"ტულონის" ულტიმატუმი ქართველებს: ნაკრებში თუ წახვალთ, ხელფასს ვერ მიიღებთ!

AutoSharing Option
ივნისის სარაგბო ტესტებზე საქართველოს ნაკრებს შესაძლოა, საკადრო პრობლემა შეექმნას. ამის მიზეზი ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ "ტულონის" პრეზიდენტი მურად ბუჯელალია.

მან განაცხადა, რომ კლუბის ის მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებს ივნისის ტესტებზე გაჰყვებიან, ამ თვის ხელფასს ვერ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში ეროვნული ნაკრების სამი (სულ ხუთი ქართველია) წევრი თამაშობს: მამუკა გორგოძე, კონსტანტინე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა.

ბუჯელალმა განაცხადა, რომ ის არ არღვევს არანაირ წესს - ნებისმიერ მოთამაშეს უშვებს სანაკრებო ტესტებზე, მაგრამ
არ აპირებს მათი სანაკრებო ოდისეის დაფინანსებას.

პრობლემა მხოლოდ ქართველ მორაგბეებს არ შეექმნებათ. უელსელი ლაი ჰალპენის ზელანდიური ტურნეც ნაწილობრივ (ნაწილობრივ ტრავმის) გამო არ შედგება. ასევე დილემის წინაშე არიან "ტულონის" სამხრეთაფრიკელი მორაგბეები.

სხვათა შორის, საფრანგეთის ნაკრების ხელმძღვანელობამაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ივნისის ტესტებზე იმ მორაგბეებს არ გამოიძახებს, რომელთა კლუბები პლეი ოფში თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველთათვის აღნიშნული პრობლემა მოულოდნელი არ არის. ახლო წარსულში არაერთ ჩვენებურს გაუკეთებია არჩევანი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ და შემოსავალი მოუკლია.

ივნისში საქართველოს ნაკრები ტესტებს ოკეანეთში მართავს. 11 ივნისს სამოას ესტუმრება, 18-ში ფიჯიში ტონგას დაუპირისპირდება და ბოლოს, 25 ივნისს იქვე ფიჯის შეერკინება. თქმა არ უნდა, რომ ეს ტურნე "ბორჯღალოსნებისთვის" ძალზე მნიშვნელოვანია.

მსოფლიო რაგბის მე-9 პუნქტი კლუბს აიძულებს, გაუშვას მორაგბე ოფიციალურ სანაკრებო შეხვედრებში, მაგრამ იქ არაფერი წერია ფინანსურ საკითხზე.

"ივნისში 4-5 მორაგბე მხოლოდ იმის გამო შეიძლება დავკარგოთ, რომ მათი ფედერაციები ამხანაგურ მატჩებს თამაშობენ. არსებობს მე-9 პუნქტი, კი ბატონო, ყველას გავუშვებთ, მაგრამ არა ჩვენს ხარჯზე.

იმედი მაქვს, რომ ფედერაციები სათანადო პატივისცემას გამოხატავენ ტოპ 14-ისადმი, რადგან ეს ნამდვილი შეჯიბრებაა, სადაც მათ მორაგბეებს მთელი წლის განმავლობაში უვლიან", - განაცხადა ბუჯელალმა.

"ტულონი" ამჟამად ტოპ-14-ში მესამე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ სამი ოთხი ძალიან მნიშვნელოვანის თითო თვის ხელფასი არა მგონია იმხელა იყოს ფედერაციამ ვერ შესძლოს გადახდა. თუ არადა სამივე თამაშს წავაგებთ და ჩავალთ მეჩვიდმეტე ადგილზე
B-52
11:15 17-05-2016
0
კერძო ბიზნესის ენაა და სადღაც მართალია, მინიმუმ ასე იცავენ თავს ნაყიდი ლეგიონერების ტრამვებისაგან, იმდენი უნდა ჰქონდეს საქართველოს ფედერაციას რომ მინიმუმი მაინც გადაუხადოს ბიჭებს, რადგან საფრანგეთში ეს ხალხი ნაქირავებ ბინებში ფულს იხდის და ხელფასიც არა მგონია დიდი ჰქონდეთ...
სტრასბურღელი
02:14 13-05-2016
0

სიახლეები პოპულარული