რაგბი. ლეგიონი: ლიდერმა პოზიცია შეინარჩუნა

AutoSharing Option
იქამდე, სანამ საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე ასპარეზობს, საფრანგეთში დარჩენილმა ქართველმა მორაგბეებმა ელიტური, პირველი დივიზიონის მორიგი ტურის მატჩებში ითამაშეს.

გათამაშების ლიდერმა, დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონმა" სტუმრად წააგო დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონთან" - 14:22. მიუხედავად ამისა, "ვულკანები" ლიდერობას ინარჩუნებენ. ბასკური გუნდი აუტსაიდერია და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის მასთან მარცხს ცოტა ვინმე თუ ივარაუდებდა.

ქართველთაგან მხოლოდ ზირაქაშვილმა ითამაშა, რომელიც 69-ე წუთზე შეცვალეს. რატომ ვერ მოხვდა განაცხადში წინა ტურში ლელოს გამტანი და მშვენივრად მოთამაშე ოთარ გიორგაძე, ძნელი სათქმელია, მით უფრო, რომ "ბაიონთან"
შეხვედრაში სათადარიგო გუნდიდან (ესპუარებიდან) ხუთი მორაგბე იყო დაწინაურებული.

"კლერმონს" წამოეწია ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი", რომელმაც შინ შეძლო ვასილ კაკოვინის "ტულუზის" დამარცხება - 25:19. ყაულაშვილი უკვე მერამდენე ტურია, გუნდის შემადგენლობაში აღარ ჩანს. კაკოვინმა კი შაბათს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.

ქართველების არყოფნაში გაიმარჯვა მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა", რომელმაც შინ სძლია ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსეს" - 31:12. ჩვენებურთაგან მხოლოდ მელიქიძემ ითამაშა, რომელიც 68-ე წუთზე შეცვალეს. სხვა დანარჩენი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული. "ტულონი" ახლა 31 ქულით მესამე ადგილზეა.

ამდენივე ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, დავით ქუბრიაშვილის, შალვა მამუკაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიე", რომელმაც შინ მოუგო "ლიონს" - 25:20. მამუკაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს, ბაზაძე თამაშში 77-ე წუთიდან ჩაერთო და ორ წუთში არბიტრმა სინბინში გაუშვა. სხვა ქართველი მორაგბეები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ირჯებიან.

კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივმა" სტუმრად წააგო "კასტრთან" - 13:32. ბეკოშვილი განაცხადში არ იყო, ლობჟანიძე და ასეიშვილი ეროვნულ ნაკრებში არიან.

I დივიზიონი. XI ტური
პო-მეტრო რასინგი 26:17, კასტრი-ბრივი 32:13, გრენობლი-ბორდო 22:24, მონპელიე-ლიონი 25:20, ბაიონი-კლერმონი 22:14, ლა როშელი-ტულუზი 25:19, ტულონი-სტად ფრანსე 31:12.

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 36 ქულა, 2. ლა როშელი - 34, 3. ტულონი - 31, 4. მონპელიე - 31, 5. ბორდო - 30, 6. ტულუზი - 27, 7. მეტრო რასინგი - 26, 8. კასტრი - 25, 9. ბრივი - 23, 10. ლიონი - 22, 11. პო - 21, 12. სტად ფრანსე - 20, 13. გრენობლი - 13, 14. ბაიონი - 12

XII ტური
კასტრი-ტულონი, ბორდო-ლა როშელი, ბრივი-პო, კლერმონი-ლიონი, მეტრო რასინგი-გრენობლი, სტად ფრანსე-მონპელიე, ბაიონი-ტულუზი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოთარ გიორგაძე იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ქუთაისში იმყოფებოდა მამის გარდაცვალების გამო. ღმერთმა გაუნათლოს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული