ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას ლელო

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში ჯგუფური ეტაპი დასრულდა. პლეი ოფში თამაშის უფლება ქართველ მორაგბეთა ხუთმა გუნდმა მოიპოვა.

აქედან სამი: "ტულონი", "ტულუზი" და "კლერმონი" ყველაზე პრესტიჟული, "ჰაინეკენის თასის" მეოთხედფინალში ითამაშებს, "ბრივი" და "სტად ფრანსე" კი "ემლინ ჩელენჯ კაპისთვის" განაგრძობენ ბრძოლას.

საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" A ჯგუფში ასპარეზობდა და მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ჩვენებურის გუნდი ბოლო ტურში სტუმრად დაუპირისპირდა ინგლისურ "ნორსჰემპთონს" და 3:13 წააგო. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა დაშავდა და 27-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო ირლანდიურმა "ლენსტერმა", რომელმაც შინ უელსური
"ოსფრიზი" დაამარცხა - 36:3 და 22 ქულა დააგროვა. ლენსტერელები, ცხადია, მეოთხედფინალში იასპარეზებენ.

B ჯგუფის გამარჯვებული ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონია", რომელმაც ექვსი თამაშიდან ხუთი მოიგო და 24 ქულა მოაგროვა.

ტულონელებმა ბოლო ტურში სტუმრად დაამარცხეს შოტლანდიური "გლაზგო" - 15:8 და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ტიტულის დაცვას სერიოზულად ეცდებიან.

მიქაუტაძე თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა თადარიგში იყო, თუმცა არ უთამაშია.

C ჯგუფიდან მეოთხედფინალში ორი გუნდი მოხვდა. აქ პირველი ადგილი ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" დაიკავა, რომელსაც 23 ქულა დაუგროვდა.

მეორე ადგილზე გასულ ინგლისურ "სარასენზს" კი 20 ქულა აქვს და ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.

ბოლო ტურში "ტულუზი" სტუმრად ეთამაშა იტალიურ "ზებრეს" და 16:6 მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ ტულუზელები ჯგუფის აუტსაიდერს თითქმის უძლიერესი შემადგენლობით ეთამაშნენ, გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდათ. ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან და არ უთამაშიათ.

თავის მხრივ, "სარასენზმა" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა ირლანდიური "ქონოთი" - 64:6.

D ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზა დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა", რომელმაც შეჯიბრების ეს ეტაპი ერთი ამოსუნთქვით განვლო. ბოლო ტურში "ვულკანებმა" შინ დაამარცხეს დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" - 28:3. პარიზელებმა, თანამემამულეებისგან განსხვავებით, ევროპას თავი ვერაფრით დაამახსოვრეს და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ.

ზირაქაშვილი განაცხადში არ იყო, ხინჩაგიშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

E ჯგუფში მოასპარეზე მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" მესამე ადგილი დაიკავა.

ბოლო ტურში მონპელიელებმა იტალიურ "ბენეტონს" უმასპინძლეს და 24:5 დაამარცხეს. გორგოძე 59-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილმა სრულად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფიდან პლეი ოფში ორი გუნდი გავიდა: ირლანდიური "ალსტერი" და ინგლისური "ლესტერ ტაიგერზი". მათი შეხვედრა ინგლისში ირლანდიელების გამარჯვებით დასრულდა - 22:19.

წარუმატებლად იასპარეზა F ჯგუფში მყოფმა ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდმა. დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" 12 ქულა დააგროვა და მესამე ადგილს დასჯერდა. შოტლანდიურმა კლუბმა ბოლო ტურის შეხვედრა სტუმრად გამართა ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ ირლანდიურ "მანსტერთან" და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 6:38. ბასილაიას არ უთამაშია.

გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" კი შვიდი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა. კატალონიელებმა გათამაშება შინ ინგლისურ "გლოსტერთან" მარცხით დაასრულეს - 18:36.

