ქართული ტრანსფერები: მჭედლიძე - "აჟენში", კავთიძე - "ბურგ ან ბრესში"

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო დარჩა, თუმცა კლუბები უკვე აქედანვე, წინდაწინ იჭერენ თადარიგს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ელიტური, მეორე დივიზიონის ერთ-ერთმა ლიდერმა "აჟენმა" საქართველოს ნაკრების გარემარბ თამაზ მჭედლიძეს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"აჟენი" მეორე დივიზიონში მეორე ადგილზეა და დიდი შანსია, რომ მომავალ სეზონში პირველ დივიზიონში ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში უკვე თამაშობს ქართველი შერკინების ბურჯი ტარიელ რატიანიძე.

"აჟენისთვის" ქართველი მოთამაშეები უცხონი არ არიან. აქვე ირჯებოდნენ საქართველოს ნაკრების წევრები - ანტონ ფეიქრიშვილი და ირაკლი მაჩხანელი.

მეორე დივიზიონის ლიდერმა "ლიონმა"
კი შერკინების ქართველი ბურჯი გურამ კავთიძე ამავე დივიზიონის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბურგ ან ბრესში" გაანათხოვრა.

კავთიძეს იშვიათად უწევდა ლიონელთა ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა და ამიტომ, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, ეს გუნდი, სადაც სამი ქართველი მორაგბე - მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე და გიორგი სულუაშვილი თამაშობენ, კარგი ვარიანტია.

ამრიგად, დღესდღეობით ელიტაში მოთამაშე ჩვენს ლეგიონერებში ასეთი მდგომარეობაა: დავით ზირაქაშვილმა - "კლერმონთან", ლევან ჩილაჩავამ - "ტულონთან" და ვასილ კაკოვინმა "ტულუზთან" სამ-სამი წლით გაახანგრძლივეს კონტრაქტები.

მამუკა გორგოძე "მონპელიედან" "ტულონში" გადაბარგდება. ანტონ ფეიქრიშვილი საფრანგეთის ჩემპიონის, "კასტრის" რიგებს დატოვებს და პარიზულ "მეტრო რასინგს" მიაშურებს. ორივემ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გოდერძი შველიძემ - პირველი დივიზიონის "ბრივთან", ხოლო ლექსო ყაულაშვილმა მეორე დივიზიონის "ლა როშელთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

ამასთან ერთად, მოქმედი კონტრაქტები აქვთ: გიორგი ჟღენტს - "პერპინიანთან" 2017 წლამდე, ხოლო დავით ხინჩაგიშვილს - "მეტრო რასინგთან", მიხეილ ნარიაშვილს - "მონპელიესთან", კარლენ ასეიშვილს - "ბრივთან", დავით ქუბრიაშვილსა და ზურაბ ჟვანიას - "სტად ფრანსესთან" 2016 წლამდე.

ჯერ კიდევ დაუდგენელია, რომელ გუნდში განაგრძობენ კარიერას საქართველოს ნაკრების წევრები - ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი) და მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი).

კოლელიშვილი წლევანდელი სეზონის დასაწყისში "ლიონში" "კლერმონმა" გაანათხოვრა და, სავარაუდოდ, მომავალი სეზონიდან ის ისევ "ვულკანების" კვართს მოირგებს.

ბასილაიას "ედინბურგთან" კონტრაქტი წლეულს უმთავრდება და დარჩება თუ არა ამ გუნდში, მას შემდეგ გადაწყდება, როცა ეროვნული ნაკრებიდან შოტლანდიაში დაბრუნდება.

იმედი გვაქვს, რომ ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი (და არა მარტო ქართულის) მერაბ შარიქაძე "ბურგ ან ბრესს" დატოვებს და გაცილებით მაღალი დონის კლუბში განაგრძობს კარიერას.

ჯერჯერობით კონკრეტული გუნდის დასახელება ჭირს, თუმცა, როგორც მერაბმა ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მისი მენეჯერი უკვე მუშაობს რამდენიმე სასურველ ვარიანტზე.

საფრანგეთი
I დივიზიონი
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ანტონ ფეიქრიშვილი, დავით ხინჩაგიშვილი (ორივე - მეტრო რასინგი), მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე (სამივე - ტულონი), დავით ქუბრიაშვილი, ზურაბ ჟვანია (ორივე - სტად ფრანსე), მიხეილ ნარიაშვილი, ლაშა ლომიძე, გაგი ბაზაძე (სამივე - მონპელიე), გიორგი ჟღენტი (პერპინიანი), ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე (ორივე - ტულუზი), ზაზა ნავროზაშვილი (ბორდო), გოდერძი შველიძე, კარლენ ასეიშვილი (ორივე - ბრივი).

II დივიზიონი
ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), კახაბერ კობერიძე, ალექსანდრე თოდუა, ვახტანგ მაისურაძე, ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი, ხვიჩა ბუჯიაშვილი (ყველა - ალბი), ირაკლი მირცხულავა, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჩხაიძე (სამივე - ტარბი). ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნაცარაშვილი (ორივე - ორიაკი), ტარიელ რატიანიძე, თამაზ მჭედლიძე, (ორივე - აჟენი), ბექა შეყლაშვილი (ბეზიე), თორნიკე ლომიძე (ოში), მერაბ შარიქაძე და გიორგი სულუაშვილი, გურამ კავთიძე (სამივე - ბურგ ან ბრესი), ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა საჭირო და საინტერესო ინფორმაციისთავის

მე-3 და მე-4 ლიგებსაც თუ გავწვდებით უკეთესი. ზოგადად ერთი კარგი სტატია ზოგადად ყველა ლეგიონერზე კარგი იქნებოდა - კლუბი, კონტრაქტი, პოზიცია.

წინასწარ მადლობა
GiorgiG83
11:16 05-02-2014
0

სიახლეები პოპულარული