რაგბი. ლეგიონი: თამაზ მჭედლიძის მეექვსე ლელო [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა.

ცნობილია პლეი ოფის მონაწილე ხუთი გუნდის ვინაობა. ესენი ქართველ მორაგბეთა კლუბები არიან: "კლერმონი", "ტულონი", "ტულუზი", "მონპელიე" და "მეტრო რასინგი". დარჩენილი ერთი ადგილისთვის კი "კასტრი" და "ბორდო" იბრძვიან.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან პლეი ოფში თამაშის უფლება ბოლოსწინა ტურში ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" მოიპოვა. ფრანგული რაგბის გრანდმა შინ მიიღო გათამაშების ლიდერი, დავით ზირაქაშვილისა
და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" და 22:11 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში "ვულკანები" დაწინაურდნენ, მასპინძლებმა მაინც შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და გამარჯვების მოპოვება.

ქართველთაგან მხოლოდ კოლელიშვილმა ითამაშა, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს.

ძალზე საინტერესო ბრძოლა შედგა მონპელიეში, სადაც "ჩელენჯ კაპის" წლევანდელმა გამარჯვებულმა, დავით ქუბრიაშვილისა და მიხეილ ნარიაშვილის გუნდმა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონი" დაამარცხა - 36:21. მონპელიელებმა ამ გამარჯვებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ჩემპიონობას სერიოზულად უმიზნებენ. თუმცა, პლეი ოფი სულ სხვა დატვირთვის მატარებელი ეტაპია და იქ სიურპრიზები არაერთხელ მომხდარა.

ნატრიაშვილის გარდა, ყველა ქართველმა ითამაშა. გორგოძემ ამჯერად მესამე ხაზში ითამაშა, მიქაუტაძის მეწყვილე კი სამუ მანოა იყო. საინტერესო იყო ჩილაჩავასა და ნარიაშვილის დაპირისპირება პირველ ხაზში, ქუბრიაშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს.

პლეი ოფში მოხვედრის მიზერული შანსი ჰქონდა კარლენ ასეიშვილის, გიორგი ჟღენტისა და გოდერძი შველიძის "ბრივს", მაგრამ ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ "ბორდოსთან" - 7:34. ქართველებიდან მხოლოდ ასეიშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 49-ე წუთიდან გამოჩნდა.

უცნაურია, მაგრამ საფრანგეთის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი, ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" ბოლო ტურის წინ მე-12 ადგილზეა და გავარდნას გადაურჩა. პარიზელებმა 25-ე ტურში შინ მიიღეს თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი" და 28:26 დაამარცხეს.

მჭედლიძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, 24-ე წუთზე ლელო გაიტანა. ეს მისი მეექვსე ლელოა მიმდინარე გათამაშებაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თეთრაშვილი მატჩში 62-ე წუთიდან ჩაერთო, ჟვანიას არ უთამაშია. სამწუხაროდ, "აჟენი" ამჟამად ბოლო ადგილზეა და მომავალ სეზონში მეორე დივიზიონში თამაში მოუწევს.

* * *
ამასობაში დასკვნითი ეტაპი დაიწყო ელიტურ, მეორე დივიზიონში. ნახევარფინალში მონაწილე ოთხი გუნდიდან სამი ქართველი მორაგბეებისა იყო. აქედან ორმა, "ორიაკმა" და "ბაიონმა" ფინალში გააღწია.

ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა" შინ მიიღო ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი" და 28:13 დაამარცხა. შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი 67-ე წუთზე შეცვალეს, გორგაძე მოედანზე 70-ე წუთიდან გამოჩნდა.

ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონმა" კი ასევე შინ სძლია "კოლომიეს" - 28:16. ქართველი შერკინების ბურჯი თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო.

ახლა, ფინალში, "ბაიონსა" და "ორიაკს" შორის გამარჯვებული პირველ დივიზიონში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ერთი საგზური დიდი ხნის წინათ უკვე მოიპოვა ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას "ლიონმა". 

TOP 14
XXV ტური
ლა როშელი-რასინგი 14:30
ბორდო-ბრივი 34:7
სტად ფრანსე-აჟენი 28:26
პო-გრენობლი 29:12
ოიონაქსი-კასტრი 20:25
ტულუზი-კლერმონი 22:11
მონპელიე-ტულონი 36:21

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 25 17 1 7 +255 83(13)
2. მონპელიე 25 18 0 7 +169 81(9)
3. რასინგი 25 17 1 7 +77 77(7)
4. ტულონი 25 15 0 10 +277 77(17)
5. ტულუზი 25 15 2 8 +248 74(10)
6. კასტრი 25 14 0 11 +133 67(11)
7. ბორდო 25 14 2 9 +90 67(7)
8. ბრივი 25 12 1 12 -41 57 (7)
9. ლა როშელი 25 11 0 14 -54 54(10)
10. გრენობლი 25 10 0 15 -135 47(7)
11. პო 25 10 1 14 -219 46(4)
12. სტად ფრანსე 25 9 0 16 -67 41(5)
13. ოიონაქსი 25 5 0 20 -409 23(3)
14. აჟენი 25 4 0 21 -319 22(6)

II დივიზიონი
პლეი ოფი
ორიაკი-მონ დე მარსანი 28:13
ბაიონი-კოლომიე 28:16

ფინალი
ორიაკი-ბაიონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული