ქართული რაგბის ერთ-ერთ პიონერს, კაშკაშა ვარსკვლავს ახლახან 70 წელიწადი შეუსრულდა. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა ეს ადამანი, რომელიც თანამედროვე ქართული რაგბის წარმატებების სათავეებთან იდგა.
- ბანალური კითხვაა, როდის დაიწყეთ რაგბის თამაში. ამაზე ალბათ არაერთხელ გაგიციათ პასუხი. იქნებ უფრო უპრიანია გკითხოთ, როგორ დაიწყეთ რაგბის თამაში. რა იყო ის ძალა, რითაც ამ სპორტის სახეობამ მიგიზიდათ?
1962 წელს პოლიტექნიკური ინსიტუტის გუნდში მივედი. ყველაზე მეტად, რამაც მომხიბლა და რაგბი შემაყვარა ის ადამიანები იყვენენ, ვინც გუნდში დამხვდა. ნოდარ ყიფიანი, ნუგზარ მგელაძე, ორესტი დიმიტრიადი, გოგი ტონია, შესანიშნავი, დიდი პიროვნებები იყვნენ. რაგბიში დარჩენა, სწორედ ამ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილმა გადამაწყვეტინა.
- პირველი ოფიციალური შეხვედრა ალბათ ყვალაზე მეტად დასამახსოვრებელია. ფაქტობრივად, მაშინ ხდება მორაგბედ ნათლობა...
- ძალიან კარგად მახსოვს. სხვათა შორის, პირველად მეორე შუამარბად (N13) მათამაშეს. არ ვიცი, როგორც ჩანს ცუდად არ მითამაშია. რამაზ გოგლიძემ ბიჭებს უთხრა, ირაკლი დღეს ოფიციალურად გახდა ჩვენიანი და მოდით, აღვნიშნოთო. სტადიონიდან რომ წამოვედით, რკინიგზის სადგურზე ერთ-ერთ კაფეში პიკნიკი მომიწყვეს. ასე მოხდა ის ნათლობა.
რაც შეეხება უკვე უფრო სერიოზულ, ოფიაციალურ მატჩებს, ის მომდევნო წელს გაიმართა პროფკავშირების თასზე, რომელიც ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის არაოფიციალური ჩემპიონატი იყო. ჩვენ "განთიადის" სახელით გამოვდიოდით და ამ ტურნირისთვის მზადების პროგრამით რიგაში გაგვიშვეს. საკმაოდ წარმომადგენლობითი შეჯიბრება იყო. იქ მეორე ადგილ დავიკავეთ ისე რომ თამაში არ წაგვიგია.
აი, პროფკავშირების ჩემპიონატი კი თბილისში გაიმართა და საბჭოთა კავშირის ყველა უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა. მესამე ადგილი დავიკავეთ. პირველობა "მაიმ" არავის დაუთმო. ეს გუნდი იმ დროს ყველაფერს იგებდა.
- თუმცა მომდევნო წელს პირველი მარცხი მაინც თქვენმა გუნდმა აგემა...
-კი, ასე იყო. ეს თამაში სხვა რამითაც იყო გამორჩეული. მახსოვს იმ დროს საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრები იტალიის ეროვნულ ნაკრებს უნდა შეხვედროდა და ძალიან გვინდოდა ეს მატჩი გვენახა. მოსკოველებს მივწერეთ, მოდით, ჩამოვალთ და ერთი პატარა ტურნირი მოვაწყოთ. დაგვთანხმდენენ. ჩავედით და "მაის" 12:8 მოვუგეთ. თორმეტივე ქულა გუნდს მე მოვუტანე. მერე "ხიმკი" და "სპარტაკიც" დავამარცხეთ. ბოლოს გვითხრეს, ნაკრებს შევადგეენთ და ისე გეთამაშებითო. ჩვენ ფული აღარ გვქონდა კიდევ რამდენიმე დღეს რომ დავრჩენილიყავით და აღარ გამოვიდა ეგ ამბავი.
- თქვენ ერთი რეკორდიც გეკუთვნით. რომელიც დღემდე არავის გაუუმჯობესებია. ერთ მატჩში 88 ქულა ცოტა არ არის...
- ჰო, ეს 1971 წელს იყო სპორტსაზოგადოება "დინამოს" საკავშირო პირველობაზე. მაშინ ბაქოს "დინამოს" 156:3 მოვუგეთ და 88 ქულა მე მივითვალე. ეს ტურნირი ლვოვში ჩატარდა. თითქმის ყველა თამაში დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მხოლოდ მსოკოვის "დინამოსთან" დავჯერდით ფრეს -3:3.
ამ შეხვედრისას გრანდიზოული ჩხუბი მოხდა. ვალენტინ რაფავა, გია რაფავას მამა, თამაშის დროს დაშავდა და მწვრთნელმა შეცვალა. როცა "დინამოს" სათადარიგოების საკამს გვერდი ჩაუარა, ერთმა ქართველთმოძულემ , გვარად სოლოვიოვმა დედა შეაგინა. ამას გუნდური ჩხუბი მოჰყვა, რომელშიც სათადრიგოებიც ჩაერთნენ.
მსოკოველებს ერთი ლიტველი უროსმტყორცნელი ჰყავდათ გვარად ხარისი. უზარმაზარი კაცი იყი. იმან ვალენტინისკენ გაიწია, რომელიც ყველას თითო დაარტყამით ადგილზე ცელავვდა. არც ხარის შეუშინდა და ისეთი დაჰკრა, ამოდენა კაცი ჰაერში ააყირავა. ეს იყო და ჩხუბი უმალვე შეწყდა.
- ვიცით, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც იყავით მიწვეული, თუმცა თამაშმა არ მოგიწიათ...
- დიახ, ნაკრებს საწვრთნელ შეკრებაზეც ვახლდი, მაგრამ იმ წელიწადს არავისთან გვითამაშია. მერე ნაკრების მწვრთნელად ანტონოვი რომ დანიშნეს, თქვა ახალგზრდები უნდა გავზარდოთო. მე აღარ დამიძახა. ბოლოს კი ნაკრებში ჩემზე სამი წლით უფროსიც კი გამოიძახა.
- თქვენთვის, როგორც ღვაწლმოსილი მორაგბისთვის, ცხადია, თანამედროვე ქართული რაგბის წარმატებები სხვა, ჩვეულებრივ ქომაგზე მეტად გახარებთ. რას განიცდით, თუ შეგიძლიათ ეს ემოციები სიტყვებით გადმოგვცეთ?
- უსაზღვრო სიხარულს ვგრძნობთ ვეტერანები. თვალზე ცრემლი გვადგება ხოლმე. ახლა რომ ვუფიქრდები, იმხანად, ჩემ დროს, ისეთ რთულ პირობებში რაგბი ჩვენი "დინამოსა" და "ლოკომოტივის" კონკურენციამ, ჩვენს შორის ჭიდილმა შემოგვინახა. თანაც, მორაგბეთა აბსოლუტურ უმრავლესობას რაგბის ფანატიკური სიყვარული ჰქონდა. თითქმის ყველა მზად იყო, რაგბის გამო ბევრ სიკეთეზე ეთქვა უარი.
ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კი რაგბის ფედრაციის პრეზიდენტად ბორის პაიჭაძის დანიშვნა იყო. მაშინ გვირჩიეს, რომ თუ მას არ აირჩევთ, დაგშლიანო. თავიდან უარზე იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმეთ. ამან ძალიან დიდი დადებითი გავლენა იქონია რაგბის განვითარებაზე. მერე რამდენჯერმე "დინამოს" სტადიონზეც გვათამაშა და ამით რაგბი უფრო პოპულარული გახდა.
ერთი სიტყვით, ჩვენი და "ლოკომოტივის" პააქრობით დასრულდა საქართველოში რაგბის განვითარების პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი ასპარეზე ქუთაისური რაგბის გამოჩენით დაიწყო. იქ გუნდი სამოციან წლებშიც ჰყავდათ, მაგრამ 1975 წლიდან უკვე მაღალ დონეზე დაიწყეს თამაში, რომელიც ქუთაისის "აიამ" ოთხმოციან წლებში ტრიუმფით დაასრულა.
ქუთაისური ჟინიანი მორაგბეებისა და თბილისიდან ჩასული ბიჭების სინთეზმა შესანიშნავი შედეგი გამოიღო. "აია" მართალც ძალიან ძლიერი, ბრწყინვალე გუნდი იყო და ზედიზედ სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ამის მიღწევა ძალზედ ძნელი იყო და ეს "აიამ" შეძლო. ამით დასრულდა მეორე ეტაპი.
მესამე ეტაპი საბჭოთა კავშირის დაშლით დაიწყო. გუნდებს ძალიან გაუჭირდათ. ოდნავ უკუსვლაც მოხდა, თუმცა რაგბის კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელების დამსხურებაა, რომ მოთამაშეებისთვის საფრანგეთის ძლიერ ჩემპიონატში გაჭრეს ფანჯარა. ჩვენი მორაგბები ერთ-ერთ ლიდერ სარაგბო ქვეყანაში კარგ საწვრთნელ პირობებში ვარჯიშობდნენ და თამაშობდნენ. ამით მათი სათამაშო დონე ამაღლდა. შედეგად კი 2003 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. ეს უდიდესი წარმატება იყო. აქ დასრულდა მესამე ეტაპი.
ამჟამად ქართული რაგბი განვითარების მეოთხე ეტაპზეა. მსოფლიოს თასზე გასვლა ოცნება აღარ არის. ამ დონეზე თამაში არ გვიჭირს. ახლა ელიტას უნდა დავიახლოვდეთ და იქ შევაღწიოთ. საამისოდ კი ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ასაწყობია ინფრასტრუქტურა, ასამაღლებელია მწვრთნელების კვალიფიკაცია, მოსაზიდია ფინანსები. ეს საკმაოდ ხანგრძლივი, ძნელი და შრომატევადი პროცესია.
- ორიოდ კვირაც და ახალ ზელანდიაში "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასის გათამაშებაში ჩაებმებიან. რას ელოდებით ჩვენი ნაკრებისგან?
- პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. კარგი იქნება თუ წინა მსოფლიოს თასზე არანაკლებ კარგად ვიასპარზებთ. ერთი კი მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო. საფრანგეთის პრესაში დიდი ხანია წერენ მამუკა გორგოძის შესახებ. ახლახან კი ახალზელანდიურმა გაზეთმა დაწერა, საქართველოდან მხეცი ჩამოდის და როგორ დავხვდეთო. ცხადია, ჩვენ ახალი ზელანდიის ნაკრების მეტოქეები არ ვართ, მაგრამ ის რომ, ქართველ მორაგბეს ასე შორს აქვს გავარდნილი სახელი და იცნობენ, ჩემთვისაც და ყველასთვისაც ძალიან სასიამოვნოა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"