გია ნიჟარაძე: შეგვიძლია, საქართველო ბევრჯერ გავახაროთ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული ორგანიზაციაა, რომლის მუშაობის მეთოდი და მოდელი ძალიან ბევრისთვის სამაგალითოა.

შესაბამისად, რაგბი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა საქართველოში, რომელსაც უკვე დიდი ხანია, ქართული რაგბის ქომაგებისთვის სიხარული მოაქვს.

ცხადია, ყოველივე ამის უკან უამრავი ადამიანის მუხლჩაუხრელი შრომა და გარჯაა. ისიც არაა საიდუმლო, რომ მდგომარეობა სასურველისგან ჯერ კიდევ შორსაა.

"ლელოს" დარბაზში სტუმრად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე მოვიწვიეთ, რომელმაც ქართული რაგბის წინსვლაზე, პრობლემებსა და მომავლის გეგმებზე გვიამბო.

- ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის გათამაშება მიმდინარეობს, რომლის პირველი წრის
დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. წლევანდელი შეჯიბრება ახალი ფორმატით ტარდება, გაიზარდა გუნდების რაოდენობა. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლა სიახლემ?
- საქართველოს ჩემპიონატის ახალი ფორმატით ჩატარებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. აქამდე ჩვენ ვიყავით ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჩამოვრჩებოდით ევროპულ გრაფიკს.

ეს ბუნებრივიც იყო, რადგან საკუთარი მოედნები არ გვქონდა, ადრე გაზაფხულზე თამაშებს ვერ ვატარებდით, ამ დროს ყველა სტადიონი ჩვენთვის იკეტებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ხელოვნურსაფარიანი მოედნები გაგვიჩნდა, შესაძლებელი გახდა, გათამაშების ფორმატი შეგვეცვალა.

გავზარდეთ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების რაოდენობა, გაიზარდა კონკურენცია. დღესდღეობით საქართველოში 5-6 თანაბარი ძალის გუნდია, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა ერთნაირად შეუძლია. პროგრესი, ცხადია, აშკარაა, თუმცა სასურველისგან შორსაა.

სერიოზული პრობლემაა მსაჯობა. ის არბიტრები, რომლებიც დიდი ხანი ქართულ რაგბის ერთგულად ემსახურნენ, ასაკის გამო სათანადო ფიზიკურ კონდიციებში ვეღარ არიან. ახალგაზრდებს კი, რომლებმაც მსაჯობის სურვილი გამოთქვეს, ჯერ შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ.

- რა ნაბიჯებს დგამს რაგბის კავშირი ამ ხარვეზის გამოსასწორებლად?
- გადავწყვიტეთ, უცხოელი მსაჯები მოვიწვიოთ. ამის თაობაზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებები წამყვანი სარაგბო ქვეყნების ფედერაციებთან.

ეს საკმაოდ რთული პროცესია, რაც სერიოზულ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ჩვენ შეგვეძლო უცხოელი მსაჯების უზრუნველყოფა ბინით, კვებით, ტრანსპორტირებით და დღიური ფულით. ამაზე, ცხადია, არ დაგვთანხმდნენ.

ამიტომ გადავწყვიტეთ, მიგვემართა რაგბის საერთაშორისო საბჭოსთვის. ვინაიდან ეს მარტო ჩვენი რაგბის პრობლემა არ არის, უპრიანი იქნებოდა, IRB-ს შეემუშავებინა სპეციალური პროგრამა, რომელიც ამ პროექტის ინიციატორი და დამფინანსებელი იქნება.

- უკვე თქვით, რომ რაგბის ხე
ლოვნურსაფარიანი მოედნები გაუჩნდა. რა ვითარებაა ამჟამად?
- ჯერჯერობით ორი სტადიონი გვაქვს. კიდევ ექვსი მშენებლობის პროცესშია. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს". მაშინ, როცა ათწლეულების განმავლობაში საერთოდ არაფერი არ გვქონდა, ეს უკვე ბევრია.

ამასთან ერთად, უნდა აღვნიშნო, რომ თუ გვინდა მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდეთ, ბევრად მეტი მოედნებია საჭირო.

აქვე მინდა ერთ მნიშვნელოვან, საჭირბოროტო თემას შევეხო. საქართველოს ნაკრებს ორჯერ მოუწია "ავჭალის სარაგბო" სტადიონზე თამაში ერთა თასზე. არადა, ამ მოედანზე 2 ათასი მაყურებელი ეტევა.

მიმაჩნია, რომ ყოვლად დაუშვებელია, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ასეთი ტევადობის სტადიონზე თამაშობდეს. იმედია, მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება.

ისე კი, ვფიქრობ, რომ საჭიროა, 25 ან 30-ათასიანი სარაგბო სტადიონი აშენდეს, რათა ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს.

- ზემოთ მსაჯების პრობლემაზე ისაუბრეთ. რაგბის განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური მწვრთნელების არსებობა. რა მდგომარეო
ბაა ამ მხრივ ქართულ რაგბიში?
- გასული საუკუნის 90-იან წლებში სპორტის ბევრ სახეობას ძალიან გაუჭირდა, ბევრმა დათმო პოზიციები. რაგბიში, ბევრისგან განსხვავებით, მაშინდელმა მწვრთნელებმა და კლუბების მესვეურებმა გაყიდეს ბინები და სპორტის სათაყვანო სახეობაში ჩადეს.

რაგბიში, სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ფული მოაქვთ და არა პირიქით. ასეთი უსაზღვრო ენთუზიაზმის წყალობით შენარჩუნდა და ნელ-ნელა განვითარდა რაგბი. ამას 90-იანი წლების ბოლოს სერიოზულ ტურნირებში ასპარეზობა და მერე მსოფლიოს თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლების მოპოვებაც მოჰყვა.

ცხადია, ეს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ თანამედროვე რაგბიში შიშველ ენთუზიაზმზე შორს ვერ წახვალ.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაღალი კვალიფიკაციის და, რაც მთავარია, განათლებული მწვრთნელები მოვამზადოთ.

ჩვენ გვჭირდება ისეთი მწვრთნელები, რომლებიც გამუდმებით სწავლობენ და სხვასაც ასწავლიან. ამ პროცესში ჩართულნი არიან მენეჯერები, ექიმები და ყველა ის ადამიანი, ვინც რაგბიში მოღვაწეობს.

საამისოდ შევქმენით ჯგუფი, რომელიც ახალგაზრდებით დავაკომპლექტეთ. მათ სათავეში ჩაუდგა შოტლანდიელი სპეციალისტი რიჩი დიქსონი, რომელიც მათ ტრენინგებს უტარებდა. ამჟამად ეს ახალგაზრდა სპეციალისტები თვითონ ასწავლიან სხვებს.

მათ შექმნეს ყველა ასაკის მორაგბეთა წვრთნის მეთოდიკა. ამ სახელმძღვანელოს თან ახლავს ვიდეომასალაც. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი წარმატებული გამოდგა და ის კიდევ უფრო ვითარდება. ასე რომ, კვალიფიციური მწვრთნელების აღზრდა ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა.

- ბოლო ხანს საკმაოდ იმრავლა ბავშვთა გუნდებმა. რაგბით დაკავებული ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. რამდენად მზად ხვდება რაგბის სამყარო ამ მატებას?
- მორაგბეთა რაოდენობის ზრდა თვალსაჩინოა. ოთხ წელიწადში მორაგბეთა რიცხვი გასამმაგდა. ამ მოვლენას ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, რადგან მომატებული რაოდენობის მორაგბეებს შესაბამისი დონის სარაგბო ბაზები და სპეციალისტები სჭირდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რაოდენობა დიდი კი გვექნება, მაგრამ ხარისხს დავკარგავთ. ბავშვი თუ თავიდანვე არასწორად გაიზარდა, შედეგი დადებითი არაფრით იქნება. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მორაგბეთა რაოდენობის ზრდასთან ერთად კვალიფიციური სპეციალისტების რიცხვიც გავზარდოთ.

- დიდი ხანი არ არის, რაც რაგბი პროფესიული გახდა. ის ფასეულობები კი, რომლითაც მსოფლიოს რაგბის თემი დღემდე ცხოვრობს, სწორედ სამოყვარულო ხანაში ჩამოყალიბდა. ალბათ, სწორედ ამის გამოა, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა სამოყვარულო რაგბის ლიგა ჩამოაყალიბა...
- მიმაჩნია, რომ ქართულმა სპორტმა ძალიან ბევრი დაკარგა სტუდენტური სპორტის გაუქმებით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დაიკარგა, ეს არის ინტელექტი. ეს კი სპორტის განვითარებას ძალიან ამუხრუჭებს. პირადად მე სამოყვარულო, სტუდენტური რაგბიდან ვარ.

ცხადია, მსოფლიოში განვითარებულ პროცესებს გვერდს ვერც რაგბი აუვლიდა და ისიც პროფესიული გახდა. თუმცა მსოფლიოს რაგბის მამები ძალიან ფრთხილობენ. ეშინიათ, ის ფასეულობები, რაც აქამდე მოჰყვა მსოფლიოს რაგბის თემს, არ დაჩრდილოს ფულმა, კომერციულმა საქმიანობამ. ეშინიათ იმის, რაც უკვე მოხდა ფეხბურთში.

საქართველოში სამოყვარულო რაგბის ხელშეწყობა "სამოყვარულო ლიგის" შექმნით არ დაწყებულა.

