შეგახსნებთ, რომ აქ სატურნირო ცხრილის პირველი ექვსი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ. ესენია: "ტულონი", "მონპელიე", "ტულუზი", "სტად ფრანსე", "კლერმონი" და "პერპინიანი".
ტურის ცენტრალური მატჩი ტულუზში გაიმართება, სადაც ფრანგული რაგბის გრანდი, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის ადგილობრივი გუნდი გათამაშების ამჟამინდელ ლიდერს, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს" დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ "ტულონის" ლიდერობა პირობითია, რადგან მასსავით 27 ქულა "ტულუზის" გარდა კიდევ ერთ გუნდს, "მონპელიეს"
ამასთან ერთად, ისიც საგულისხმოა, რომ ერთი კვირის წინათ საოცარ თამაშში დაამარცხეს ინგლისური "სარასენზი", რომელიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
ერთი სიტყვით, ყოფილ ტულუზელს, ფრედერიკ მიშალაკს, რომელიც ამჟამად "ტულონის" ღირსებას იცავს, გი ნოვეს დამოძღვრილი გუნდი ამ ეტაპზე საუკეთესოდ მიაჩნია.
"კარგად ვიცი "ტულუზს" რა შეუძლია. ამ მატჩისთვის ძალიან დაძაბულები ვემზადებით. არ მგონია მოვიგოთ, რადგან დღესდღეობით "ტულუზზე" ძლიერი გუნდი საფრანგეთში არ არის", - თქვა მიშალაკმა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ყველაფერი 26 ოქტომბერს ფრანგული რაგბის მექაში დაპირისპირებისას გამოჩნდება. ჩილაჩავა და მიქაუტაძე სტუმართა გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში არიან, კაკოვინი და ბრეგვაძე ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ.
ლიდერთა სამეულის მესამე წევრი, მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" სტუმრად ითამაშებს ბასკურ "ბაიონთან", რომელიც 16 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.
ჩვენებურთა გუნდს შანსი აქვს, თუ მეტოქეს პრემიალურ ქულასაც აართმევს, ერთპიროვნულად გალიდერდეს. თუმცა, ისიც ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ბასკები ამ თამაშისთვის საკმაოდ სერიოზულად ემზადებიან.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მოთამაშეებს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალა და მთლიანად მომავალი მატჩისთვის კონცენტრირებას ცდილობენ.
"მონპელიეს" ტრავმების გამო კაპიტანი ფლუჟანს ოუდრაოგო და სამხრეთაფრიკელი შუამარბი ვინანდ ულიფიე დააკლდება. გორგოძე და ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ.
ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსე", რომელიც პარიზულ დერბიში დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" დაუპირისპირდება. ამ გუნდს დღემდე 22 ქულა დაუგროვდა და მე-9 ადგილზეა.
"სტად ფრანსემ", როგორც ჩანს, კრიზისს თავი დააღწია და წლევანდელ სეზონში ჩემპიონობას უმიზნებს. პლეი ოფში მოხვედრის შანსი არც "მეტრო რასინგს" აქვს დაკარგული და ეს გუნდიც საკმაოდ ამბიციურია. მეტოქეები ერთმანეთის პირისპირ თითქმის საბრძოლო შემადგენლობებით წარსდგებიან. ცხადია, ტრავმების გამო მცირე დანაკლისი ორივე გუნდს აქვს, თუმცა ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ მატჩის დაძაბულობასა და ხარისხზე გავლენა არ უნდა იქონიოს.
ხინჩაგიშვილი "მეტრო რასინგის" გაფართოებულ შემადგენლობაშია, ქუბრიაშვილი და ჟვანია "სტად ფრანსეს" განაცხადში არ არიან.
"სტად ფრანსეს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელიც შინ მიიღებს წლეულს ელიტაში დაბრუნებულ კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივს".
"ვულკანები", მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ახალზელანდიელი მწვრთნელი, ვერნ კოტერი სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს, ძველებურად მძლავრი, სწრაფი და დინამიური თამაშით გამოირჩევიან. ამასთან ერთად, "კლერმონს" უკვე ორ წელიწადზე მეტია შინ არ წაუგია.
ბრიველებმა ბოლო ტურებში წარმატებით იასპარეზეს და სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწიეს. თუმცა გუნდს სტუმრად თამაში ჯერ კიდევ უჭირს და რა გასაკვირია, თუ ფავორიტებად მასპინძლები არიან მიჩნეულნი.
ზირაქაშვილი და შველიძე ტრავმირებულნი არიან და ვერ ითამაშებენ, ასეიშვილი "ბრივის" გაფართოებულ შემადგენლობაშია.
"კლერმონს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეექვსე ადგილზეა გიორგი ჟღენტის "პერპინიანი", რომელიც შინ დაუპირისპირდება ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს". ბორდოელებს 21 ქულა აქვთ და მეათე ადგილზე არიან. კატალონიური გუნდი, რომელსაც მორიგი ფრანგი მულტიმილიონერი დაეპატრონა, ნელ-ნელა ძალას იკრებს და მოკლე ხანში, გამორიცხული არ არის, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოგვევლინოს.
ჟღენტი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაშია, ნავროზაშვილი კი, რომლის დებიუტიც "ბორდოში" ევროთასებზე შედგა, არ ითამაშებს.
უცნაურია, მაგრამ ქარველ მორაგბეთა გუნდებიდან ყველაზე ცუდი სატურნირო მდგომარეობა მოქმედ ჩემპიონს, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" აქვს, რომელიც შინ ეთამაშება აუტსაიდერ "ბიარიცს".
I დივიზიონი. X ტური
ბაიონი-მონპელიე, ტულუზი-ტულონი, კასტრი-ბიარიცი, გრენობლი-ოიონაქსი, პერპინიანი-ბორდო, კლერმონი-ბრივი, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 27 ქულა, 2. მონპელიე - 27, 3. ტულუზი - 27, 4. სტად ფრანსე - 26, 5. კლერმონი - 25, 6. პერპინიანი - 24, 7. გრენობლი - 23, 8. ბრივი - 22, 9. მეტრო რასინგი - 22, 10. ბორდო - 21, 11. კასტრი - 20, 12. ოიონაქსი - 17, 13. ბაიონი - 16, 14. ბიარიცი - 8.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"