ჟღენტმა ტრავმა მოიშუშა და თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
ლენსტერი-ოსფრიზი 36:3, ნორსჰემპთონი-კასტრი 13:3
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 22 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 17, 3. კასტრი - 9, 4. ოსფრიზი - 5.

B ჯგუფი
გლაზგო-ტულონი 8:15, კარდიფი-ექსეტერი 13:19
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 24 ქულა, 2. კარდიფი - 14, 3. ექსეტერი - 12, 4. გლაზგო - 11.

C ჯგუფი
სარასენზი-ქონოთი 64:6, ზებრე-ტულუზი 6:16
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 23 ქულა, 2. სარასენზი - 20, 3. ქონოთი - 13, 4. ზებრე - 0.

D ჯგუფი
კლერმონი-მეტრო რასინგი 28:3, ჰლანეჰლი-ჰარლიქვინზი 20:22
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 24 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 16, 3. ჰლანეჰლი - 11, 4. მეტრო რასინგი - 7.

E ჯგუფი
ლესტერი-ალსტერი 19:22, მონპელიე-ბენეტონი 24:5
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 26 ქულა, 2. ლესტერი - 21, 3. მონპელიე - 11, 4. ბენეტონი - 0.

F ჯგუფი
მანსტერი-ედინბურგი 38:6, პერპინიანი-გლოსტერი 18:36
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 23 ქულა, 2. გლოსტერი - 14, 3. ედინბურგი - 12, 4. პერპინიანი - 7.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდიდან ბრძოლას ორი განაგრძობს.

C ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზა გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა", რომელმაც ექვსი თამაშიდან ხუთი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.

ბრიველებმა ბოლო ტურში იტალიურ "კალვიზანოს" უმასპინძლეს და 31:9 მოუგეს. შველიძე მოედანზე მე-60 წუთიდან გამოჩნდა, ასეიშვილი განაცხადში არ იყო.

პლეი ოფში გავიდა ასევე E ჯგუფში მოასპარეზე დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე".

პარიზელებმა სტუმრად ითამაშეს პორტუგალიურ "ლუზიტანოსთან" და მეტოქეს 48:15 სძლიეს.

ჟვანიამ 46-ე წუთზე ლელო გაიტანა და ერთი წუთის შემდეგ შეცვალეს, ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე ათი წუთით მეტი დაჰყო.

ამავე ჯგუფიდან მეოთხედფინალში გავიდა ინგლისური "ლონდონ აირიში", რომელმაც სტუმრად დაამარცხა იტალიური "პრატო" - 49:0.

B ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა ასპარეზობა ზაზა ნავროზაშვილის "ბორდომ", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად წააგო ჯგუფის გამარჯვებულ ინგლისურ "ბასთან" - 13:54. შერკინების ქართველ ბურჯს არ უთამაშია.

ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
ვორსტერი-ოიონაქსი 20:13, ბიარიცი-სეილ შარქსი 7:9
სატურნირო მდგომარეობა
1. სეილ შარქსი - 23 ქულა, 2. ბიარიცი - 16, 3. ოიონაქსი - 12, 4. ვორსტერი - 7.

B ჯგუფი
ბასი-ბორდო 54:13, მოლიანო-ნიუპორტი 12:24
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 28 ქულა, 2. ბორდო - 14, 3. ნიუპორტი - 14, 4. მოლიანო - 0.

C ჯგუფი
ბრივი-კალვიზანო 31:9, ნიუკასლი-ბუქარესტი 28:0
სატურნირო მდგომაროება
1. ბრივი - 23 ქულა, 2. ნიუკასლი - 19, 3. ბუქარესტი - 10, 4. კალვიზანო - 2.

D ჯგუფი
გრენობლი-ბაიონი 34:16, ვოსფსი-ვიადანა 64:17
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 26 ქულა. 2. ბაიონი - 15, 3. გრენობლი - 12, 4. ვიადანა - 2.

E ჯგუფი
ლუზიტანოსი-სტად ფრანსე 15:48, პრატო-ლონდონ აირიში 0:49
სატურნირო მდგომარეობა
1. ლონდონ აირიში - 24 ქულა, 2. სტად ფრანსე - 24, 3. პრატო - 11, 4. ლუზიტანოსი - 0.

* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, უკვე გამოიკვეთა ის ოთხი გუნდი, რომლებიც პირველ დივიზიონში გადასასვლელად რეალურად იბრძოლებენ.

პლეი ოფის კიდევ ერთ საგზურზე კი პრეტენზიას ერთბაშად ხუთი გუნდი აცხადებს.

მოწინავეთა შორის ქართველ მორაგბეთა ორი გუნდია: "ლიონი" და "აჟენი". პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობენ "ტარბი" და "ორიაკი".

ტარიელ რატიანიძის "აჟენმა" სტუმრად ითამაშა "მონ დე მარსანთან" და დაძაბულ ბრძოლაში 12:9 გაიმარჯვა.

შერკინების ქართველი ბურჯი ტრავმირებულია და არ უთამაშია. აჟენელები ახლა 57 ქულით მეორე ადგილზე არიან და გურამ კავთიძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონს" ოთხი ქულით ჩამორჩებიან.

ლიონელთა დაპირისპირება სტუმრად "ნარბონთან" გვიან ღამით დამთავრდა.

გიორგი ნემსაძის, გიორგი ჩხაიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია "კარკასონთან" დაპირისპირებაში - 31:26.

ამ მოგებით ჩვენებურთა გუნდი საპლეიოფო ხუთეულს მნიშვნელოვნად დაუახლოვდა. ჩხაიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, ექვს წუთში თამაშში მირცხულავა ჩაერთო, ხუთი წუთის შემდეგ კი მოედანზე ნემსაძეც გამოჩნდა, რომელიც მატჩის არბიტრმა 67-ე წუთზე სინბინში გაუშვა.

"ტარბს" ახლა 42 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. მას სამი ქულით ჩამორჩება და მეცხრე საფეხურზე იმყოფება ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელმაც სტუმრად წააგო "დაქსთან" - 16:30.

დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო.

სახიფათო ზონას დაშორდა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე", რომელმაც შინ დაამარცხა თორნიკე ლომიძის "ოში" - 22:12. ეს უკანასკნელი 22 ქულით ბოლო ადგილზეა. ქართველ პირველხაზელებს არ უთამაშიათ.

ისევ სახიფათო ზონაშია მერაბ შარიქაძის, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი", რომელიც სტუმრად ვერას გახდა "პოსთან" - 15:34. მჭედლიძემ სრულად ითამაშა, შარიქაძე მოედანზე 67-ე წუთიდან გამოჩნდა, სულუაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბი" შინ დამარცხდა "ლა როშელთან" - 12:25 და სახიფათო ზონას მიუახლოვდა. ქართველი მორაგბეებიდან მხოლოდ თეთრაშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 50-ე წუთიდან გამოჩნდა და შვიდ წუთში მატჩის არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

II დივიზიონი
XVII ტური
მონ დე მარსანი-აჟენი 9:12, დაქსი-ორიაკი 30:16, ბეზიე-ოში 22:12, პო-ბურგ ან ბრესი 34:15, ალბი-ლა როშელი 12:25, კარკასონი-ტარბი 26:31.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 61 ქულა, 2. აჟენი - 57, 3. პო - 55, 4. ლა როშელი - 54, 5. ნარბონი - 43, 6. ტარბი - 42, 7. კოლომიე - 41, 8. ბურგუენი - 39, 9. ორიაკი - 38, 10. დაქსი - 35, 11. ბეზიე - 35, 12. მონ დე მარსანი - 32, 13. ალბი - 29, 14. ბურგ ან ბრესი - 25, 15. კარკასონი - 22, 16. ოში - 22.

XVIII ტური
ლიონი-ალბი, ტარბი-ბურგ ან ბრესი, აჟენი-ბეზიე, ორიაკი-ბურგუენი, ოში-კარკასონი, დაქსი-ლა როშელი, ნარბონი-პო, კოლომიე-მონ დე მარსანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული