დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" სტუმრად ითამაშა ოიონაქსთან და სოლიდური სხვაობით, 41:24 გაიმარჯვა. "ვულკანები" ლიდერების არყოფნაში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებში მსოფლიოს თასისთვის ემზადებიან, შესანიშნავად ასპარეზობენ და ქულათა მაქსიმუმი აიღეს. კლერმონელებმა სამივე მატჩი პრემიალური ქულით მოიგეს და ახლა 15 ქულით ლიდერობენ გათამაშებას.
ზირაქაშვილი და კოლელიშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ინგლისში არიან საწვრთნელ შეკრებაზე.
"კლერმონს" კვალში უდგას ვასილ კაკოვინის "ტულუზი",
კაკოვინმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 63-ე წუთზე შეცვალეს.
უმნიშვნელოვანესი და უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად "ბორდოსთან" მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" - 24:22. მასპინძლებმა რამდენჯერმე შეძლეს ანგარიშში დაწინაურება, თუმცა ჩვენებურის გუნდმა მაინც შეძლო მეტოქის წინააღმდეგობის საბოლოოდ დაძლევა.
ნარიაშვილი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია.
პირველი მარცხი განიცადა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა". პარიზელებმა სტუმრად წააგეს გიორგი თეთრაშვილისა და თამაზ მჭედლიძის "აჟენთან" - 18:30. თამაში ძალზე დაძაბული გამოდგა. მატჩის არბიტრმა ოთხი მორაგბე სინბინში გაუშვა, ერთს კი წითელი ბარათი უჩვენა.
ხინჩაგიშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, თეთრაშვილი მოედანზე თერთმეტი წუთის შემდეგ გამოჩნდა, მჭედლიშვილი საქართველოს ნაკრებშია.
პირველი გამარჯვება მოიპოვა მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონის" ვარსკვლავურმა გუნდმა, რომელმაც ყველასთვის "მოულოდნელად", სტუმრად დაამარცხა საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, ზურაბ ჟვანიას, დავით ქუბრიაშვილისა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" - 20:13.
ამ ექვსეულიდან ხუთი ამჟამად საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის ემზადება. მელიქიძე თადარიგში იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.
ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა" შინ დაამარცხა გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივი" - 21:18. ყაულაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, შველიძე და ჟღენტი განაცხადში არ იყვნენ, ასეიშვილი საქრთველოს ნაკრებშია.
გიორგი ნაცარაშვილის "პომ", რომელიც პირველი დივიზიონის დებიუტანტია, სტუმრად წააგო "გრენობლთან" - 41:15. ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო.
I დივიზიონი
III ტური
ოიონაქსი-კლერმონი 21:41, ლა როშელი-ბრივი 21:18, გრენობლი-პო 41:15, აჟენი-მეტრო რასინგი 30:18, ტულუზი-კასტრი 37:20, ბორდო-მონპელიე 22:24, სტად ფრანსე-ტულონი 13:20
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 15 ქულა, 2. ტულუზი - 12, 3. გრენობლი - 10, 4. მონპელიე - 9, 5. მეტრო რასინგი - 8, 6. კასტრი - 6, 7. ბრივი - 5, 8. ტულონი - 5, 9. ოიონაქსი - 5, 10. ბორდო - 5, 11. ლა როშელი - 5, 12. სტად ფრანსე - 4, 13. აჟენი - 4, 14. პო - 4.
IV ტური
კასტრი-ოიონაქსი, ტულონი-ლა როშელი, მეტრო რასინგი-გრენობლი, მონპელიე-სტად ფრანსე, კლერმონი-ბორდო, ბრივი-აჟენი, პო-ტულუზი.
* * *
მეორე დივიზიონში სამი ტურის შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან დაუმარცხებლად მხოლოდ ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი" ასპარეზობს. ამ გუნდის გასვლითი მატჩი "მონტობანთან" გადაიდო. პირველი მარცხი განიცადა ლაშა ლომიძის "ბეზიემ". ლანგედოკელებმა შინ წააგეს ერთპიროვნულ ლიდერ "ლიონთან", რომელმაც პირველი დივიზიონი წლეულს დატოვა. ლომიძე ეროვნულ ნაკრებშია.
ელიზბარ ყუფარაძის "დაქსმა" წლევანდელ სეზონში პირველად მოიგო. დაქსელებმა შინ მოუგეს ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონს" - 31:28.
ყუფარაძე თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო, ფეიქრიშვილი მოედანზე ოთხი წუთის მერე გამოჩნდა.
ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბიმ" სტუმრად დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" - 20:9. მაისურაძემ სრულად ითამაშა, შეყლაშვილი 51-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანმა" შინ დაამარცხა "მონ დე მარსანი" - 14:9. მჭედლიშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ბასილაია მოედანზე 69-ე წუთიდან გამოჩნდა. კატალონიელებმა ორი თამაშიდან ორივე მოიგეს, ერთი კი თადარიგში აქვთ. "პერპინიანს" რვა ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. ის ელიტურ, პირველ დივიზიონში გადაბარგების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია "ლიონთან" ერთად.
გიორგი ნემსაძის, კახაბერ კობერიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ დაამარცხა გიორგი ზაქაშვილის "ექსი" - 28:10. ზაქაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავა თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, კობერიძე მოედანზე 12 წუთის შემდეგ გამოჩნდა, ნემსაძე საქართველოს ნაკრებშია.
II დივიზიონი
III ტური
ბეზიე-ლიონი 23:28, პერპინიანი-მონ დე მარსანი 14:9, ბიარიცი-ალბი 9:20, კოლომიე-კარკასონი 31:9, ნარბონი-ბურგუენი 18:13, ტარბი-ექსი 28:10, დაქსი-ბაიონი 31:28, მონტობანი-ორიაკი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 12 ქულა, 2. ორიაკი - 9, 3. ბეზიე - 9, 4. ბაიონი - 9, 5. ალბი - 9, 6. კოლომიე - 9, 7. პერპინიანი - 8, 8. ნარბონი - 8, 9. ტარბი - 5, 10. მონტობანი - 5, 11. დაქსი - 4, 12. კარკასონი - 4, 13. ბურგუენი - 2, 14. მონ დე მარსანი - 2, 15. ბიარცი - 1, 16. ექსი - 0.
IV ტური
ალბი-პერპინიანი, ექსი-ბიარიცი, ორიაკი-ტარბი, ბეზიე-ნარბონი, ლიონი-მონტობანი, მონ დე მარსანი-კოლომიე, კარკასონი-დაქსი, ბაიონი-ბურგუენი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"