ქართული ლეგიონი: გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის "ლიონი" ლიდერია

AutoSharing Option
ფოტოზე: გურამ კავთიძე

ტოპ 14-ისგან განსხვავებით, საფრანგეთის რიგით მეორე სარაგბო დივიზიონმა სტარტი ოდნავ მოგვიანებით აიღო, სადაც გასულ უქმეებზე მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

ჯერჯერობით სატურნირო ცხრილს 3 გამარჯვებით გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის "ლიონი" ლიდერობს.

გასულ ტურში ავსტრალიელი ტიმ ლეინის გაწვრთნილმა გუნდმა გასვლაზე გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, სანდრო თოდუას და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბი" დაამარცხა 30:10, თუმცა ბონუს-ქულა ვერ დაიმსახურა.

სტუმართა რიგებში კოლელიშვილი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო კავთიძემ 49-ე წუთზე ფრანგი ბურჯი ხავიერ ფიარდი ჩაანაცვლა.

მასპინძელთა რიგებში თოდუამ 74
წუთი დაჰყო მოედანზე, თეთრაშვილი კი შეხვედრაში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

* * *
უაღრესად დაძაბული შეხვედრა გაიმართა ბექა შეყლაშვილის "ბეზიესა" და ტარიელ რატიანიძის "აჟენს" შორის.

მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ შეყლაშვილი და 61 წუთი დაჰყო მოედანზე. იმ დროისთვის "ბეზიე" ფრანგი მარკ ბაჟეს, ავსტრალიელი ჰენარი ვერატუას და ჰამზა ზუჰარის ლელოებით დამაჯერებლად ამარცხებდა მეტოქეს - 30:10, თუმცა დასკვნით 20 წუთში რატიანიძის გარეშე მოასპარეზე "აჟენი" გამოფხიზლდა, 64-ე წუთზე ჯერ შეცვლაზე შემოსულმა მარბიელმა რემი ვაქუინმა ერთი ლელო გაქვითა, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთზე ახალზელანდიელმა გარემარბმა ვაკასედუადუამ ბურთიანად მოახერხა მეტოქის ჩათვლის მოედანში შეღწევა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 30:24, "ბეზიეს" სასარგებლოდ.

7 და ნაკლები ქულით წაგებული მატჩისათვის სტუმრებმა ბონუს-ქულა ჩაიწერეს თავის აქტივში და მე-4-მე-7 ადგილებს ინაწილებენ "ბეზიესთან", "ბურგუენთან" და "კოლომიერსთან".

* * *
ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი" ძალიან სუსტად გამოიყურება გასვლით მატჩებში. ამჯერად ისინი უშანსოდ დამარცხდნენ "ბურგუენთან" - 17:38.

სტუმართა შემადგენლობაში 80 წუთი ითამაშა ნაცარაშვილმა, "ჩაქუჩა" კი განაცხადში არ გახლდათ. ამჟამად "ორიაკი" 5 ქულით მეთერთმეტე საფეხურზე იმყოფება.

* * *
თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის "ბურგ ან ბრესმა" საკუთარ არენაზე ირაკლი მირცხულავას, გიორგი ნემსაძის და გიორგი ჩხაიძის "ტარბი" მიიღო და რთულ ბრძოლაში 23:16 დაამარცხა მეტოქე.

მასპინძელთა რიგებში ქართველი ლეგიონერები განაცხადში ვერ მოხვდნენ, "ტარბის" ღირსებას პირველივე წუთებიდან იცავდნენ მირცხულავა და ჩხაიძე, ხოლო ნემსაძე შეხვედრაში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე მატჩში დაძაბულობამ პიკს მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე მიაღწია: 75-ე წუთზე სტუმართა ახალზელანდიელმა მგეზავმა აშ მოეკემ საკუთარი გუნდის ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, თუმცა დარჩენილ დროში შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ - მასპინძელთა გამთამაშებელმა ბრუნო ლანცელემ მორკინალთა მიერ მოპოვებული საჯარიმო ზუსტად დაარტყა კარებში, პირადი მონაგარი 18 ქულამდე გაზარდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

"ბურგ ან ბრესს" 3 ტურის შემდეგ 6 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მერვე საფეხურზე იმყოფება. ქულათა იმავე რაოდენობით მეცხრეა "ტარბი", რომელიც მხოლოდ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობით ჩამორჩება მეტოქეს.

III ტური
სტად მონტოისი - კოლომიერსი 24:33; აჟენი - ლიონი 10:30; კარკასონი - ოში 30:27; ბეზიე - აჟენი 30:24; ბურგუენი - ორიაკი 30:17; ლა როშელი - დაქსი 23:10; ბურგ ან ბრესი - ტარბი 23:16; სექშენ პალასი - ნარბონი 25:15;

1. სატურნირო მდგომარეობა
ლიონი -13 ქულა; 2. სექშენ პალასი - 13; 3. ლა როშელი - 10; 4. ბეზიე - 9; 5. კოლომიერსი - 9; 6. აჟენი - 9; 7. ბურგუენი - 9; 8. ბურგ ან ბრესი - 6; 9. ტარბი - 6; 10. კარკასონი - 5; 11. ორიაკი - 5; 12. სტად მონტოისი - 5; 13. ოში - 5; 14. ნარბონი - 4; 15. დაქსი - 4; 16. ალბი - 1.

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული