დავით ბოლღაშვილი: "ლილი" მეორე დივიზიონში გიორგი ჩხაიძის ლელომ გადაიყვანა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ფინალში ქართველ მორაგბეთა გუნდებმა "ლილმა" და "ექსმა" გააღწია. შედეგად, ორივე მათგანმა ელიტური, მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა.

ფაქტი, მით უფრო სასიხარულოა, რომ "ლილის" მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი დავით ბოლღაშვილია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საკმაოდ გრძელი და რთული გზა განვლო. შესაბამისად, ელიტაში თამაშის უფლებაც დამსახურებულად მოიპოვა.

მიღწეული წარმატებისა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ ქართველ მწვრთნელს საფრანგეთში დავუკავშირდით.

- უწინარესად, წარმატებას გილოცავთ. "ლილმა" ორი მატჩის ჯამში "ნევერი" დაამარცხა და ელიტაში თამაშის უფლება
მოიპოვა. გვიამბეთ ამ მნიშვნელოვანი დაპირისპირების შესახებ.

- ნახევარფინალში ორჯერ ვითამაშეთ ფედერალ 1 დივიზიონის საუკეთესო გუნდთან. "ნევერის" ბიუჯეტი ჩვენსას სამჯერ აღემატება და 5,5 მილიონ ევროს შეადგენს. ასეთი დაფინანსება მეორე დივიზიონის ბევრ გუნდს არ აქვს. შესაბამისად, ეს გუნდი საკმაოდ ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. მან რეგულარული გათამაშება დაუმარცხებლად განვლო - თვრამეტი თამაშიდან თვრამეტივე მოიგო. "ნევერი" ჩვენს ჯგუფში ასპარეზობდა და ორივე თამაში მოგვიგო. ასე რომ, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა.

- როგორ შეძელით, რა ხერხით მიაღწიეთ ასეთ ძლიერ გუნდთან საბოლოო გამარჯვებას?
- პირველ, საშინაო მატჩში ძალიან კარგად ვითამაშეთ და მეტოქეს 23:10 მოვუგეთ. ეს უკვე სენსაცია იყო. თუმცა მაინც არავის სჯეროდა, რომ "ნევერი" უფრო დიდი სხვაობით არ დაგვამარცხებდა განმეორებით შეხვედრაში. გვეუბნებოდნენ, სტუმრად გასამართ შეხვედრაში შანსი არ გაქვთო.

თუმცა, როგორც მოვლენების განვითარებამ გვიჩვენა, ასე არ მოხდა. მართალია, დავმარცხდით 13:24, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთზე, როცა 16 ქულით ვაგებდით, ლელო გიორგი ჩხაიძემ გაიტანა და "ლილი" მეორე დივიზიონში გადაიყვანა.

- "ნევერთან" ლილელთა ორივე ქართველმა ითამაშა?
- ჩხაიძეზე უკვე გითხარით. ძალიან ნაყოფიერად და კარგად იასპარეზა. გიო სორდია თამაშში ბოლო 25 წუთი ჩაერთო და ძალიან აქტიურად ირჯებოდა.

- მეორე დივიზიონი ფედერალ დივიზიონთან შედარებით გაცილებით მაღალი დონის გუნდებითაა დაკომპლექტებული. რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავთ "ლილში", რათა მომავალ სეზონში ღირსეულად იასპარეზოთ?
- ცხადია, მომავალი სეზონი გაცილებით რთული იქნება. მეორე დივიზიონში ისეთი გუნდები თამაშობენ, როგორებიცაა "ბაიონი", "ლიონი", "პერპინიანი" და "ბიარიცი". ეს ორი უკანასკნელი საფრანგეთის ჩემპიონები იყვნენ არცთუ დიდი ხნის წინათ.

ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის. თუ მეორე დივიზიონში ადგილის შენარჩუნება გვინდა, დაახლოებით კიდევ 10 მორაგბის დამატება მოგვიწევს.

- ჩხაიძე და სორდია გუნდში დარჩებიან?
- დიდი ალბათობით, დიახ, დარჩებიან. სპორტული თვალსაზრისით მათთან პრეტენზია არავის აქვს. ახლა კლუბის მეპატრონეს უნდა მოელაპარაკონ ახალი კონტრაქტის თაობაზე.

- სხვა ქართველ მორაგბეს არავის დაიმატებთ?
- სავარაუდოდ დავიმატებთ. მინდა ერთი პირველხაზელი მოვიწვიო შერკინების გასაძლიერებლად. მოლაპარაკებას უკვე ვაწარმოებთ ერთ-ერთ მათგანთან. თუმცა, რადგან ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მის ვინაობას ვერ დავასახელებ.

- აგერ, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში მშვენიერი პირველხაზელებიც გვყავს...
- ვნახე ჩვენი ახალგაზრდების მატჩები. კარგი მორაგბეები არიან, მაგრამ აქ უკანა ხაზის პრობლემა არ არის. მთავარია შერკინება იყოს მაგარი, თუ არადა, თამაშს თავი უნდა დაანებოო - ასე ამბობენ საფრანგეთში. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებიდან უკანახაზელების მოწვევა ესპუართა გუნდებში შეიძლება. თუ იქ თავს გამოიჩენენ, მერე წინ ვერაფერი დაუდგებათ.

- ლილი საფეხბურთო ქალაქია. რაგბის გუნდის წარმატებას არ ზეიმობენ?
- როგორ არა. ფრანგული რაგბის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ჩრდილოეთის გუნდი ელიტაში აღზევდა. ცხადია, თუ არ ჩავთვლით პარიზის გუნდებს "სტად ფრანსეს", "მეტრო რასინგსა" და "მასის".

ახლა მთავარია დაფინანსების გაზრდა, თორემ სტადიონი და ინფრასტრუქტურა ისეთი გვაქვს, ბევრ პირველდივიზიონელს შეშურდება. ზეიმი მალე დამთავრდება და წინ აურაცხელი სამუშაო გველოდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული