ლეგიონერები: ქართველი მორაგბეები იწყებენ და ამთავრებენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა გუნდებმა მზადების ბოლო სტადიაზე მორიგი საწვრთნელი შეხვედრები გამართეს.

ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა.

კლუბების მწვრთნელები ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში არიან, მით უფრო, რომ უკვე დასრულებულ სატრანსფერო სეზონზე ახალი მოთამაშეები უხვად დაიმატეს.

საინტერესო და საკმაოდ დაძაბული გამოდგა "ჰაინეკენის თასის" მფლობელის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონის" დაპირისპირება დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგთან", რომელიც ტულონელებმა 14:6 მოიგეს.

საგულისხმოა, რომ ორივე გუნდი მომავალ სეზონში, სავარაუდოდ, ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატები იქნებიან. მურად ბურჯელალის მსგავსად თავიანთ რიგებში
პარიზელებმაც საკმაოდ ბევრი ვარსკვლავი აიყვანეს.

მიქაუტაძე თამაშში 38-ე წუთიდან ჩაერთო. მან სამხრეთაფრიკელი მეორეხაზელი ბაკის ბოთა შეცვალა, ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის გახლდათ, თუმცა არ უთამაშია, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

სერიოზულად ემზადება ახალი ჩემპიონატისთვის საფრანგეთის უძველესი კლუბი, პარიზული "სტად ფრანსე".

ამ გუნდში ორი ქართველი პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი და ზურაბ ჟვანია ასპარეზობს.

პარიზელები საკონტროლო მატჩში ბასკურ "ბაიონს" დაუპირისპირდნენ, რომლისგანაც გასულ სეზონში გაცილებით მეტს ელოდნენ, ვიდრე მიაღწია. ბასკებმა საგრძნობლად მოღონიერებული "სტად ფრანსე" 19:10 დაამარცხეს.

ქუბრიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, ჟვანია განაცხადში არ იყო.

უშეღავათო ბრძოლა გაიმართა დავით ზირაქაშვილის "კლერმონსა" და გიორგი ჟღენტის "პერპინიანს" შორის. მატჩი ფრედ 14:14 დასრულდა.

ზირაქაშვილმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო.

ასევე ძირითად შემადგენლობაში იყო ჟღენტიც. ცხადია, ეს გუნდებიც ფავორიტთა შორის იქნებიან.

მთავარი ისაა, სტარტს როგორ აიღებენ. თუმცა, თუ განვლილი სეზონის მაგალითით ვიმსჯელებთ, ვნახავთ, რომ "ვულკანებმა" სეზონი ცუდად დაიწყეს, მაგრამ რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს.

მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" საკონტროლო შეხვედრაში პირველ დივიზიონში წლეულს აღზევებულ "გრენობლთან" წააგო - 18:20.

გორგოძემ ვარჯიშისას ფეხი დაიშავა და თამაშს ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ნარიაშვილმა "ალპელებთან" მატჩში მეორე ტაიმში იასპარეზა.

საფრანგეთის ჩემპიონმა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" მეორე შეხვედრაც მოიგო. ამჯერად, კასტრელებმა მეორე დივიზიონში მოასპარეზე ყველაზე ქართულ ფრანგულ გუნდს, კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბის" მოუგეს - 26:19.

ცხადია, მეორედივიზიონელისთვის ქვეყნის ჩემპიონთან თამაში დიდი გამოცდილებაა, მით უფრო, რომ ალბელები დიდი ხანია პირველ დივიზიონში აღზევებას ცდილობენ და, სავარაუდოდ, წლეულს სწორედ ამისთვის იბრძოლებენ.

სეზონის დაწყების წინ "ალბის" ქართულ ლეგიონს "არმიას" მესამეხაზელი ხვიჩა ბუჯიაშვილი შეემატა, რომელსაც იგივე წარმატებით მეორე ხაზშიც შეუძლია თამაში.

ტარიელ რატიანიძის "აჟენმა", რომელიც პირველიდან მეორე დივიზიონში წლეულს დაქვეითდა, ამავე დივიზიონში მოასპარეზე გიორგი ნემსაძის, გიორგი ჩხაიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბს" მოუგო 19:12.

ცხადია, აჟენელებს, რომლებიც ერთ დროს პირველი დივიზიონის ლიდერთა შორის იყვნენ, ისევ საუკეთესოთა შორის დაბრუნება სურთ. თუმცა, მეორე დივიზიონში კონკურენცია წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება.

სავარაუდოდ, იმავე მიზნისთვის, პირველ დივიზიონში გადასვლისთვის იბრძოლებს "ტარბიც".

პირველ დივიზიონში დაბრუნებულმა გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა" ყოფილ თანადივიზიონელთან, ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკთან" ითამაშა და 20:14 გაიმარჯვა.

ბრიველებს წლეულს პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევთ ბრძოლა. არადა, ეს პატარა ქალაქი რაგბით ცხოვრობს და ბოლო დრომდე ელიტაში მუდამ ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნეოდა.

"ორიაკის" ამოცანა კი უცვლელი იქნება. პირველ დივიზიონში გადასასვლელად ამ გუნდს ერთი ნაბიჯი დააკლდა და, სავარაუდოდ, განვლილი სეზონის გამოცდილებას, ამჯერად, სასარგებლოდ გამოიყენებს.

მეორე დივიზიონში მოასპარეზე ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ" "კელტთა ლიგის" ბინადარ იტალიურ "ზებრეს" უმასპინძლა და 12:14 წააგო.

ამასობაში დასასრულს უახლოვდება რუმინეთის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით ასპარეზობს მოქმედი ჩემპიონი, ოთარ ტურაშვილის, გიორგი ხოსიტაშვილისა და ბიძინა სამხარაძის "ტიმიშოარა".

ამ გუნდმა რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში მეოთხე ადგილზე გასულ კონსტანცას "ფარულს" დაუპირისპირდა.

ჩვენებურთა გუნდმა მეტოქეს საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით 63:10 მოუგო და ფინალში გააღწია.

აღსანიშნავია, რომ "ფარული" ჩვენი მორაგბეების ყოფილი კლუბია.

ხოსიტაშვილი და ტურაშვილი სათადარიგოთა შორის იყვნენ, სამხარაძე განაცხადში არ იყო.

საკონტროლო მატჩები
საფრანგეთი
ტულონი-მეტრო რასინგი 14:6, ბაიონი-სტად ფრანსე 19:10, კოლომიე-კარკასონი 29:14, ორიაკი-ბრივი 14:20, პერპინიანი-კლერმონი 14:14, ბიარიცი-ოიონაქსი 19:7, კასტრი-ალბი 26:19, აჟენი-ტარბი 19:12, გრენობლი-მონპელიე 20:18, ბეზიე-ზებრე 12:14.

რუმინეთი
ნახევარფინალი
ტიმიშოარა-ფარული 63:10
ბაია მარე-სტიაუა 25:19

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული