ბესიკ ხამაშურიძე: მეტი შეგვეძლო, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ

AutoSharing Option
ქუთაისის "აიას" წლეულს ერთი ნაბიჯი დააკლდა ჩემპიონობამდე, თუმცა, ქუთაისელთა მიერ მოპოვებული ვერცხლის მედლებიც წარმატებად უნდა ჩაითვალოს.

გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა რეგულარული ჩემპიონატი და ფინალშიც ღირსეულად იბრძოლა. ეს მაშინ, როცა სამიოდე წლის წინ ქუთაისური გუნდი უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძოდა. საქართველოს ჩემპიონატის ფინალში კი საერთოდაც 14 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

"აიას" წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გუნდის მოთამაშე მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე გახლავთ, რომელსაც ახალდასრულებული სეზონის შეფასება ვთხოვეთ და სხვა საინტერესო თემებზეც ვესაუბრეთ.

-პირველ რიგში გასული
სეზონი შევაფასოთ, კმაყოფილი ხართ თქვენი გუნდის ასპარეზობით?

- ცუდი სეზონი არ გვქონია, მაგრამ რადგანაც ჩემპიონები ვერ გავხდით, უკმაყოფილების გრძნობა მაინც დაგვრჩა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგამს.

ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი სწორ გზას ადგას. შარშანდელთან შედარებით ამ სეზონმა კიდევ მეტი გამოცდილება შეგვძინა და დაგვანახა თუ რაზე გვაქვს სამუშაო. რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ორი თამაში წავაგეთ. ეს არ არის იოლი საქმე. "ლოკომოტივს, რომელიც ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე იყო და წლეულსაც არ ჰყავდა ცუდი გუნდი, ამ სეზონში ყველა თამაში მოვუგეთ. "ყოჩები" წლეულს დასუსტებული იყო, მაგრამ თასის ფინალში კარგად ვნახეთ, როგორი თავდადებული და ვაჟკაცური თამაში აჩვენა.

ამ გუნდთან ჩვენ საკმაოდ იოლად გავიმარჯვეთ. რთული თამაშები გვქონდა "ლელოსთან", რომელიც წლეულს შედარებით დასუსტებული იყო. როცა "აიას" აღორძინება დაიწყო, კლუბის ხელმძღვანელობამ სამწლიანი გეგმა დაგვისახა. მაშინ გათვლილი გვქონდა, რომ მესამე წელს ჩემპიონობა უნდა მოგვეპოვებინა. წლეულს ამ მიზნისაკენ მივისწრაფვოდით და გვჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით, მაგრამ ქართულ რაგბში გამოჩნდა "არმია," კლუბი, რომლის დამარცხებაც ვერ შევძელით და ჩემპიონატში ვერცხლის მედლებს დავჯერდით.

- ისე მოხდა, რომ ჩემპიონატსა და თასზე ბოლო ხუთი მატჩი "არმიასთან ჩაატარეთ და ხუთივე შეხვედრა დათმეთ. არადა. ამ მატჩების პირველ ტაიმში "აიას" ჰქონდა სათამაშო უპირატესობა, რომელსაც მეორე ნახევარში ვეღარ ინარჩუნებდით, თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?
- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ "არმიას" ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ფინანსური შესაძლებლობა აქვთ და კარგად დაკომპლექტებული კლუბია. საქართველოს ჩემპიონატში ვინც იყო გამორჩეული, თითქმის ყველამ ამ გუნდში მოიყარა თავი. მართალია, პირველ წრეში "არმია" ფოთში დავამარცხეთ, მაგრამ მას შემდეგ 11 მორაგბე დაიმატეს და კიდევ უფრო გაძლიერდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენზე სხარტი გუნდია. ჩვენც ვცდილობთ, რომ ხელდახელ თამაშში და მოძრაობაში სხვებს არ ჩამოვრჩეთ, სხვა გუნდებთან ეს კაგრად გამოგვივიდა, მაგრამ "არმიამ" ამ კომპონენტში გვაჯობა.

- ყველაზე გულდასაწყვეტი ჩემპიონატის ფინალში დამარცხება იყო.
- გამოცდილებით გვაჯობეს, თუმცა ფინალში ცუდად არ გვითამაშია. შეგვეძლო მოგება, მაგრამ უპირატესობა ხელიდან გავუშვით და დავმარცხდით. ვერავინ იტყვის, რომ წლეულს ჩემპიონობას არ ვიმსახურებდით. ყველამ ნახა რა ბრძოლაც იყო ფინალურ შეხვედრაში, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც დაგვაკლდა, რამაც მიზნის მიღწევაში ხელი შეგვიშალა. შესაძლოა ეს ფსიქოლოგიური მომენტიც იყო. ჩემპიონობას ვისახავდით მიზნად და ეს გუნდს ტვირთად დააწვა. ახლადდაკომპლექტებულმა "არმიამ" კი, რომელსაც პირველ წელს ასეთი ამბიცია არ ჰქონდა, ემოციურ ფონზე გაიმარჯვა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კლუბის გამოჩენამ ანგარიშგასაწევი ფაქტის წინაშე დააყენა ქართული რაგბი.

დღეიდან სხვა კლუბებმაც უნდა იზრუნონ, რომ ფინანსურად და შემადგენლობით "არმიას" არ ჩამორჩნენ. ამ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ "არმიას" გამოჩენა ქართული რაგბისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ამით ჩვენმა ჩემპიონატმა 34 წლით წინ წაიწია. ხოლო თუ ამ გუნდის ქვეყნად მოვლენამ, სხვა გუნდების დასუსტება გამოიწვია, მაშინ, პირიქით, ეს ქართულ რაგბის კარგად არაფერს მოუტანს.

- წლევანდელ ჩემპიონატზე რას იტყვით, საერთოდაც, ამაღლდა თუ არა ქართული სარაგბო კლუბების დონე?
- დამღლელი, მაგრამ ძალიან საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატი იყო, რომელიც ფინალურმა მატჩმა კიდევ უფრო გაალამაზა. წინსვლა აშკარად არის. თუნდაც, ჩემი გუნდის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ დონემ მოიმატა. ორი წლის წინათ იყვნენ მორაგბეები, რომლებსაც ელემენტარული ზუსტი პასის მიწოდება უჭირდათ, დღეს კი ხელითაც კარგად თამაშობენ და გონებაც უჭრით. ესეც მოწმობს, რომ განვითარების გზას ვადგავართ.

- რა არის "აიას" ძლიერი მხარე, რაც გუნდის წარმატებულ თამაშს განაპირობებს?
- ალბათ, ის რომ გუნდში მეგობრული ვითარებაა. პლუს ამას მორაგბეებს ერთმანეთის მიმართ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ.

ძლიერი შერკინება გვყავს, წლეულს ხელითაც კარგად ვთამაშობდით და ამ გზით არაერთი ლამაზი ლელო გავიტანეთ, თუმცა, დასახვეწი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ვიმედოვნებ, ნელ-ნელა უფრო მოუმატებენ. აქცენტს ადგილობრივ კადრებზე ვაკეთებთ და არა მარტო "აიას",'არამედ მთლიანად ქართული რაგბის გაძლიერებისთვის ვმუშაობთ. ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებებს რაც შეიძლება მეტი კარგი ახალგაზრდა მივაწოდოთ. შარშან "აიაში" რამდენიმე 17-18 წლის ბიჭი დავაწინაურეთ, რომელთაგან სამი გუნდისთვის დასაყრდენი ძალა გახდა. წლეულსაც გადმოვიყვანთ 6-7 მორაგბეს და მათაც მივცემთ გუნდის ძირითადში დამკვიდრების შანსს.

- როდესაც "აიას" მწვრთნელად დაგნიშნეს, ზოგიერთი სკეპტიკურად შეხვდა ამ ფაქტს. ფიქრობდნენ, რომ მწვრთელი, რომელიც მოთამაშეების თანატოლი და მეგობარია, გუნდში დისციპლინას ვერ დაამყარებდა. არადა, პირიქით მოხდა, ახლა ყველა აღნიშნავს, რომ "აია" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული გუნდია. არ გაგიჭირდა ამის მიღწევა?
- არა, რადგანაც გუნდის წევრები გვერდში დამიდგნენ. ყველა გაგებით მოეკიდა ჩემს მოთხოვნებს და საერთო საქმისთვის ყველამ მაქსიმუმი გაიღო. მორაგბეები არ იყვნენ შეჩვეული დიდ დატვირთვებს, ამიტომ ბევრმა ვერ გაუძლო და იძულებული გახდა რეალობისთვის შეეხედა. ბევრმა კი გაუძლო და ახლაც ერთად ვიბრძვით "აიას" წარმატებებისთვის. ამ სამ წელიწადში იმდენი ენერგია დავხარჯე, რომ ბევრი ბარე ათი წელი ვერ დახარჯავს. ამ ხნის მანძილზე ბიჭებთან ერთად მეც ბევრი რამ ვისწავლე და შევიძინე. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვერდში დამიდგა.

- წლების მანძილზე საფრანგეთში მაღალ დონეზე თამაშობდი და საქართველოს ჩემპიონატში გადმორთვა არ გაგიჭირდა?
- სხვათა შორის, პირველ წელს მართლა გამიჭირდა. ალბათ უფრო იმიტომ, რომ მწვრთნელის როლს ვერგებოდი და ორივე ამპლუაში ერთად გამიძნელდა. თუმცა, შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა.

- რთულია იყო მოთამაშე და თან მწვრთნელი?
- ძალიან. როცა მინდორზე ხარ, უშუალოდ თამაშში ჩართულს შესაძლოა რაღაც ნიუანსები გამოგეპაროს. ძალიან მეხმარებიან მწვრთნელები კობა გიორგაძე და გიგა გურეშიძე. არა აქვს მნიშვნელობა ვის ჰქვია მთავარი მწვრთნელი და ვის ასისტენტი, ჩვენ სამივე ერთ საქმეს ვაკეთებთ და ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. დიდად ვემადლიერები ვეტერან მორაგბეებს, რომლებიც ახალბედებს კარგ მაგალითს აძლევენ.

- წლევანდელი ბირთვი შენარჩუნებული იქნება?
- ჯერ-ჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. თუ ვინმეს წასვლა მოუნდება, ძალით არავის დავაკავებთ, თუმცა მჯერა, რომ წამყვანი ბირთვი შენარჩუნდება. ამასთან, სურვილი გვაქვს უცხოეთში მოთამაშე რამდენიმე ქუთაისელი მორაგბეც დავიმატოთ და ვნახოთ რა იქნება.

- თუნდაც "აიას" მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ქართული საკლუბო რაგბი პროგრესის გზას ადგას. უახლოეს წარსულში ქუთაისური გუნდი უმაღლესი ლიგიდან იყო დაქვეითებული და არანაირი ფინანსური საშუალება არ გააჩნდა, დღეს კი, როგორც ვიცით, ამ მხრივ დიდი განსხვავებაა.
- კლუბში ბატონი გია გორგასლიძის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ დაიწყო გუნდის აღორძინება. იცით, რომ სახელმწიფომ გამოჰყო საჩემპიონატო ბიუჯეტი, რომლისგანაც კლუბები გარკვეულ თანხას იღებენ. ჩვენი გუნდიც ძირითადად ამ თანხაზე იყო დაყრდნობილი.

შემდეგ, ბატონმა გიორგიმ შეძლო და კლუბს პარტნიორი მოუძებნა. ვერ ვიტყვით, რომ მორაგბეებს რაღაც არნახული ანაზღაურება აქვთ, მაგრამ, როცა მახსენდება ჩემს თაობას რა წლები და პირობები აქვს გამოვლილი, იმასთან შედარებაც არ შეიძლება. ნორმალური პირობები გვაქვს. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თანამდგომ სპონსორს და იმედი მაქვს, რომ ეს კომპანია გაისადაც ჩვენს გვერდით იქნება.

ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელობაც აქტიურად არიან ჩართული გუნდის განვითარების საკითხებში. მათი ხელშეწყობით წლეულს ქუთაისში "დინამოს" სტადიონი მოეწყო და ორწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენს მშობლიურ ქალაქში თამაშიც შევძელით. გვითხრეს, რომ ქალაქის ახალ ბიუჯეტში "აიასთვისაც" გაითვალისწინებენ გარკვეულ თანხებს. ჯერ არ ვიცით რა და როგორ იქნება, მაგრამ აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში ფინანსურადაც უფრო გავძლიერდებით.

ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა სავარჯიშო მოედნის არქონაა. როგორც იცით, რაგბის აკადემიის მოედანზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მას ვერ გამოვიყენებთ. რაგბის კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მოედნის პრობლემა აღარ გვექნება, ამ ეტაპზე კი სხვა გამოსავალი არაა - სავარჯიშოდ სოფელ მესხეთში დავდივართ.

- "აიას" მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავს. თქვენს თამაშებზე იმდენი მაყურებელი დადიოდა, რამდენიც ზოგჯერ საფეხბურთო მატჩებზე არ ესწრებიან.
- ორი წელიწადი ქუთაისში არ გვეთამაშა და როცა "დინამოს" სტადიოზე გადმოვდიოდით, ცოტა ეჭვიც გვეპარებოდა მოვიდოდა თუ არა მაყურებელი სტადიონზე. ანშლაგი რომ დავინახე "ყოჩებთან" მატჩში სტადიონის გახსნის დღეს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, მათგან მომავალშიც დიდი მხარდაჭერა გვექნება.

- სანაკრებო თემას გვერდს ვერ ავუვლით. წინა ორ მსოფლიო თასზე გუნდის წამყვანი მოთამაშე იყავი და იმედოვნებდი, რომ ახალი ზელანდიის მსოფლიო თასზეც მოხვდებოდი ნაკრების შემადგენლობაში, მით უმეტეს, რომ რიჩი დიქსონმა რუმინეთში ჩატარებულ ტურნირში თან გიახლა, თუმცა შემდეგ მსოფლიო თასისთვის აღარ გამოგიძახა.
- დასამალი არ არის, რომ ძალიან გულნატკენი ვარ. დღემდე არ ვიცი რა მოხდა, რატომ არ ვიყავი მწვრთნელისთვის მისაღები. მე პირადად გია ლაბაძის გამოუძახებლობაც გამიკვირდა. ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება ნაკრებს გამოადგებოდა. ქართული კლუბებიდან ბევრი მორაგბე მიიწვიეს, ცუდ ფორმაში არ ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ნაკრებში მეც ვიქნებოდი, მაგრამ მწვრთნელებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს. ნაკრებში თამაშისას თავი არასდროს დამიზოგავს და ვერავინ მეტყვის, რომ სხვაზე ნაკლები პატრიოტი ვარ.

- დასრულებულად თვლი სანაკრებო კარიერას?
- ცხელ გულზე არაფრის თქმა შემიძლია, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული