ლევან მაისაშვილი: "ლელოს" პრობლემა ფინანსებია

AutoSharing Option
სარაგბო კლუბი "ლელო" ბოლო ათწლეულია, ქართული რაგბის ერთ-ერთ წამყვან გუნდად და მორაგბეთა სამჭედლოდ გადაიქცა.

ლელოელები მუდმივად მრავლად არიან წარმოდგენილნი როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებებში.

შარშანდელ ჩემპიონატში "ლელო" მისთვის უჩვეულო, მეოთხე ადგილს დასჯერდა. ახლახან დასრულებულ გაზაფხულის ტურნირზე კი ნახევარფინალამდე გააღწია.

განვლილი შეჯიბრებისა და მომავლის გეგმების შესახებ "ლელოს" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გვესაუბრა.

- გაზაფხულის ტურნირისთვის მოსამზადებელი პერიოდი, როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივ რეჟიმში გავიარეთ. სავარჯიშო მოედნის იჯარა "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ძვირი ჯდება და ამიტომ იქ კვირაში სამჯერ ვვარჯიშობდით. სხვა დღეებში კი მთელ დროს
ძალოსნობაში წვრთნას ვუთმობდით.

თუმცა ამაზე მეტი პრობლემა უფრო ის იყო, რომ გუნდის სრული შემადგენლობის შეკრებას ვერაფრით ვახერხებდით. 20-წლამდელთა ნაკრებში ექვსი მორაგბე გვყავს მივლენილი და ექვსივე ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.

- გაზაფხულის ტურნირზე ნახევარფინალამდე გზა გუნდმა შესანიშნავად განვლო. იქაც პირველ მატჩში "ლოკომოტივთან" ბრწყინვალედ ითამაშა. განმეორებით შეხვედრაში რა მოხდა, რატომ ვერ შეძელით ათქულიანი უპირატესობის შენარჩუნება?
- ნახევარფინალამდე მართლაც ნორმალურად მივედით. იქ კი რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა.

ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებმა გვთხოვეს, არ გვეთამაშებინა ისინი, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ემზადებოდა.

ტრავმებისგან თავის არიდება სურდათ. ამასთან ერთად, შერკინებამაც ვერ ითამაშა სათანადოდ. ამას დაერთო მეტოქის შეუფასებლობა. გუნდი საასპარეზოდ ზედმეტად თავდაჯერებული გავიდა.

მართალი გითხრათ, ჩემთვის ამ ტურნირის მოგება თვითმიზანი არ იყო. მთავარი ამ შემთხვევაში გუნდის შენების პროცესია.

თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ტურნირის ფორმატი არასწორი იყო. თუ პირველადგილოსნის გარკვევა უნდოდათ, მაშინ საქართველოს თასი უნდა დაერქმიათ; თუ არა, კარგი იქნებოდა, ყველა ყველას შეხვედროდა, ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე, სადაც გუნდები სათამაშო სქემების დამუშავებას უფრო ნაყოფიერად შეძლებდნენ.

- მალე საქართველოს ჩემპიონატიც დაიწყება, რომელიც ახალი ფორმატით ჩატარდება. როგორ ემზადებით ამ შეჯიბრებისთვის?
- საქართველოს ჩემპიონატისთვის ჯერჯერობით არ ვიცით, როდის და სად მოვემზადებით. საწვრთნელი შეკრება ძალზედ ძვირი გვიჯდება.

კლუბს კი სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ახლახან სამ კომპანიასთან გვქონდა მოლაპარაკება. მათგან ორი სპონსორობაზე დაგვთანხმდა, მაგრამ ბოლო მომენტში რატომღაც უარი გვითხრა. არადა, ნებისმიერ მსურველს შეგვიძლია ორი ან სამწლიანი საინტერესო პროგრამა შევთავაზოთ. არავის აინტერესებს!

- ახლა სატრანსფერო ციებ-ცხელებაა და მომავალი ჩემპიონატისთვის ვინმეს ხომ არ იმატებთ?
- შერკინებაში დავიმატეთ სამი მოთამაშე ჩვენივე ახალგაზრდული გუნდიდან. ტრავმები მოიშუშეს და ჩემპიონატის დაწყებისთვის ფორმაში იქნებიან ზურაბ ხორბალაძე, დავით ბარბაქაძე და გიგა კორკელია.

საფრანგეთიდან დაგვიბრუნდა "ლელოს" აღზრდილი, საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი რეზო ბელქანია.

მალე 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებთან ერთად, საქართველოს ნაკრების წევრებიც, ლექსო გუგავა, ალექსანდრე თოდუა, ირაკლი ყიასაშვილი და ლაშა ხმალაძეც შემოგვიერთდებიან. ამჯერად უკვე ყველას ერთად შევკრებთ და ვეცდებით, სათანადოდ მოვემზადოთ.

- ახლახან შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა, რომელიც "ლელომ" დამაჯერებლად მოიგო...
- სრული შემადგენლობით ვერც ამ ტურნირზე ვითამაშეთ. ჩვენი ოთხი უკანახაზელი ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად კანადაში იმყოფება; რამდენიმე კი, ვისაც შვიდკაცას თამაში შეუძლია, 20-წლამდელთა ნაკრებშია.

მიუხედავად ამისა, ჩვენთვის საინტერესო იყო ეს ასპარეზობა. გიორგი კაჭარავამ და ირაკლი გეგენავამ შესანიშნავად ითამაშეს. ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები გიორგი ჭყოიძემ, რომელიც საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში მიიწვიეს.

შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველმა ეტაპმა საშუალება მოგვცა, რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე გამოგვეცადა. ალეკო ხეცოიძემ, ლევან კალანდარიშვილმა და დაჩი კოპაძემ დაამტკიცეს, რომ დიდი პოტენციალი გააჩნიათ და მუხლჩაუხრელი შრომით კარგი რაგბის თამაშს შეძლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული