მსოფლიოს თასზე რუმინეთთან მოგებულ მატჩში თამაში მხოლოდ 8 წუთი მოუწია, თუმცა მიაჩნია, რომ ნაკრებში დიდი გამოცდილება შეიძინა. ახალგაზრდა მორაგბე მსოფლიო თასის შემდეგ კლუბს შეუერთდა და "აიასთან" ერთად დიდი ფინალის საგზური მოიპოვა.
- თავიდან კარიერის საწყის წლებზე ვისაუბროთ, რაგბით როდის დაინტერესდით?
- სიმართლე გითხრათ, ადრეულ ასაკში სპორტითა
- შეგუება არ გაგიჭირდათ?
- ასაკთან შედარებით კარგი ფიზიკური მონაცემები მქონდა და ოვალური ბუთით თამაშიც მალე ავითვისე. თანაც "აიას" ახალგაზრდულ გუნდში შესანიშნავი გარემო დამხვდა. კარგი მწვრთნელი და თანაგუნდელები მყავდა, რომლებმაც მეგობრულად მიმიღეს და რაგბი შემაყვარეს. პირველი მწვრთნელი მალხაზ ჩხეტიანი ყოველნაირად გვერდით დამიდგა და სპორტის ამ სახეობის ყველა ნიუანსი შემასწავლა. რაგბი ისეთი თამაშია, ერთხელ თუ ითამაშე და პირველი კვირა გაძელი, მერე ვეღარ შეეშვები.
- საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში რუსეთში მოგიწია გამგზავრებამ, სადაც რაგბი ლიგას თამაშობდი.
- "აიას" ახალგაზრდულ გუნდში ვიყავი, როცა ჩემი მშობლები რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად და მეც მათ გავყევი. ჩემი სპორტული კარიერაც იქ გაგრძელდა. სამი წელიწადი რაგბი ლიგა ვითამაშე. ჯერ ტოლებში, ერთი წლის შემდეგ კი "ლოკომოტივის" ძირითად გუნდშიც მოვხვდი და ორჯერ რუსეთის ჩემპიონი, ერთხელ კი თასის მფლობელი გავხდი. რუსეთში ასპარეზობისას საქართველოს რაგბის კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და ეროვნულ ნაკრებში თამაში შემომთავაზა. იმ დროს რუსეთის რაგბი ლიგის ნაკრებში ვირიცხებოდი. ჩვენს ნაკრებში მიწვევა ძალიან გამიხარდა და საქარველოში პირველივე დაძახებაზე წამოვედი.
- საქართველოს ნაკრებში დებიუტს როგორ გაიხსენებდით?
- ეს იყო "ჩილესთან" ტესტ მატჩი. მწვრთნელებმა ბოლო 10 წუთი მათამაშეს. მას შემდეგ ეროვნულ გუნდში დაახლოებით 21 კეპი მაქვს მოხვეჭილი.
- წლეულს ნაკრების ფორმა ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზეც მოირგე.
- ვფიქრობ, "აიადან" რამდენიმე მორაგბეს თავისუფლად შეეძლო ნაკრებში მოხვედრა, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებით ახალ ზელანდიაში მხოლოდ მე წამიყვანეს. მსოფლიოს თასზე კი ვიყავი, მაგრამ თავის გამოჩენის საშუალება, ფაქტობრივად, არ მომეცა.
რუმინეთთან მხოლოდ ბოლო რვა წუთი ვითამაშე. მიუხედავად ამისა, ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. მსოფლიოს თასზე თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა და იქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვიყავი. თანაც, ახალ ზელანდიაში ძალიან თბილად მიგვიღეს, ჩვენს მიმართ რაღაც საუცხოო ყურადღება იყო.
- "აიას" დავუბრუნდეთ და ის გავიხსენოთ ქუთაისურ გუნდს როდის დაუბრუნდით.
- რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ ცოლი შევირთე. თანაც, ამ დროს ახალგაზრდულ ნაკრებში ტრავმა მივიღე და რვა თვე გამიცდა, შემდეგ რუსეთთან სიტუაციაც დაიძაბა და იქ დაბრუნება აღარ ღირდა. ასე შემოვრჩი ქუთაისში. რეაბილიტაციის შემდეგ უქმად რომ არ ვყოფილიყავი "აიაში" ვვარჯიშობდი და მალე გუნდის წევრიც გავხდი. როგორც შემდგომში გამოჩნდა სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მართალია, თავიდან პირობები არ იყო და ენთუზიაზმზე ვთამაშობდით, მაგრამ დღეს უკვე საკმაოდ ნორმალური პირობები გვაქვს და გუნდიც წარმატებით ასპარეზობს.
- სამი წელიწადია, რაც "აიაში" თამაშობ, რა შეიცვალა გუნდში ამ ხნის მანძილზე?
- მოდით, იქედან დავიწყოთ, რომ ეს გუნდი უმაღლესიდან დაქვეითებული იყო. მორაგბეებმა, რომლებიც "აიაში" დღესაც თამაშობენ, ბევრი იშრომეს და გუნდი უმაღლეს ლიგაში დააბრუნეს. საუკეთესოებში მოხვედრის შემდეგ კი გაჩნდა პერსპექტივა და ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენი გუნდიც დღითიდღე უმატებს და პროგრესის გზას ადგას. შარშანდელი პირველობის შემდეგ, რომელიც მეოთხე ადგილზე დავამთავრეთ, თითოეული ჩვენთაგანი გაიზარდა და წლეულს უკეთესად ვიასპარეზეთ. რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გავედით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"