ლეგიონი: ლაშა მალაღურაძის 23 ქულა, გიორგი მჭედლიშვილის ლელო

AutoSharing Option
ფოტოზე: ბექა ურჯუკაშვილი და სიმონ მაისურაძე (16)

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში ხუთი ტურის შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდები ორ ჯგუფში ლიდერობენ, კიდევ ორში კი საპლეიოფო ზონასთან არიან ახლოს.

მე-5 ტურში პირველი მარცხი იწვნია A ჯგუფის ლიდერმა, დავით აშვეთიას, შალვა სუთიაშვილის, ელიზბარ ყუფარაძის, არჩილ კობაურისა და დავით დადუნაშვილის "მასიმ".

პარიზელებმა სტუმრად წააგეს აუტსაიდერთან, რევაზ გიგაურისა და თემურ გელანტიას "მონლუსონთან" - 18:23.

გიგაურმა სრულად ითამაშა, გელანტია თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო, ყუფარაძე 54-ე წუთზე აშვეთიამ შეცვალა, სუთიაშვილს, დადუნაშვილს და კობაურს არ უთამაშიათ.

"მასის" შემდეგ ქართველთა გუნდებიდან საუკეთესო სატურნირო მდგომარეობა ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერს" აქვს, რომელიც 13 ქულით მესამე ადგილზეა.

ჩვენებურის ამ გუნდმა სტუმრად დაამარცხა გიორგი ტორაძისა და შოთა საყვარელიძის "სენ ჟან დანჟელი" - 43:18. საყვარელიძე თამაშში მე-20 წუთიდან ჩაერთო, ტორაძე მოედანზე 50-ე წუთიდან გამოჩნდა, გუჯარაიძეს არ უთამაშია.

ფედერალ 1
A ჯგუფი
ნევერი-ლილი 29:15, ბობინი-დიჟონი 42:10, მონლუსონი-მასი 23:18, ვანი-კონიაკი 65:19, სენ ჟან დანჟელი-სენ ნაზერი 18:43.

სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 21 ქულა, 2. ნევერი - 17, 3. ვანი - 15, 4. ლილი - 13, 5. სენ ნაზერი - 13, 6. კონიაკი - 10, 7. სენ ჟან დანჟელი - 9, 8. ბობინი - 7, 9. დიჟონი - 5, 10. მონლუსონი - 2.

B ჯგუფში სამხელისუფლებიანობაა, 16 ქულა ერთბაშად სამმა გუნდმა დააგროვა. თუმცა ლიდერი მაინც ავთანდილ კოპალიანის "მაკონია", რომელმაც სტუმრად წააგო "ლა სეინთან" - 13:16.

კოპალიანი თამაშში 50-ე წუთზე ჩაერთო და ათ წუთში მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა.

მეორე გამარჯვება მოიპოვა ზერო პეტრიაშვილისა და მერაბ კვირიკაშვილის "ვიენმა", რომელმაც სტუმრად მოუგო აუტსაიდერ გიორგი კუთარაშვილის "ანესის" - 25:20. პეტრიაშვილი და კუთარაშვილი ერთდროულად, 49-ე წუთზე შეცვალეს, კვირიკაშვილს არ უთამაშია.

B ჯგუფი
ლა ვულე-შამბერი 30:25, ლა სეინი-მაკონი 16:13, შალონი-ექსი 19:9, ობენა-რომანი 16:3, ანესი-ვიენი 20:25.

სატურნირო მდგომარეობა
1. მაკონი - 16 ქულა, 2. ექსი - 16, 3. ობენა - 16, 4. შამბერი - 14, 5. რომანი - 11, 6. ლა სეინი - 1, 7. ვიენი - 10, 8. ლა ვულე - 10, 9. შალონი - 9, 10. ანესი - 6.

C ჯგუფში შესანიშნავი სტარტის შემდეგ საგრძნობლად მოიკოჭლებს თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძის, გიორგი გაბელიასა და ირაკლი ნატრიაშვილის "პერიგო", რომელმაც მე-5 ტურში სტუმრად წააგო "ლანჟონისთან" - 8:12.

ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა. სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ. "პერიგოს" ახლა 14 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.

C ჯგუფი
ლანჟონი-პერიგო 12:8, ტულე-სენ ჟან დე ლუზი 10:16, ლორმონი-ლიმოჟი 22:18, ლავორი-როდეზი 24:12, ენდაი-მონტობანი 20:52.

სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 23 ქულა, 2. ლანჟონი - 20, 3. სენ ჟან დე ლუზი - 17, 4. პერიგო - 14, 5. ლავორი - 11, 6. ლიმოჟი - 11, 7. ლორმონი - 10, 8. როდეზი - 6, 9. ტულე - 4, 10. ენდაი - 1.

საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა და შარშანდელზე ბევრად უკეთესად თამაშობს ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, ბექა ურჯუკაშვილის, გიორგი მჭედლიშვილისა და ლადო გუნიავას "ბაგნერე". ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა აუტსაიდერი "ლურდი" - 43:8.

მჭედლიშვილმა, რომელიც თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, ლელო 70-ე წუთზე გაიტანა; მალაღურაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, გუნდს 23 ქულა მოუტანა (ოთხი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო), მაისურაძე და ურჯუკაშვილი მოედანზე ერთდროულად, 48-ე წუთიდან გამოჩნდნენ, გუნიავას ასპარეზობის საშუალება 53-ე წუთიდან მიეცა.

ბაგნერეს ახლა 12 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. მას რეალურად შეუძლია პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლოს.

D ჯგუფი
ბლანიაკი-მოლეონი 36:13, ბაგნერე-ლურდი 43:8, ოლორონი-ლანამეზანი 29:22, ტიროსი-აგეტმო 33:3, ვალანსი-კასტანე 18:24.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 21 ქულა, 2. ოლორონი - 20, 3. ლანამეზანი - 15, 4. ბლანიაკი - 15, 5. ბაგნერე - 12, 6. აგეტმო - 9, 7. მოლეონი - 9, 8. კასტანე - 8, 9. ვალანსი - 6, 10. ლურდი - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული