ლეგიონი: შვიდი მოწინავე ჩვენია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მორიგი, მეოთხე ტურის შეხვედრები შუა კვირაში გაიმართა, რაც ძალზე იშვიათად ხდება.

ასეთი ტური სეზონში, შესაძლოა, ორი ან სამი გამოერიოს. აღსანიშნავია, რომ "შუა კვირის ტურის" შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველი შვიდი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებმა დაიკავეს.

გათამაშებას სათავეში მოექცა ფრანგული რაგბის ბოლო წლების ლიდერი და ერთობ უცნაური გუნდი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით გაანადგურა ბასკური "ბაიონი" - 55:0.

"ვულკანებმა" მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს. აქედან სამი სამხრეთაფრიკელი მესამეხაზელის, ჯერარდ ვოსლოოს ანგარიშზეა.

ზირაქაშვილი დაშავებულია და არ
უთამაშია, თუმცა "კლერმონის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტრავმა სერიოზული არ არის და ის კვირას გასამართ მატჩში გუნდის შემადგენლობაში იქნება.

"ვულკანებს" კვალში უდგას ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც მე-4 ტურში შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი" - 62:12. მასპინძელთა ცხრა ლელოდან ორი მგეზავად მოთამაშე მეთ გიტომ მიითვალა.

ჩილაჩავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი მოედანზე 47-ე წუთიდან გამოჩნდა და ათ წუთში გაასინბინეს, სამი წუთის შემდეგ თამაშში მიქაუტაძეც ჩაერთო, შველიძე განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზეა საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც საკუთარ მოედანზე დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" სძლია - 38:10.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა პირველი ტაიმი მხოლოდ ორი ქულის სხვაობით მოიგეს - 12:10, შესვენების შემდეგ კი მეტოქეს მონაგრის გაზრდის იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვეს.

ქუბრიაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო, ჟვანია და ფეიქრიშვილი ტრავმირებულნი არიან.

ლიდერებს დიდად არ ჩამორჩება ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელმაც შინ დამაჯერებლად სძლია დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" - 30:6.

სამწუხაროდ, სერიოზული ტრავმა აქვს ვასილ კაკოვინს, რომლის ნაცვლადაც "ტულუზმა", სამედიცინო ჯოკერის წესით, სამხრეთაფრიკელი შერკინების ბურჯი სხალკ ფერეირა დაიმატა. დაშავებულია ბრეგვაძეც, თუმცა მისი ტრავმა შედარებით მსუბუქია.

ხინჩაგიშვილს "მეტრო რასინგის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.

წლეულს გასვლით მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ".

ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად დაამარცხა ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო" - 36:29.

მონპელიელებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მე-13 წუთისთვის უკვე 13:0 იგებდნენ.

ბორდოელებმა ნელ-ნელა თამაში გააუმჯობესეს, ანგარიშიც მალე გაათანაბრეს, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც შვიდი ქულის სხვაობით წააგეს - 23:16. ეს ჩამორჩენა მასპინძლებმა მატჩის ბოლომდე ვერ აღმოფხვრეს და გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

სასიხარულოა, რომ ნარიაშვილმა ნელ-ნელა "მონპელიეს" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. ის შერკინების მარცხენა ბურჯის პოზიციაზე გუნდში პირველი ნომერია. "ბორდოსთან" მატჩში კვლავ ძირითადში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს. გორგოძე ტრავმირებულია, ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო.

გიორგი ჟღენტის "პერპინიანმა" შინ დაამარცხა "გრენობლი" 36:13 და ლიდერებს შორის გაერია.

კატალონიელები ახლა 10 ქულით მეექვსე ადგილზე არიან. ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 33-ე წუთზე შეცვალეს.

I დივიზიონი
IV ტური
კასტრი-სტად ფრანსე 38:10, ბორდო-მონპელიე 29:36, კლერმონი-ბაიონი 55:0, ოიონაქსი-ბიარიცი 24:22, პერპინიანი-გრენობლი 36:13, ტულონი-ბრივი 62:12, ტულუზი-მეტრო რასინგი 30:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 14 ქულა, 2. ტულონი - 13, 3. კასტრი - 12, 4. ტულუზი - 11, 5. მონპელიე - 11, 6. პერპინიანი - 10, 7. სტად ფრანსე - 10, 8. ბორდო - 9, 9. ბაიონი - 9, 10. ოიონაქსი - 8, 11. მეტრო რასინგი - 8, 12. გრენობლი - 8, 13. ბიარიცი - 6, 14. ბრივი - 5.

V ტური
მონპელიე-ტულუზი, ბრივი-ბაიონი, ბიარიცი-ტულონი, გრენობლი-ბორდო, ოიონაქსი-კასტრი, მეტრო რასინგი-პერპინიანი, სტად ფრანსე-კლერმონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული