მურად ბურჯელალის "ვარსკვლავეთს" ასეთი კაშკაშა ვარსკვლავი, ცხადია, კიდევ უფრო გაანათებს. ამასთან ერთად, შუამარბის პოზიციაზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის. თავად განსაჯეთ, ნონუს მეტოქეები ფრანგები: მატიო ბასტარო და მაქსიმ მერმოსი იქნებიან, რომლებიც "ლე ბლოს" შემადგენლობაში წამყვანი მორაგბეები არიან.
რადგან მაა ნონუ ახალი ზელანდიიდან ევროპაში გადმობარგდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის "ოლ ბლექსში" აღარ ითამაშებს. თუმცა, გამორიცხული არაფერია.
"მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს და პირადად მურად ბურჯელალს, რომელმაც მომცა საშუალება, ამ ბრწყინვალე გუნდში მეთამაშა და მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა "ტულონის" კვართს მოვირგებ.
"ტულონმა" ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ მოიგო. ამ გუნდში ბევრი კარგი მორაგბეა, რომელთა წინააღმდეგაც არაერთხელ მითამაშია და მალე ერთად მოგვიწევს გამარჯვებისთვის ბრძოლა.
"ტულონი" ძლიერი გუნდია და ამიტომ ყველა მაქსიმალურად ცდილობს, მასთან გამარჯვება მოიპოვოს. ჩამოვედი საფრანგეთში, რათა ჩემი გამოცდილება და შესაძლებლობა გუნდს მოვახმარო და წარმატებას მივაღწიოთ", - თქვა მან ტულონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ მაა ნონუმ ეროვნულ გუნდში 103 კეპი მოიხვეჭა და ორჯერ გახდა მსოფლიოს თასის მფლობელი 2011 და 205 წლებში.
"ის მსოფლიოს თასის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებულია. ვფიქრობთ, "ტულონისთვის" ის შესანიშნავი შენაძენია. ამით ამაყები ვართ, რადგან ჩვენი გუნდის მორაგბე უდიდესი მოთამაშე გახდა.
მისი განვლილი მიღწევები შესანიშნავია და იმედი მაქვს, რომ "ტულონში" კიდევ მეტს შეძლებს", - თქვა მურად ბურჯელალმა.
აღსანიშნავია, რომ ნონუზე რამდენიმე კვირით ადრე "ტულონში" ჩაირიცხა ავსტრალიის ნაკრების მგეზავი ქუეიდ კუპერი. აქვე თამაშობს დიდი ხანია ახალზელანდიელის ძველი მეტოქე, ასევე ავსტრალიელი მეთ გიტო, რომელთან ერთადაც ამიერიდან მეტოქეების წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.
"ტულონში", ავსტრალიელების გარდა, ახალზელანდიელ მორაგბეებსაც უთამაშიათ.
"ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ტანა უმაგასთან, რომელიც აქ თამაშობდა. კარგად ვიცნობ სონი ბილ ვილიამსსა და კრის მასოს. ამასთან ერთად, ინგლისში მსოფლიოს თასის ფინალის შემდეგ მეთ გიტოსაც ველაპარაკე. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რა კარგი სარაგბო ქალაქია ტულონი, რა ერთგული და ომახიანი ქომაგობა იციან გულშემატკივრებმა.
მინდა გითხრათ, რომ ჩემი ოჯახისთვის ეს შესანიშნავი ცხოვრების წესია", - დასძინა მაა ნონუმ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არა პაპა 2015ში კი არა, არამედ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 205 წელს გახდა ))))))