თემურ ბენდიაშვილი: რაგბის ყველა ქართულ კლუბს ძალიან უჭირს

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტიტულოვანი ქართული კლუბია. მისი დიადი ისტორია ჯერ კიდევ საბჭოეთის ხანიდან იწყება და დღემდე ღირსეულად გრძელდება.

ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი, აგერ, უკვე სამ ათეულ წელიწადზე მეტია, თემურ ბენდიაშვილია, რომლის საქმიანობასთანაც უშუალოდაა დაკავშირებული რკინიგზელთა გუნდის აღმავლობა და წარმატებები.

საქართველოს შარშანდელ ჩემპიონატში "ლოკომოტივი" მესამე ადგილს დასჯერდა. ახლახან დასრულებულ გაზაფხულის ტურნირზე კი ფინალში გააღწია და იქ "არმიასთან" მინიმალური სხვაობით, 12:13 დამარცხდა.

განვლილ შეჯიბრებასა და მომავლის გეგმებზე რკინიგზელთა თავკაცს ვესაუბრეთ, რომელიც საქართველოს ნაკრების პრობლემებსაც შეეხო.

- გაზაფხულის ტურნირისთვის ისე
ვემზადებოდით, როგორც ყველა ქართული კლუბი. კვირაში ხუთჯერ ვვარჯიშობდით. ერთს თითქმის ყველა აცდენდა ხოლმე და, ფაქტობრივად, თითოეულ მორაგბეს ოთხი ვარჯიში გამოსდიოდა.

ასეთი გრაფიკით წვრთნას წელიწადში 300 საათი მიაქვს, რაც ძალიან ცოტაა. ელიტურ სარაგბო ქვეყნებში გუნდები წელიწადში 1000-1200 საათს ვარჯიშობენ.

- ჩვენთან ეს ფინანსების სიმწირით ხომ არ არის გამოწვეული?
- დიახ, ასეა. სპონსორები არ გვყავს. სახელმწიფო გვეხმარება და სეზონის დაწყების წინ "ვითიბი ბანკმა" მოგვცა 30 ათასი ლარი. ეს ძალიან ცოტაა.

თავად განსაჯეთ. რა არის მწვრთნელის და სპორტსმენის ურთიერთობა? მწვრთნელმა მოთამაშეს უნდა დაუსახოს მიზანი, შეუქმნას მოტივაცია და მოეხმაროს განწყობის ამაღლებაში. სპორტსმენი, განსაკუთრებით ვარჯიშისას, უხასიათოდ არ უნდა იყოს.

წვრთნა ყოველთვის ხალისიან და ემოციურ პროცესში უნდა წარიმართოს. ყოველივე ეს კი პირდაპირ კავშირშია კლუბის ინფრასტრუქტურასთან. ძალზე მნიშვნელოვანია ბურთებისა და მოედნის ხარისხი.

იმასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ბოთლიდან სვამს სპორტსმენი წყალს; და, რაც ყველაზე მთავარია - გასამრჯელო, რომელსაც მოთამაშე იღებს.

ცხადია, მადლობის მეტი რა გვეთქმის სახელმწიფოს მიმართ, რომელიც თუნდაც მინიმალური პირობების შექმნაში გვეხმარება.

ასე რომ არ იყოს, საერთოდ არაფერი გვექნებოდა. ამ პირობებიდან გამომდინარე, რაც გაგვაჩნია, გარკვეულ დონეს ვინარჩუნებთ, თუმცა ეს არაფრით შეესაბამება იმ ქვეყნის კლუბების მოთხოვნებს, რომელსაც პრეტენზია აქვს, მსოფლიოს 12 საუკეთესო სარაგბო ქვეყნის მარაქაში გაერიოს. ასეთ დღეში მარტო ჩვენ არ ვართ. რაგბის ყველა ქართულ კლუბს ძალიან უჭირს.

- რა უნდა გაკეთდეს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს?
- ძალიან კარგია, რომ სარაგბო სტადიონები შენდება. თბილისში ორი საუკეთესო ბაზა გვაქვს, სადაც როგორც ხელოვნური, ისე მინდვრისსაფარიანი მოედნებია.

ათი წლის წინათ ასე არ იყო, მაგრამ მაშინ სულ ხუთი გუნდი გვყავდა. ამჟამად კი მარტო ჭაბუკთა A ლიგაში 16 გუნდი ასპარეზობს, B ლიგაში კი ორჯერ უფრო მეტი.

რაგბიში მოვარჯიშეთა ზრდას, შესაბამისად, კვალიფიციური მწვრთნელების რაოდენობის გაზრდა სჭირდება, რომელთა საქმიანობაშიც უმთავრესი იქნება - ხედვა, მეთოდები, ექსპერიმენტი, კვლევა, პედაგოგიკა და ფსიქოლოგია. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ლაპარაკობს და, შესაბამისად, არც არავინ ზრუნავს.

ასეთ პირობებში იმ დონემდე მივაღწიეთ, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. თუ გვინდა, რომ განვვითარდეთ, წინ წავიდეთ, ყველაფერი - დაფინანსება, ინფრასტრუქტურა, განათლების დონე, მკვეთრად უნდა გაიზარდოს. ეს ადვილი არ არის. ყოველივე ამას სათანადო კვალიფიკაციის კადრების მომზადება სჭირდება.

მწვრთნელის და მოთამაშის ურთიერთობა ასეთია: მწვრთნელი უხსნის, აჩვენებს, რა უნდა გააკეთოს მცირე ზეწოლის პირობებში ჯერ სეგმენტურად, მერე თამაშში.

ამის შემდეგ აუცილებელია, მოთამაშემ თვითკონტროლით, თავისი ნამოქმედარის შეფასებით, მიღწეული შედეგიდან გამომდინარე, გააკეთოს სათანადო დასკვნა. ეს კი შესაბამისი პირობებისა და დამოკიდებულების გარეშე არ გამოვა.

- არაფერი გითქვამთ სპორტულ მედიცინაზე, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში უდიდესი ყურადღება ექცევა...
- ფარმაკოლოგიას სპორტში უდიდესი, მაგრამ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან ამ მიმართულებით კი სრული სიცარიელეა. ხშირად ამბობენ, აი, ესა თუ ის გუნდი ორკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე იყო ორჯერო. ეს არაფერი არ არის.

საწვრთნელ შეკრებაზე გუნდი უნდა იმყოფებოდეს წელიწადში სულ მცირე, 300 დღე, რადგან თანამედროვე სპორტში დატვირთვებთან ერთად მატულობს დასვენება-აღდგენისა და ანალიზის როლი. იმ პირობებში კი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს, უბრალოდ, შეუძლებელია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომზადება. გამარჯვების რწმენის, თავდაჯერების მოთამაშეებში ჩანერგვას ორ კვირაში ცდილობენ. არადა, ამას აუჩქარებელი, რუდუნებით, წლობით შრომა სჭირდება.

- ყოველივე იმის გასაკეთებლად, რაც უკვე ბრძანეთ, საკმაოდ სოლიდური ფინანსური ინექციაა საჭირო...
- სხვაგვარად ვერ განვვითარდებით. ერთ წელიწადზე მეტია, რაც შეიქმნა რაგბის კლუბი "არმია". ის ერთადერთი გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი, ნორმალური არსებობისთვისა და განვითარებისთვის შესაბამისი პირობები გააჩნია.

ეს მისასალმებელია, მაგრამ, თუ სხვა გუნდებსაც იგივენაირი პირობები არ ექნება, გამოვა, რომ ამ გუნდის არსებობა კი არ აკეთილშობილებს სარაგბო გარემოს, არამედ პირიქით, აფუჭებს. ისე გამოდის, რომ, როგორც სოციალიზმის დროს იყო, სიმდიდრეს უნდა ვებრძოლოთ?

ის, რაც ხდება ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, შედეგს რვა-ათი წლის შემდეგ მოგვიტანს. ეს არ არის დიდი დრო. მთავარი ისაა, რომ ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ განვითარებას. პროგრესს ფეხდაფეხ უნდა მივყვეთ. ვფიქრობ, ქართული რაგბის თემში საამისო პოტენციალი ნამდვილად არის.

- როგორია თქვენი საკლუბო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა?
- ბაზა დიღმის მასივის დასახლებაში გვაქვს. იქ ვვარჯიშობთ, თუმცა, როცა წვიმს, მოედანზე ვერ შევდივართ.

კლუბში 50 ზრდასრული მორაგბე და 150 ბავშვია. ცხადია, ასეთ პირობებში სრულფასოვანი წვრთნა არ ხერხდება.

თუმცა მალე ბაზაზე რეკონსტრუქცია დაიწყება, რის შემდეგაც გვექნება ორი მოედანი, აქედან ერთი ხელოვნურსაფარიანი. ასეთი ბაზა მარტო ჩვენ არა, ყველას უნდა ჰქონდეს.

- როგორც თქვენი მონათხრობიდან ჩანს, პირობები სახარბიელო არ გაქვთ. მიუხედავად ამისა, გაზაფხულის ტურნირის ფინალში მაინც გახვედით...
- კი, ფინალში გასვლა შევძელით და ვერ ვიტყვი, რომ იქაც რამე დავუთმეთ მეტოქეს. მატჩის ანგარიშიც 12:13 სწორედ ამაზე მეტყველებს.

ეს შეხვედრა მსაჯის არაპროფესიონალიზმის გამო წავაგეთ. ვიდეოანალიზის კადრები ვაჩვენე კიდეც სამსაჯო კოლეგიას და დამეთანხმნენ. არბიტრმა სერიოზული შეცდომები დაუშვა და მაშინ, როცა ანგარიშში სხვაობა მინიმალურია, სამ ქულას, ანუ ერთ საჯარიმოსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამასთან ერთად, ხელი ტრავმებმაც შეგვიშალა. ბევრი მოთამაშე გვყავდა დაშავებული და ბოლო ათ წუთში, როცა განსაკუთრებით გაგვიჭირდა, შეცვლა ვერ განვახორციელეთ.

სხვა შემთხვევაში თამაშს არ წავაგებდით. მინდა ყველასთვის გასახარად აღვნიშნო, რომ ჩვენი თამაში ჯერ ნახევარფინალში "ლელოსთან" და შემდეგ ფინალში "არმიასთან" სანახაობრივადაც კარგი გამოვიდა. მაყურებელმა, რომელიც ამ შეხვედრებს დაესწრო, ვფიქრობ, დიდად ისიამოვნა.

- საქართველოს ჩემპიონატი ახალი ფორმატით სექტემბერში იწყება. რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ამაზე ვერაფერს გეტყვით. კლუბის არსებული ბიუჯეტი ივნისის ბოლოს იწურება. მერე რა იქნება, არ ვიცი. არც ფორმის შესაკერი ფული გვაქვს და არც საწვრთნელი შეკრების ჩატარების. მორაგბეებს ვერც მიზერულ ხელფასებს ვაძლევთ.

- გამოდის, "ლოკომოტივი" დაიშლება?
- არა, გუნდი არ დაიშლება. "ლოკომოტივი" ნამდვილად ძალიან მეგობრული კოლექტივია, კარგი ბიჭები არიან, მაგრამ წინ რა მოგველის, ჯერ არ ვიცი, არაფერია გარკვეული.

აგერ, საქართველოს ნაკრებში, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, ოთხი ლოკომოტიველია. არადა, მინიმუმ რვა უნდა იყოს და თუ არ არის, იმიტომ, რომ სავარჯიშოდ შესაბამისი პირობები არ აქვთ.

- რადგან საქართველოს ნაკრები ახსენეთ, საინტერესოა თქვენი მოსაზრება ჩვენს ეროვნულ გუნდში განვითარებულ მოვლენებზე. რას ფიქრობთ "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელ მწვრთნელებზე?
- ცოტა შორიდან დავიწყებ. 2007 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში ავსტრალიელი სპეციალისტი ტიმ ლეინი მოიწვიეს. მან დაინახა, რომ ძირითადად ძალისმიერ რაგბის ვთამაშობდით და ცვლილებების შეტანა სცადა, თამაში გაშალა.

მერე ნაკრების სათავეში, რიჩი დიქსონის ხელმძღვანელობით, მოვიდნენ შოტლანდიელები. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სპეციალისტები იყვნენ, გუნდის თამაშს ხელი ვერ დაატყვეს.

უკმაყოფილონი ვართ, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრად მეტი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე მათი თავკაცობით გამოჩნდა.

ახლა მთავარი მწვრთნელი ახალზელანდიელია - მილტონ ჰეიგი. ის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. მანაც აქცენტი თამაშის გაშლაზე გადაიტანა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელის და მორაგბის, ოსტატისა და შეგირდის ურთიერთობას.

სწორი დამოკიდებულების, ურთიერთობის აწყობა კი სულიერ სიღრმესა და კულტურაზეა დამოკიდებული. ყოველივე ამაში ჩვენ ახალზელანდიელებისგან განვსხვავდებით. ამიტომ პირველ მატჩში, რომელიც წლეულს ესპანეთში გავმართეთ, მოხდა ის, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, გუნდს უკეთ უნდა ეთამაშა და, ცხადია, უკმაყოფილონი ვართ.

ერთი სიტყვით, ნაკრებთან მიმართებაში ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც გარედან, უცხო თვალისთვის არ ჩანს. ჰეიგის მუშაობის შეფასება გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული. ცხადია, თუ თამაშის ხარისხი მოიმატებს, ჩვენც მეტად კმაყოფილნი ვიქნებით.

მსოფლიოს თასის ბოლო ორ გათამაშებაში ჩვენი გუნდის გამოსვლა რომ შევადაროთ, ვერ ვიტყვი, რომ წინ წავედით. ერთი ეგ არის, რომ ჩვენზე აღარავინ ამბობს ზიმბაბვესა და მისი დარი ნაკრებების მსგავსად, ამათ მსოფლიოს თასის გათამაშებაზე რა უნდათო. ახლა ყველა მოწინააღმდეგე მთელი სერიოზულობით გვეკიდება და ეს უკვე კარგია.

თუ მივიჩნევთ, რომ წლეულს მსოფლიოს თასის გათამაშების მომდევნო პირველი წელიწადია, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების სასტარტო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მუხლჩაუხრელი შრომით შეგვიძლია წინ წავიდეთ, განვვითარდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბევრს სურს ლოკომოტივის დასშლა, მაგარ ვერ მოესწრებიან!!!!!!!!!!!!!!!!!
tata
18:51 13-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული