ლეგიონერები: ქართველ მორაგბეთა ათი გუნდიდან ცხრა მოწინავეა

AutoSharing Option
ფოტოზე: დავით ზირაქაშვილმა ტრავმა მოიშუშა და სავარაუდოდ, "ბორდოსთან" თამაშს შეძლებს

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მერვე ტურის წინ ქართველ მორაგბეთა გუნდებს სატურნირო ცხრილში პირველი ცხრა საფეხური უკავიათ.

ეს სრულიად ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თოთხმეტი გუნდიდან ჩვენებურები ათში ასპარეზობენ.

სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელიც მერვე ტურში სტუმრად ითამაშებს დივიზიონის დებიუტანტ "ოიონაქსთან".

პატარა ქალაქის ეს გუნდი "ვეშაპებთან" ბრძოლაში თამამად ჩაება და განსაკუთრებით საშინაო მატჩებში არავის ეპუება.

ოიონაქსელებისთვის უმთავრესი ამოცანა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა. ამის მიღწევას კი
მას ბასკური "ბიარიცის" უჩვეულოდ სუსტი თამაში უადვილებს, რომელიც შვიდი ქულით ბოლო ადგილზეა.

"ტულონს", ცხადია, რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვს. ბურჯელალი და კომპანია მხოლოდ პირველობისთვის იბრძვის და საამისო პოტენციალიც რეალურად გააჩნია.

ტულონელების მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა ერთი ოცნება უკვე აიხდინა. გუნდი მართლაც გრანდად აქცია და ზღვისპირა, პატარა, კოხტა ქალაქი ტულონი ახლა მთლიანად რაგბით ცხოვრობს.

მიქაუტაძე "ტულონის" გაფართოებულ შემადგენლობაშია, ჩილაჩავა განაცხადში არ არის.

* * *
ტულონელებს ფეხდაფეხ მიჰყვება დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე", რომელმაც ბოლო წლების კრიზისი, როგორც ჩანს, დასძლია და ისევ ლიდერებში გაერია.

პარიზელები შესანიშნავად ასპარეზობენ და შვიდ მატჩში ხუთი გამარჯვება მოიპოვეს. მერვე ტურში მათი მეტოქე მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" იქნება, რომელიც "სტად ფრანსეს" ერთი ქულით ჩამორჩება.

მონპელიელები, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ტრავმების გამო აკლიათ, წლეულს ბევრად სოლიდურად გამოიყურებიან.

როგორც ჩანს, ფაბიენ გალტიემ მაინც შეძლო თავისი კონცეფციის გუნდში სრულად დანერგვა, რაც გუნდის თამაშს აშკარად დაეტყო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "მონპელიემ" სატრანსფერო სეზონზე ის პოზიციები გააძლიერა, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა და შედეგიც სახეზეა.

"სტად ფრანსესა" და "მონპელიეს" დაპირისპირება მერვე ტურში ყველაზე საინტერესოა. ამ თამაშში გამოვლინდება, რამდენად საფუძვლიანია ორივე გუნდის ამბიციები.

სამწუხაროდ, ტრავმირებულნი არიან და შეხვედრაში ვერ ითამაშებენ ქართველი მორაგბეები.

* * *
"სტად ფრანსეს" ასევე ერთი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელიც სტუმრად ეთამაშება მერვეადგილოსან გიორგი ჟღენტის "პერპინიანს".

ფრანგული რაგბის გრანდი წლეულს მომრავლებული დაშავებული მორაგბეების გამო მეტ-ნაკლებ კრიზისს განიცდის. ტულუზელები უკვე აღარ სახელდებიან უპირობი ფავორიტებად ნებისმიერ გუნდთან დაპირისპირების წინ.

ამჯერადაც, ბუქმეკერები პერპინიანელების გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ.

ცხადია, ასეთი განწყობა სულაც არ აქვთ გი ნოვეს და მის შეგირდებს. მეტიც, მათ შანსი აქვთ, წარმატების შემთხვევაში სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ. თუმცა საამისოდ მათ კატალონიელების გააფთრებული წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ, რომლებიც საშინაო არენაზე იოლად არავის არაფერს უთმობენ.

კაკოვინი და ბრეგვაძე ტრავმირებულნი არიან, ჟღენტი "პერპინიანის" გაფართოებულ შემადგენლობაშია.

* * *
20 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი", რომელიც ამჯერად სტუმრად ეთამაშება საფრანგეთის ჩემპიონს, მე-7 ადგილზე მყოფ ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს".

პარიზელები წლეულს საგრძნობლად მოღონიერდნენ. იმდენად, რომ ვარსკვლავების რაოდენობითა და ხარისხის მიხედვით "ტულონს" ბევრად არ ჩამოუვადებიან. თუმცა, როგორც ჩანს, მორაგბეებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს კარგად შეთამაშება.

კარგი, მებრძოლი და მწყობრად მოთამაშე გუნდის შექმნას დრო სჭირდება, რომლის გასვლის შემდეგაც "მეტრო რასინგი", სავარაუდოდ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "კასტრს" წლეულს ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. თუმცა ეს გუნდი არასტაბილურობით გასულ სეზონშიც გამოირჩეოდა, მაგრამ დასკვნით, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ყველაზე უკეთ შეძლო ძალების კონცენტრაცია და სენსაცია გამოაცხო. ძნელი სავარაუდოა, რომ კასტრელებმა იგივე წლეულს მოახერხონ.

ხინჩაგიშვილი "მეტრო რასინგის" გაფართოებულ შემადგენლობაშია, ფეიქრიშვილი ტრავმირებულია.

* * *
თავისთვის უჩვეულო, მეექვსე ადგილზეა დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელიც მერვე ტურში შინ ეთამაშება ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს".

"ვულკანებმა", რომელიც პირველ დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი გუნდია, წლეულს თავი არასტაბილური თამაშით გამოიჩინეს, რასაც, ცხადია, ობიექტური მიზეზებიც აქვს. ჩვენებურის გუნდს ტრავმების გამო ბევრი მოთამაშე აკლია.

დაშავებული გახლდათ ზირაქაშვილიც, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და სავარაუდოდ, "ბორდოსთან" თამაშს შეძლებს.

* * *
დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის ქართველ მორაგბეთა ერთადერთი გუნდი, გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი", რომლიც სტუმრად ეთამაშება "გრენობლს".

ჩვენებურთა გუნდს აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, რათა სახიფათო ზონას დროებით მაინც დააღწიოს თავი. შველიძე ტრავმირებულია, ასეიშვილი, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, I დივიზიონი
VIII ტური
სტად ფრანსე-მონპელიე, ოიონაქსი-ტულონი, ბაიონი-ბიარიცი, კასტრი-მეტრო რასინგი, გრენობლი-ბრივი, პერპინიანი-ტულუზი, კლერმონი-ბორდო.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 22 ქულა, 2. სტად ფრანსე - 22, 3. მონპელიე - 21, 4. ტულუზი - 21, 5. მეტრო რასინგი - 20, 6. კლერმონი - 19, 7. კასტრი - 16, 8. პერპინიანი - 16, 9. ბორდო - 16, 10. გრენობლი - 16, 11. ბრივი - 15, 12. ოიონაქსი - 13, 13. ბაიონი - 12, 14. ბიარიცი - 7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული