ქუთაისში რაგბის კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

AutoSharing Option
დღეს, 23 ივლისს ქუთაისში 27-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ამ მიზნით ქუთაისში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ვიცე პრეზიდენტი გია გორგასლიძე იმყოფებოდნენ.

კომპლექსის ბალავერში სიმბოლური ,,კაფსული" ლადო ვარძელაშვილმა, გიორგი ნიჟარაძემ, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და "აიას" მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ჩაუშვეს.

პროექტის მიხედვით თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შეასაბამისი კომპლექსი 8 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. აქ გაშენდება 4 სრული მოედანი (3 ბუნებრივი და 1 ხელოვნური საფარით), რაგბის აკადემია, სასტუმრო 52
ადგილზე, საერთო საცხოვრებელი, ფიტნეს დარბაზი, სასადილო, გასახდელები და ავტოსადგომი. სტადიონებს ირგვლივ 3000 და 1000 ადგილიანი ტრიბუნები ექნებათ. მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდება და 2013 წლის ბოლოს დასრულდება.

გიორგი ნიჟარაძე: ,,ქუთაისი დიდი სარაგბო ტრადიციების მქონე ქალაქია. "აია" საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი იყო. ტრადიციები დღესაც გრძელდება და რიონისპირა ქალაქში რაგბი კიდევ უფრო რომ განვითარდეს, ჩვენი გადაწყვეტილებით აქ აშენდება საქართველოში ყველაზე დიდი სარაგბო კომპლექსი. პროექტისთვის მიწა სახელმწიფომ გამოგვიყო. კომპლექსს კი საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ აშენებს. ბოლოს და ბოლოს ,,აიასაც ეღირსება საკუთარი სტადიონი. კომპლექსის დასრულების შემდეგ აქ რამდენიმე ათასი ბავშვი ივარჯიშებს. ამაზე დიდი ბედნიერება კი რა შეიძლება იყოს? "

ლადო ვარძელაშვილი: ,,ქუთაისი ნამდვილად იმსახურებს, რომ აქ იყოს რაგბის დიდი და საუკეთესო სკოლა. ეს პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული რაგბის გაძლიერებისთვის. გვაქვს რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც სპორტის ამ სახეობას სოლიდურ ფინასურ დახმარებას ვუწევთ.

პროგრამაში ჩართულია კერძო სექტორი, კერძოდ ,,ქართუ ბანკი", რომელიც ინფრასტრუქტურის მოწყობაში გვეხმარება და დაახლოებით ორ წელიწადში საქართველოში გვექნება 20 ახალი რაგბის სკოლა, მათ შორის კი ყველაზე დიდი ქუთაისში იქნება.

ბესიკ ხამაშურიძე: ,,საშვილიშვილო საქმეს ჩაეყარა საფუძველი, ყველა ქუთაისელის ოცნება იყო, რომ "აიას" საკუთარი მოედანი ჰქონოდა. შენდება არა მარტო სტადიონი, არამედ ბაზა და სასტუმრო. კომპლექსში შევა რაგბის აკადემია, რომლისთვისაც ბავშვები მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით შეირჩევა და აქ მხოლოდ საუკეთესოები მოხვდებიან. მინდა, წარმატება ვუსურვო ქუთაისურ რაგბს, ეს იქნება არა მარტო ერთი ქალაქის, არამედ მთლიანად ქართული რაგბის გამარჯვება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი :))))))))
Berckley
14:13 24-07-2011
0
მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმისთვის!!! იცოცხლეთ და იხარეთ იმ დიდი საქმეებისთვის რასაც საქართველოსთვის აკეთებთ!!! ერთიათმაგად დაგბრუნებოდეთ ეს სიკეთე!!!
uzlevi
02:48 25-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული