავა, უკვე ორი წელიწადია, საფრანგეთის ელიტური, მეორე დივიზიონის "ტარბში" ასპარეზობს. ის საქართველოს A ნაკრების წევრია და ეროვნულ გუნდშიც მოუწია თამაში.
ახლახან პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში იასპარეზა ზაზა ხარებავამ, ხოლო ირაკლი ლოლუა 19-წლამდელთა ღირსებას იცავდა.
- რატომ არ ხერხდება ფოთში ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც უმაღლეს ლიგაში ღირსეულად იასპარეზებს?
- იმიტომ, რომ ყოველ წელიწადს რამდენიმე მორაგბეს ვკარგავთ. ზოგი უმაღლეს სასწავლებელში აბარებს და ქალაქიდან მიდის, ზოგს კი ხელფასს ვერ ვუხდით და იძულებულია, სხვა საქმეს ეწიოს. ფოთში სპორტი ძალიან ცუდ დღეშია.
მარტო რაგბის არ უჭირს. 15 წლის წინათ რომ ჩამოვედი, ფოთში ცხოვრება უფრო ჩქეფდა. ახლა ყველაფერი ჩამკვდარია. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ქალაქი ყველასგან მიტოვებულია.
ამასთან ერთად, საოცარია, მაგრამ ფოთში არსებული ცხრა სპორტული სკოლიდან ყველაზე წარმატებული ჩვენ ვართ, თუმცა ქალაქის მერიის სპორტის სამსახურიდან რატომღაც ყველაზე მცირე დაფინანსება ჩვენ გვაქვს.
მეტიც, ამ სტრუქტურიდან ვინმე ერთ თამაშზეც კი არ მოსულა და არ უკითხავს, რა გვიჭირს ან რა გვილხინს.
ასეთ პირობებში უმაღლესი ლიგის გუნდის შექმნა კი არა, ზოგადად, არსებობაც კი ძალიან ძნელია.
ფოტოზე: ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილი დიმიტრი ბასილაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"