პროგნოზები, იმედები... ქართველი ლეგიონერების გუნდები ევროთასებზე ერთვებიან

AutoSharing Option
ფოტოზე: ემლინ ჩელენჯ კაპი და ჩემპიონთა თასი

მომავალ უქმეებზე ევროთასების გათამაშება იწყება. ჩემპიონთა თასი, რომელსაც ადრე "ჰაინეკენის თასი" ერქვა და "ემლინ ჩელენჯ კაპი" ახალი ფორმატით და დაფინანსებით უკვე მეორე სეზონია, ტარდება.

ჩემპიონთა თასზე ქართველ მორაგბეთა ოთხი ფრანგული გუნდი იასპარეზებს. ესენია: ვასილ კაკოვინის "ტულუზი", მამუკა გორგოძის, ბადრი ალხაზიშვილისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, დავით ქუბრიაშვილის, შალვა მამუკაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიე" და დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი". მათთან ერთად ჩემპიონთა თასის მოპოვებას შეეცდება ანტონ ფეიქრიშვილის ირლანდიური "ალსტერი".

ოთხივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის და მერე თასისთვის ბრძოლის რეალური რესურსი აქვს. გააჩნია, როგორ მიუდგება ჩემპიონთა თასის გათამაშებას თითოეული მათგანი. გამორიცხული არ არის, ამ ტურნირზე რომელიმემ ძალები დაზოგოს და აქცენტი მთლიანად საშინაო თამაშებზე გადაიტანოს. თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ვინ სერიოზულად უდგება საქმეს და ვინ არა, პირველივე ტურში გამოჩნდება.

ყველაზე მძიმე C ჯგუფია, სადაც ჩვენებურთა გუნდის, "ტულონის" მეტოქეები ჩემპიონთა თასის ამჟამინდელი მფლობელი ინგლისური "სარასენზი", უელსური "ჰლანეჰლი" და ასევე ინგლისური "სეილ შარქსია". პირველ ტურში ტულონელები შინ სწორედ "სარასენზს" ეთამაშებიან. წინასწარ განაცხადში ორი ქართველია, გორგოძე და ჩილაჩავა.

წესით, ჯგუფური ტურნირის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს ვასილ კაკოვინის "ტულუზს". მას რეალურ კონკურენციას მხოლოდ ინგლისური "ვოსფსი" თუ გაუწევს. ირლანდიური "ქონოთი" და იტალიური "ზებრე" ის გუნდები არ არიან, პლეი ოფში გასვლაზე იფიქრონ.

მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს "მონპელიესაც", რომლის მთავარი მეტოქე D ჯგუფში ირლანდიური "ლენსტერია". ტრადიციულად ძლიერი გუნდია ინგლისური "ნორსჰემპთონი", თუმცა ამ კლუბს ახლა კრიზისი აქვს. გამორიცხული არ არის, პლეი ოფში გასასვლელად ბრძოლაში ფრანგული "კასტრიც" ჩაებას.

E ჯგუფს სამი ფავორიტი ჰყავს. დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" კონკურენციას გაუწევს ანტონ ფეიქრიშვილის ირლანდიური "ალსტერი" და ინგლისის "ექსეტერი". სავარაუდოდ, სტატისტის როლში იქნება ფრანგული "ბორდო".

ჩემპიონთა თასი
A ჯგუფი: მეტრო რასინგი (საფრანგეთი), გლაზგო (შოტლანდია), ლესტერ ტაიგერზი (ინგლისი), მანსტერი (ირლანდია)
B ჯგუფი: ქონოთი (ირლანდია), ვოსფსი (ინგლისი), ტულუზი (საფრანგეთი), ზებრე (იტალია)
C ჯგუფი: სარასენზი (ინგლისი), ტულონი (საფრანგეთი), ჰლანეჰლი (უელსი), სეინ შარქსი (ინგლისი)
D ჯგუფი: ლენსტერი (ირლანდია), მონპელიე (საფრანგეთი), ნორსჰემპთონი (ინგლისი), კასტრი (საფრანგეთი)
E ჯგუფი: ექსეტერი (ინგლისი), კლერმონი (საფრანგეთი), ალსტერი (ირლანდია), ბორდო (საფრანგეთი)

"ემლინ ჩელენჯ კაპზე" ქართველ მორაგბეთა შვიდი გუნდი ითამაშებს. ამათგან ოთხი ფრანგულია, ორი ინგლისური და ერთიც რუსული.

დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონი" A ჯგუფშია და ძირითად მეტოქედ ინგლისური "გლოსტერი" და ფრანგული "ლა როშელი" ეყოლება. თუმცა, თვითონ ბასკურ გუნდს საშინაო ასპარეზზე სერიოზული პრობლემები აქვს და არ გვგონია, ევროთასებისთვის "სცხელოდეს".

ზაზა ნავროზაშვილის, გიორგი ჯავახიასა და თორნიკე მატარაძის "ლიონს" მეტოქედ ბევრად ძლიერი გუნდები ერგო - უელსური "ოსფრიზი" და ინგლისური "ნიუკასლი". ამასთან ერთად, ლიონელებს ფრანგულ "გრენობლთან" მოუწევს ჭიდილი. "ალპელებს", ბასკების მსგავსად, ასევე სერიოზული პრობლემები აქვთ. სავარაუდოდ, არც "ლიონი" ითამაშებს უძლიერესი შემადგენლობით. მეტიც, გუნდის მწვრთნელებმა სათადარიგო გუნდიდან თორნიკე მატარაძე დააწინაურეს. ის პირველი ტურის მატჩში, სტუმრად "გრენობლთან" თადარიგში იქნება.

C ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ერთბაშად სამი გუნდი იასპარეზებს. ესენია: ჯაბა ბრეგვაძის ინგლისური "ვორსტერი", დავით კაჭარავას რუსული "ენისეი" და კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივი". ჯგუფის მეოთხე წევრი უელსური "ნიუპორტია".

ლობჟანიძე პირველად ითამაშებს წლეულს "ბრივის" ძირითად შემადგენლობაში. ბეკოშვილი თადარიგშია, ჩვენებურთა გუნდი ტურნირს გასვლითი მატჩით გახსნის "ნიუპორტთან". სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება "ენისეის" ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვე დავით კაჭარავა. კრასნოიარსკელები ბრეგვაძის "ვორსტერს" უმასპინძლებენ.

ძალიან გაუჭირდება D ჯგუფის ბინადარს, გიორგი ნემსაძის "ბრისტოლს". ინგლისის ჩემპიონატში ეს გუნდი ბოლო ადგილზეა და, სავარაუდოდ, უელსურ "კარდიფთან", ფრანგულ "პოსთან" და ინგლისურ "ბასთან" წარმატების მიზერული შანსი აქვს.

E ჯგუფში ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" შოტლანდიურ "ედინბურგთან" ერთად ფავორიტი იქნება. "ჰარლიქვინზს" ინგლისის ჩემპიონატში პრობლემები აქვს. რუმინული "ტიმიშოარა" კი, სავარაუდოდ, პირველადგილოსნად ვერ გამოდგება.

პარიზელები პირველ მატჩს სტუმრად, ინგლისში გამართავენ. ჟვანია და მელიქიძე თადარიგში არიან.

ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი: ლა როშელი (საფრანგეთი), გლოსტერი (ინგლისი), ბენეტონი (იტალია), ბაიონი (საფრანგეთი)
B ჯგუფი: ოსფრიზი (უელსი), გრენობლი (საფრანგეთი), ლიონი (საფრანგეთი), ნიუკასლი (ინგლისი)
C ჯგუფი: ბრივი (საფრანგეთი), ვორსტერი (ინგლისი), ნიუპორტი (უელსი), ენისეი (რუსეთი)
D ჯგუფი: კარდიფი (უელსი), ბასი (ინგლისი), პო (საფრანგეთი), ბრისტოლი (ინგლისი)
E ჯგუფი: ჰარლიქვინზი (ინგლისი), ედინბურგი (შოტლანდია), სტად ფრანსე (საფრანგეთი), ტიმიშოარა (რუმინეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული