ლეგიონერები: ქართველ მორაგბეთა ათი გუნდიდან შვიდი ფავორიტია

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშება ელიტურ, პირველ დივიზიონში უწინდელისგან გამორჩეული იქნება.

მასში მოასპარეზე ათ გუნდში 17 ქართველი მორაგბე ითამაშებს, რომელთა უმრავლესობას ჩემპიონობის პრეტენზია გააჩნია.

ამასთან ერთად, ფრანგულმა კლუბებმა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ხარისხიანი ლეგიონერები შეიძინეს, რითაც გუნდების სათამაშო დონე საგრძნობლად გაიზრდება.

* * *
საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლო წლების მუდმივი ფავორიტია დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელიც პირველ ტურში სტუმრად ითამაშებს ბასკურ "ბიარიცთან". "ვულკანებმა", როგორც სჩვევიათ, შარშან რეგულარულ გათამაშებაში შესანიშნავად ითამაშეს. მათი დაცვა და შეტევა საუკეთესო იყო. თუმცა, შინ, უკვე მერამდენედ, მხოლოდ ვერცხლი ჩაიტანეს.

ამას
მთავარი მწვრთნელის ვერნ კოტერის განცხადება მოჰყვა გადადგომის თაობაზე, თუმცა მერე გადაწყდა, რომ ის გუნდში კიდევ ერთ სეზონს დაყოფს. სატრანსფერო ბაზარზე "კლერმონი" ყველაზე პასიური იყო. გუნდში ისეთი არავინ მისულა, ვისზეც ყურადღების გამახვილება ღირს.

სამაგიეროდ გუნდი დატოვეს ენტონი ფლოშმა, დავიდ სკრელამ, კევინ სენიომ და საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა.

"კლერმონის" ყველაზე ძლიერი მხარე სტაბილურობაა, მაგრამ ეს გუნდი უკვე ბერდება. გარკვეულ პოზიციებზე საკმაოდ ასაკიანი მორაგბეები ასპარეზობენ. ნუთუ ეს სეზონი ბოლო იქნება "ვულკანების" ოქროს თაობისთვის?

* * *
საფრანგეთის ჩემპიონი ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" სტუმრად დაუპირისპირდება გიორგი ჟღენტის "პერპინიანს". სამწუხაროდ, ქართველი მორაგბეები განაცხადში არ არიან.

ბოლო წლების განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ "კასტრი" სტაგნაციას განიცდიდა. თუმცა, წლეულს კასტრელებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს. მათ ერთკვირიანი შუალედით ზედიზედ სძლიეს ევროპის ორ საუკეთესო გუნდს, "ტულონსა" და "კლერმონს".

ახალი სეზონის წინ გუნდი დატოვეს წამყვანმა მორაგბეებმა, ლორან ლაბიტმა და ლორან ტრავერსმა. თუმცა, შევსება გუნდმა საკმაოდ სერიოზული მიიღო. ესენია: რიჩი გრეი, რემი გროსო, ჟულიენ ტომა და სერდრიკ გარსია.

ყველაზე დიდი დანაკარგი კასტრელებისთვის გუნდის ფინანსური მეურვე პიერ ფაბრია, რომელიც ივლისში გარდაიცვალა.

"პერპინიანის" არსებობა მუდმივად ბრძოლის ისტორიაა. ის ერთ-ერთი გუნდია იმ რამდენიმედან, რომელიც ელიტური, პირველი დივიზიონიდან არასდროს გავარდნილა. კატალონიელები საფრანგეთის ჩემპიონები ბოლოს 2009 წელს გახდნენ. მას შემდეგ გუნდში რეფორმები დაიწყო. "პერპინიანი" ნელ-ნელა განიცდიდა ევოლუციას და წლეულს, ვფიქრობთ, რეალურად შეძლებს პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლოს.

კლუბმა მოაგვარა ყველაზე დიდი პრობლემა. მისი ახალი პრეზიდენტი მილიონერია.

"პერპინიანმა" რამდენიმე ძლიერი მორაგბე დაიმატა. ესენია: კამილ ლოპესი, ტომაზო ბენვენუტი, დიუვალ დუვენაგე და გიორგი ჟღენტი. თუმცა, დანაკარგი ბევრად უფრო სერიოზული ჩანს: ნიკოლა მასი, ადრიან პლანტე, დავიდ მელე და ჯერემი კასტექსი.

* * *
ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან წლეულს ყველაზე მეტად დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" მოღონიერდა, რომელიც პირველი ტურის მატჩში გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივს" უმასპინძლებს.

პარიზელებს გასული სეზონი მწარედ ემახსოვრებათ. საშობაო არდადეგებზე გუნდი მე-11 ადგილზე იყო. მერე, ზედიზედ ცხრა მატჩი მოიგო და პლეი ოფში გააღწია. იქ კი, წამყვან კლუბებთან პაექრობაში ვერას გახდა.

როგორც უკვე ვთქვით, "მეტრო რასინგი" საკმაოდ გაძლიერდა. თავად განსაჯეთ, სატრანსფერო ციებ-ცხელებისას გუნდთან კონტრაქტი გააფორმეს: რონან ოგარამ, ჯონათან სექსტონმა, დენი ლიდიატმა, სოანე ტონგაუიჰამ, ჯიმი რობერტსმა, ივანდერ კრუხერმა, მარკ ანდრემ და დავით ხინჩაგიშვილმა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ "მეტრო რასინგი" მოწინავე ოთხეულში დაიკავებს ადგილს.

გუნდიდან წავიდნენ მოთამაშეები, რომლებიც ჯერ კიდევ მეორე დივიზიონიდან მოყოლებული ერთგულად მსახურებდნენ: ესენია: ალესანდრო ლო ჩიჩერო, ჯონი ლეოო, ალვარო გალინდო და ბენჟამინ ნუაროტი. ეს, ცხადია, გულდასაწყვეტია, მაგრამ "მეტრო რასინგში" ახალი ერა იწყება.

"ბრივი" ფრანგული რაგბის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბია. ეს გუნდი შარშან მეორე დივიზიონში გადაბარგდა. ფინანსურად კლუბი მყარად დგას ორივე ფეხზე. მისი თამაშის ყველაზე დადებითი მხარე გაუვალი დაცვაა, რომელიც მაშინაც კი, როცა პირველი დივიზიონიდან მეორეში გავარდა, საუკეთესო იყო.

"ბრივს" პირველ დივიზიონში ასპარეზობის უდიდესი გამოცდილება აქვს და, ვფიქრობთ, იქ ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს.

კლუბთან კონტრაქტი გააფორმეს, გაეტან ჟერმენმა, დამიან ნევემ, კირან მერფიმ, ალფი მაფიმ და ტომას სანშოუმ. თუმცა გუნდს დანაკარგიც სერიოზული აქვს: დავით ხინჩაგიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, ჟულიენ კამინატი, პუტასი ლუაფატუ და ჯიმი ნუნი.

* * *
საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" სტუმრად ითამაშებს "ბორდოსთან".

ტულუზელებისთვის პირველი ადგილის გარდა, სხვა ყველა შედეგი წარუმატებლობაა. გი ნოვე და კომპანია მზადაა დაივიწყოს გასული სეზონის ჩავარდნა და ისევ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

წლეულს გუნდი რამდენიმე მოთამაშით გაძლიერდა. ესენია: იაკუბა კამარა, ჟან-პასკალ ბარაქი, იოსეფ ტეკორი, ჩილიბოი რელეპელე და ჰოსე გეარი. გუნდიდან წასულების სიაშიც რამდენიმე ცნობილი მორაგბის გვარია: ჟან-ბატისტ პუ, ჟან ბუიუ, იანიკ ჟოზიონი, ლუკ ბარჯესი, გარი ბოთა და ნიკოლა სილვენი.

* * *
ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსე" სტუმრად ითამაშებს "გრენობლთან". ჩვენებურთა ამ გუნდის მიზანი, რომელიც საფრანგეთში უძველესია, ამჯერადაც პლეი ოფში მოხვედრაა.

პარიზელებს საამისოდ ყველაფერი აქვთ: ფინანსები, ახალი სტადიონი და შესანიშნავი მწვრთნელი გონსალო კესადა, რომელიც გუნდში წლეულს გადავიდა "მეტრო რასინგიდან".

"სტად ფრანსემ" მსოფლიო დონის ექვსი ვარსკვლავი შეიძინა: ესენია: დავით ქუბრიაშვილი, დიგბი იოანი, მორნი სტეინი, რიჩარდ კინგი, ჰეინკე ფან დერ მერვე და მეიერ ბოსმანი.

ერთი სიტყვით, ქართველ მორაგბეთა ათი გუნდიდან შვიდი პლეი ოფში მოხვედრას ეცდება და ჩემპიონატის ფავორიტობაზე აცხადებს პრეტენზიას.

I დივიზიონი
I ტური
მონპელიე-ტულონი, ბიარიცი-კლერმონი, ბაიონი-ოიონაქსი, ბორდო-ტულუზი, გრენობლი-სტად ფრანსე, მეტრო რასინგი-ბრივი, პერპინიანი-ძძკასტრი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული