ლეგიონი: სამი ქართველი საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში

AutoSharing Option
ფოტოზე: დავით ზირაქაშვილი რაკში თამაშისას
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ფინალისტების ვინაობა გაირკვა. ესენია: "კლერმონი" და "სტად ფრანსე". ორივე მათგანი ქართველი მორაგბეებისაა. შედეგად, ფინალში სამი ქართველი მორაგბე ითამაშებს.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" ფინალში ნამდვილად არავინ ელოდა, თუმცა პარიზელებმა ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მაქსიმალურად მობილიზება შეძლეს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სოლიდურ რაგბის თამაშობენ.

"სტად ფრანსემ" ჯერ თანაქალაქური "მეტრო რასინგი" გამოთიშა გათამაშებას, რომელსაც საკმაოდ დამაჯერებლად გაუსწორდა, ნახევარფინალში კი პარიზულ გუნდს ვერაფერი დააკლო მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა",
რომელმაც წლეულს ზედიზედ მესამედ მოიპოვა ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტული.

"სტად ფრანსემ" გათამაშების ფავორიტს 33:16 სძლია და ფინალში გააღწია. "ტულონის" შემადგენლობაში, სამწუხაროდ, არც ერთი ქართველი არ იყო. ვარჯიშზე კუნთი გაიწყვიტა და ერთი თვის შემდეგ შეძლებს ვარჯიშის დაწყებას საქართველოს ნაკრების პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა; გორგოძე და მიქაუტაძე ჯანმრთელად არიან, მაგრამ ბერნარ ლაპორტმა ისინი შემადგენლობაში არ დააყენა.

პარიზელთა რიგებში ქუბრიაშვილი 70-ე წუთიდან გამოჩნდა, ჟვანია განაცხადში არ იყო.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში, სადაც დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" ვასილ კაკოვინის "ტულუზს" დაუპირისპირდა, დაძაბული ბრძოლა წარიმართა.

ტულუზელებმა სეზონი არასტაბილურად ჩაატარეს. დასაწყისში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ ძალების მობილიზება შეძლეს და პლეი ოფში გააღწიეს. მეტიც, ისინი ფავორიტებადაც მიიჩნეოდნენ.

"კლერმონმა" მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა შეძლო - 18:14 და წლეულს მეორე ფინალს ითამაშებს. პირველ ფინალში "ვულკანებმა" ჩემპიონთა თასზე "ტულონთან" წააგეს. რა მოხდება მომავალ შაბათს "სტად დე ფრანსზე", ძნელი სათქმელია.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილი ტრავმირებულია, კაკოვინი განაცხადში არ იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული