რაგბი. ლეგიონი: ვინ იზეიმებს გამარჯვებას "ნოუ კამპზე"?

AutoSharing Option
დღეს, 24 ივნისს, ბარსელონაში, საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონი" დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" დაუპირისპირდება.

შეხვედრა საყოველთაოდ ცნობილ სტადიონ "ნოუ კამპზე" გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებამ უკვე მოხსნა საკლუბო მატჩზე დასწრების რეკორდი. "ტულონისა" და "მეტრო რასინგის" შეხვედრას 98 ათასი ქომაგი იხილავს ტრიბუნებიდან. რეკორდი კი 80 ათასი იყო, რომელიც ინგლისური კლუბების, "სარასენზისა" და "ჰარლიქვინზის" თამაშზე დაფიქსირდა.

"ტულონმა", რომლის ძირითად შემადგენლობაშიც ოთხიდან სამი ქართველი თამაშობს, ნახევარფინალში მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიეს" მოუგო - 27:18.

"ნახევარფინალში გამარჯვება და ფინალში გაღწევა ყველა მორაგბის ოცნებაა. მინდა ჩემპიონი გავხდე. უფრო დიდი სიხარულია, როცა ამ გრძნობის გაზიარება თანამემამულეებთან, ლევან ჩილაჩავასა და მამუკა გორგოძესთან შეგიძლია. მამუკა ამ მატჩში, უბრალოდ, შეუდარებელი იყო" - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ.

"ტულონს", რომელიც ვარსკვლავებითაა გადაჭედილი, ფინალში, შესაძლოა, ახალზელანდიელი შუამარბი მაა ნონუ დააკლდეს. ის სწორედ "მონპელიესთან" მატჩში დაშავდა.

შეხვედრა რომ დიდ ინტერესს იწვევს, გასაკვირი არაა. "ტულონზე" არანაკლებად დიდი მორაგბეები თამაშობენ "მეტრო რასინგშიც". მათ შორის გამორჩეული კი ახალზელანდიელი მგეზავი დენ კარტერია. მის კარგ თამაშზე ბევრადაა დამოკიდებული პარიზული გუნდის წარმატება.

საინტერესოა, რომ "მეტრო რასინგს" ტულონელებზე არანაკლებ მდიდარი პატრონი ჰყავს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში "ტულონიდან" მამუკა გორგოძის გადაბირებას ცდილობდა. საბოლოოდ ეს ტრანსფერი არ შედგა და საქართველოს ნაკრების ლიდერმა კონტრაქტი გუნდთან 2019 წლამდე გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატს ბოლო წლებში მუდმივად ქართველ მორაგბეთა გუნდები იგებდნენ. მაგალითად, შარშანდელი სეზონი ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსემ" მოიგო. მერე ქუბრიაშვილმა პარიზული გუნდი დატოვა და "მონპელიეში" გადაბარგდა. სწორედ ამ გუნდში განაგრძობს კარიერას მომავალი სეზონიდან "ტულონის" მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ტულონი-მეტრო რასინგი
ტულონი (15-9) ჰალპფენი, ტუისოვა, ბასტარო, მერმოსი, ჰაბანა, გიტო, პელისიე. (1-8) შოისი, ჟირადო, ჩილაჩავა, მანოა, მიქაუტაძე, გორგოძე, ლობე, ს. არმიტაჯი.
(16-23) ორიოლი, ფრესია, ტაოფიფენუა, ბრუნი, ბელანი, დ. არმიტაჯი, მიშალაკი, საულო.
(16-23)
მეტრო რასინგი (15-9) დულინი, როკოთოკო, გოსენი, შავანსი, იმჰოფი, კარტერი, მაშენო. (1-8) არუსი, სზარზევსკი, ტამეიფუნა, ლე რუ, კარისა, ლორე, ნიანგა, მასოე.
(16-23) დუკალკონი, ვულივული, ენდრიუ, შოვო, კლასენი, კრუხერი, ვართანოვი, შატი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული