ქართული ლეგიონი: მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა.

აქ ორხელისუფლებიანობა დაირღვა და ლიდერობა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" იგდო ხელთ.

ტულონელებმა სტუმრად ითამაშეს "გრენობლთან" და მასპინძლები 35:24 დაამარცხეს. ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" საქართველოს ნაკრების მორაგბეები, მესამეხაზელი მამუკა გორგოძე და პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"ქართველი "სტად დე ალპზე" საკუთარი გუნდის წარმატების არქიტექტორი იყო. მატჩის შედეგი დიდწილად შერკინებებში მის მიერ გაწეულმა შრომამ განაპირობა. ყოველთვის, როდესაც მწვრთნელები ახალზელანდიელი კარლ ჰეიმანის ნაცვლად
სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ჩილაჩავას ანდობენ, ის ამ ნდობას სრული პასუხისმგებლობით ეკიდება და დავალებას წარმატებით ასრულებს", - წერს "მიდი ოლიმპიკი".

ეს კი გორგოძის თამაშის შეფასებაა:

"ტულონში" გადასვლის დღიდან ქართველი მესამეხაზელი პირველად გაისარჯა დამაჯერებელად. მან უკვე ის თამაში შემოგვთავაზა, რომელიც მის სტატუსს შეეფერება. "გრენობლთან" ჰიპერაქტიურმა გორგოძემ 22 ბოჭვა გააკეთა."

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჩილაჩავა 68-ე წუთზე შეცვალეს, მიქაუტაძე მოედანზე სამი წუთის შემდეგ გამოჩნდა. გორგოძე ტურის საუკეთესო მბოჭავადაც დაასახელეს.

ტულონელები ახლა უახლოეს მდევარს, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" სამი ქულით უსწრებენ. "ვულკანებმა" შინ მოულოდნელად წააგეს "ოიონაქსთან" - 10:11, რაც ძალიან იშვიათად ხდება. "კლერმონის" შემადგენლობაში მხოლოდ ზირაქაშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 70-ე წუთიდან გამოჩნდა; კოლელიშვილი ტრავმირებულია.

"ვულკანებს" ერთი ქულით ჩამორჩება დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე", რომელმაც სტუმრად ფრედ ითამაშა ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელთან" - 19:19.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, ყაულაშვილი თამაშში 34-ე წუთიდან ჩაერთო, ჟვანიამ მოედანზე მატჩის ბოლო რვა წუთი დაჰყო.

თანაბარი, 57-57 ქულა დაუგროვდათ და პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვთ ქართველ მორაგბეთა გუნდებს, "მეტრო რასინგს" და "ტულუზს".

დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" შინ ფრეს დასჯერდა მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიესთან" - 24:24. ნარიაშვილმა, რომელიც 53-ე წუთზე შეცვალეს, 30-ე წუთზე ლელო გაიტანა, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" კი შინ მოუგო ერთ-ერთ აუტსაიდერს, ბასკურ "ბაიონს" - 20:17. კაკოვინი ტრავმირებულია.

გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტის, კარლენ ასეიშვილისა და ანტონ ფეიქრიშვილის "ბრივმა" შინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "ლიონთან" მატჩში - 22:20.

შველიძე და ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ორივე 41-ე წუთზე შეცვალეს. შველიძის ნაცვლად თამაშში ასეიშვილი ჩაერთო, ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო. "ბრივი" 44 ქულით მე-11 ადგილზეა და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

I დივიზიონი
XXII ტური
ლა როშელი-სტად ფრანსე 19:19, მეტრო რასინგი-მონპელიე 24:24, ბრივი-ლიონი 22:20, კლერმონი-ოიონაქსი 10:11, ტულუზი-ბაიონი 20:17, გრენობლი-ტულონი 24:35, კასტრი-ბორდო 22:20.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 65 ქულა, 2. კლერმონი - 62, 3. სტად ფრანსე - 61, 4. მეტრო რასინგი - 57, 5. ტულუზი - 57, 6. ოიონაქსი - 53, 7. მონპელიე - 50, 8. გრენობლი - 48, 9. ბორდო - 47, 10. ლა როშელი - 46, 11. ბრივი - 44, 12. კასტრი - 42, 13. ბაიონი - 42, 14. ლიონი - 35.

XXIII ტური
სტად ფრანსე-ტულუზი, ლა როშელი-ტულონი, ბაიონი-გრენობლი, ბრივი-მონპელიე, ლიონი-ბორდო, ოიონაქსი-მეტრო რასინგი, კასტრი-კლერმონი.

* * *
მეორე დივიზიონში გიორგი ნაცარაშვილის "პომ" ელიტური, პირველი დივიზიონის საგზური რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე მოიპოვა. ჩვენებურის ეს გუნდი 27-ე ტურში შინ შეხვდა "მონტობანს" და 31:5 დაამარცხა. ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს.

პლეი ოფში მოსახვედრად ქართველ მორაგბეთა კიდევ ოთხი გუნდი იბრძვის. დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი" 77 ქულით მესამე ადგილზეა. კატალონიელებმა შინ ერთ-ერთი აუტსაიდერი, "დაქსი" დაამარცხეს - 37:8. მჭედლიშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო.

"პერპინიანს" სამი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი", რომელმაც სტუმრად შეძლო შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და ვახტანგ ახობაძის "მასის" დამარცხება - 29:27.

სუთიაშვილმა სრულად ითამაშა. ის მოედანზე გამორჩეული იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 75-ე წუთზე ლელო გაიტანა, იქამდე კი, პირველ ტაიმში სინბინში წასვლაც მოასწრო. მატჩის არბიტრმა მას ყვითელი ბარათი 35-ე წუთზე უჩვენა. ყუფარაძე თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო, ოცი წუთის შემდეგ მოედანზე თეთრაშვილიც გამოჩნდა. ჩვენებურთაგან სხვას არავის უთამაშია.

პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვიან "ქართული გუნდები", "ალბი" და "ორიაკი". ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბიმ" სწორედ ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკს" უმასპინძლა და 28:16 მოუგო.

შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი 55-ე წუთზე შეცვალეს, შეყლაშვილმა მოედანი შვიდი წუთის შემდეგ დატოვა. პირველი ტაიმის 32-ე წუთზე კი არბიტრმა სინბინში გაუშვა.

II დივიზიონი
XXVII ტური
პო-მონტობანი 31:5, ბეზიე-ნარბონი 23:22, მასი-აჟენი 27:29, მონ დე მარსანი-ტარბი 47:19, ალბი-ორიაკი 28:16, ბიარიცი-კარკასონი 28:11, ბურგუენი-კოლომიე 23:11, პერპინიანი-დაქსი 37:8.

სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 93 ქულა, 2. პერპინიანი - 77, 3. აჟენი - 74, 4. მონ დე მარსანი - 73, 5. ბიარიცი - 72, 6. ალბი - 68, 7. ორიაკი - 67, 8. კოლომიე - 61, 9. ბეზიე - 59, 10. მონტობანი - 58, 11. კარკასონი - 54, 12. ტარბი - 53, 13. ბურგუენი - 45, 14. ნარბონი - 43, 15. დაქსი - 42, 16. მასი - 36.

XXVIII ტური
კარკასონი-მასი, კოლომიე-ბიარიცი, დაქსი-ალბი, მონტობანი-მონ დე მარსანი, ნარბონი-ბურგუენი, ტარბი-ბეზიე, აჟენი-პო, ორიაკი-პერპინიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული