ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას მეორე ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში წლეულს ბოლო, მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც სატურნირო ცხრილმა სრულიად მოულოდნელი სახე მიიღო. ეგრეთ წოდებული ზამთრის ჩემპიონი ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსე" გახდა.

პარიზელებმა მე-14 ტურში შინ მიიღეს ევროპისა და საფრანგეთის ჩემპიონი, მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" და მეტოქე 30:6 დაამარცხეს.

"სტად ფრანსემ" თამაში აღმავლობით ჩაატარა. ტულონელთა დამარცხებაში ლომის წილი საქართველოს ნაკრების პირველხაზელმა ზურაბ ჟვანიამ დაიდო, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 30-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ მატჩის მიწურულს ისევ მოედანზე
დაბრუნდა და 78-ე წუთზე ლელო გაიტანა.

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჩილაჩავა 50-ე წუთზე შეცვალეს, მიქაუტაძემ ათი წუთით მეტი ითამაშა, ქუბრიაშვილი მოედანზე 65-ე წუთიდან გამოჩნდა.

"სტად ფრანსემ" ამ გამარჯვების შემდეგ "ტულონს" ორი ქულით გაუსწრო და პირველ ადგილზეა. მას სამი ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად მატჩის ბოლო წუთზე წააგო "ლიონთან" - 13:16. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილი ტრავმირებულია.

საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელმაც შინ დაამარცხა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი, დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" - 15:9. კაკოვინი თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილი ტრავმირებულია.

ზაზა ნავროზაშვილის "ბორდომ", რომელიც მე-5 ადგილზეა, შინ დიდი ანგარიშით სძლია კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "ბრივს" - 46:10. ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-40 წუთზე შეცვალეს. იმავდროულად, თამაშში ჩაერთო ფეიქრიშვილიც, ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო.

სტუმრად "კასტრთან" დამარცხდა მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" - 9:27. ამ გუნდში, სავარაუდოდ, მთავარი მწვრთნელის კონსულტანტად შესაძლოა ცნობილი სამხრეთაფრიკელი მწვრთნელი ჯეკ ვაითი მიიწვიონ. ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.

ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა" შინ დაამარცხა "გრენობლი" - 19:15. ქართველი პირველხაზელი 73-ე წუთზე შეცვალეს.

I დივიზიონი
XIV ტური
ტულუზი-მეტრო რასინგი 15:9, ბორდო-ბრივი 46:10, კასტრი-მონპელიე 27:9, ლა როშელი-გრენობლი 19:15, ოიონაქსი-ბაიონი 12:9, ლიონი-კლერმონი 16:13, სტად ფრანსე-ტულონი 30:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 44 ქულა, 2. ტულონი - 42, 3. კლერმონი - 41. 4. მეტრო რასინგი - 37, 5. ბორდო - 35, 6. ტულუზი - 33, 7. გრენობლი - 33, 8. მონპელიე - 31, 9. ოიონაქსი - 29, 10. ბაიონი - 28, 11. ბრივი - 27, 12. ლიონი - 26, 13. ლა როშელი - 25, 14. კასტრი - 24.

XV ტური
ლიონი-სტად ფრანსე, მეტრო რასინგი-ბორდო, გრენობლი-ოიონაქსი, კასტრი-ლა როშელი, ბრივი-ბაიონი, მონპელიე-ტულონი, კლერმონი-ტულუზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული