- თავდაპირველად შენს ყოფილ გუნდებზე ვისაუბროთ, "აიამდე" სად თამაშობდი?
- რაგბის თამაში "უნივერსიტეტში" დავიწყე, შემდეგ თითო-თითო სეზონი "ლელოში" და "ლოკომოტივში" დავყავი. ამ გუნდებში დიდი გამოცდილება
- წლევანდელის არ იყოს, შარშანდელ ჩემპიონატში "აიას" ფინალში მოხვედრის და ჩემპიონობის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ბოლო შეხვედრები აშკარად ჩააგდეთ. რა იყო ამის მიზეზი?
- რეგულარულ გათამაშებაში 3 ისეთი მატჩი წავაგეთ, რომელშიც ჩვენ ვიყავით ფავორიტები. ოთხეულში მოვხვდით, მაგრამ ახალი ჩამოყალიბებული გუნდი ვიყავით და პირველ სეზონში მეტის გაკეთება ვეღარ მოვახერხეთ.
- მიმდინარე ჩემპიონატში გაცილებით უკეთესად ითამაშეთ და ცხრილში პირველ ადგილზეც გახვედით.
- შარშანდელმა პირველობამ დიდი გამოცდილება შეგვძინა. ლეგიონერებიც დავიმატეთ და შეთამაშების მხრივაც არ გვაქვს პრობლემა. იმედია, წლეულს ჩემპიონატსა და თასზე წარმატებით ვიასპარეზებთ. ამისთვის ცდას არ დავაკლებთ.
- შესარჩევ ფინალში საკუთარ მოედანზე მთავარ კონკურენტ "არმიასთან" დამარცხდით. ამჟამად "არმია" უფრო ძლიერი გუნდია თუ სხვა რამ იყო წაგების მიზეზი ?
- ვიცოდით, რომ ჩემპიონატში ყველაზე დიდ კონკურენციას "არმია" და "ლოკომოტივი" გაგვიწევდა. ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ "არმიასთან" ჩვენი შეცდომების გამო უფრო წავაგეთ. მეტოქის სიძლიერე არაფერ შუაშია. ბურთის ფლობის მხრივ ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში კი, კონტრშეტევებით ორი ლელო მივიღეთ და მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
- ეს ზედმეტი ნერვიულობის ბრალი ხომ არ იყო?
- მატჩის წინ გუნდში კარგი განწყობა სუფევდა. ყველანაირად მობილიზებულნი ვიყავით, მაგრამ როგორც გვინდოდა ისე ვერ ვითამაშეთ და ჩვენივე შეცდომების გამო წავაგეთ.
- შესარჩევ ფინალში წაგების მიუხედავად ჩემპიონობის შანსი არ დაგიკარგავთ.
- ჩემპიონატის პირველი ეტაპი კარგად ჩავატარეთ და ახლაც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. დიდ ფინალში გასვლის შანსი კიდევ გვაქვს. მომავალ შაბათს საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივს" ვმასპინძლობთ. მართალია, ძლიერი გუნდია და ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ფინალში გავალთ და "არმიასთან" რევანშის აღების საშუალება მოგვეცემა.
- საკუთარ გეგმებზე რას იტყვი, ახლო მომავალში უცხოეთში თამაშზე ხომ არ ფიქრობ?
- ამ ეტაპზე, როგორც მთელი გუნდის, ისევე ჩემი ყურადღებაც "აიას" წარმატებებზეა მიმართული. სამომავლოდ კი, თუ შანსი მომეცემა, უცხოურ კლუბებშიც მოვსინჯავ ძალებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"