ევროპის თასების გათამაშებებში გამოტოვებული შეხვედრები გაიმართა. ყველაზე პრესტიჟულ, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ხუთმა გუნდმა იასპარეზა.
B ჯგუფში მოასპარეზე დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" სტუმრად ითამაშა "ბორდოსთან" და 28:10 გაიმარჯვა. "ვულკანების" რიგებში კოლელიშვილმა სრულად ითამაშა და გუნდში გამორჩეული იყო. ზირაქაშვილი ტრავმირებულია.
"კლერმონს" ახლა ოთხი ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერია. მომავალ უქმეებზე ქართველთა ეს გუნდი სტუმრად ეთამაშება უელსურ "ოსფრიზს", რომელიც მას ორი ქულით ჩამორჩება.
შესანიშნავად ასპარეზობს დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი". ახალზელანდიელი დენ კარტერით
"მეტრო რასინგი" 17 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ ინგლისურ "ნორსჰემპთონს" შვიდი ქულით უსწრებს. მომავალ უქმეებზე პარიზელები შინ მიიღებენ ჯგუფის აუტსაიდერს, უელსურ "ჰლანეჰლის".
საგრძნობლად გამოიკეთა სატურნირო მდგომარეობა საფრანგეთის ჩემპიონმა, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ". ჩვენებურთა ამ კიდევ ერთმა პარიზულმა გუნდმა შინ დაამარცხა ირლანდიური "მანსტერი" - 27:7.
"სტად ფრანსე" ახლა 14 ქულით მეორე ადგილზეა და მომავალ უქმეებზე ისევ ირლანდიურ კლუბს დაუპირისპირდება, ოღონდ ამჯერად მეტოქის მოედანზე.
საკმაოდ მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს პლეი ოფში გასასვლელად ჩემპიონთა თასის ამჟამინდელ მფლობელს, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს". ჩვენებურთა ეს გუნდი შინ ინგლისურ "ბასს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 12:9 დაამარცხა.
ტულონელები 12 ქულით მეორე ადგილზე არიან და ლიდერს, ინგლისურ "ვოსფს" ორი ქულით ჩამორჩებიან. მორიგ, მეხუთე ტურში "ტულონი" შინ სწორედ მას ეთამაშება.
"ბასთან" შეხვედრაში ნეკნები დაიშავა გუნდის არგენტინელმა მესამეხაზელმა ხუან მარტინ ფერნანდეს ლობემ, ხოლო ავსტრალიელმა ჯეიმზ ოკონორმა ტვინის შერყევა მიიღო.
ერთი სიტყვით, ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსს ქართველ მორაგბეთა ყველა ფრანგული გუნდი ინარჩუნებს.
ჩემპიონთა თასი. გამოტოვებული
ტულონი-ბასი 12:9
მეტრო რასინგი-გლაზგო 34:10
სტად ფრანსე-მანსტერი 27:7
ბორდო-კლერმონი 10:28
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"