სტუდენტური რაგბი, ქვიშის რაგბი, თოვლის რაგბი, თაჩ-რაგბი - ყველა ამ მიმართულებით რაგბის კავშირი ხშირად ატარებს ტურნირებს.

ეს შეჯიბრებები იზიდავენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და საშუალებას აძლევს, რაგბის ფასეულობებს ეზიარონ. მათ შორის ხდება ტალანტების მოძიება და ამასთან ერთად, იქმნება რაგბის გულშემატკივრების უზარმაზარი არმია, რომლებიც მერე შეძლებისდაგვარად ეხმარებიან სპორტის ამ სახეობას.

- ყოველივე იმას, რაზეც ზემოთ ისაუბრეთ, ცხადია, ფინანსები სჭირდება. რა საშუალებით ახერხებს რაგბის კავშირი საჭირო თანხების აკუმულირებას?
- ჩვენ გვაქვს დაფინანსების რამდენიმე წყარო. ეს არის სახელმწიფო, კერძო სექტორი და რაგბის საერთაშორისო საბჭო. შევიმუშავეთ რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ოთხ წელიწადზე 17,5 მილიონი ლარი იყო.

აქედან 6,5 მილიონი საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდისთვის გამოიყო. რომ არა ეს პროგრამა, გვერწმუნეთ, ახლა არც კლუბები გვეყოლებოდა, არც ჩემპიონატი გვექნებოდა და ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდით.

ამასთან ერთად, ვერ შევძლებდით სხვადასხვა ასაკის ნაკრებების შექმნას. ოთხი წლის წინათ სამი ნაკრები გვყავდა, ახლა 10 გვყავს, რომლებიც ყველანაირად უზრუნველყოფილნი არიან.

კერძო სექტორიდან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს", რომლის დახმარების პროგრამითაც აშენდა და დღემდე შენდება სტადიონები. შეიქმნა საქართველოს A ნაკრები, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში უსახსრობის გამო ვერ ვქმნიდით.

მართალია, დიდად არა, მაგრამ მაინც გაიზარდა IRB-ის გრანტის ოდენობაც. ეს ორგანიზაცია ორი სახის გრანტს გვაძლევდა. ერთის ოდენობა 118 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო და ამდენივე დარჩა. მეორე კი 200 ათასი გირვანქა სტერლინგიდან 350 ათასამდე გაიზარდა. ეს ის გრანტებია, რომლებიც კონკრეტული მიზნებისთვის უნდა დაიხარჯოს და მის ეფექტურობას წელიწადში სამჯერ IRB-იდან მოვლენილი რევიზია ამოწმებს.

რაგბის კავშირის უერთგულესი სპონსორები იყვნენ "ნატახტარი", "კვარციტი" და სხვადასხვა ბანკი.

სამწუხაროდ, ბიზნესი დღეს დაინტერესებული არ არის, სპორტში ფული ჩადოს. ვფიქრობ, შესაცვლელია კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას, თუ მოგებას არ ნახავს, მინიმუმ, არ იზარალოს.

სერიოზული პრობლემა არსებობს ტელეტრანსლაციებთან დაკავშირებით. სპონსორები ითხოვენ, რომ მათ ტელევიზიით რეკლამა გაუკეთონ.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სპორტული ორგანიზაციები ტელეტრანსლაციების გაყიდვიდან ფულს ვერ იღებს. ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე მთავრდება და გინახავთ რომელიმე არხზე ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია?

არადა, ტელესივრცის დაკავების გარეშე სპორტის ვერცერთი სახეობა ვერ განვითარდება. მაგალითად, შარშან "აფხაზეთის ხმას" ფულს იქით ვუხდიდით, რომ ჩვენი ჩემპიონატის ტრანსლაცია მოეწყო. სანამ თანხა გაგვაჩნდა, ამ პროექტს ვაფინანსებდით.

- მოდით, ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ. "ბორჯღალოსნებს" ნოემბერში ორი ტესტ- მატჩი ელის. ცნობილია, რომ მთლიანად გაწერილია მომავალი წლის საქართველოს ნაკრების თამაშების კალენდარიც...
- ნოემბერში ორი ძალიან მძიმე ტესტი გვექნება. ეს ზუსტად ის სანაკრებო ტესტებია, რომლის დანიშვნასაც დიდი ხნის განმავლობაში ვთხოვდით IRB-ს. ვამბობდით, რომ გვინდა ჩვენზე ძლიერ გუნდებს ვეთამაშოთ, რათა უფრო განვვითარდეთ, პროგრესი განვიცადოთ. რაგბის საერთაშორისო საბჭომ მხარი დაგვიჭირა და ნოემბერში იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებს ვუმასპინძლებთ.

მომავალი წლის ივნისში არგენტინაში გავემგზავრებით. მანამდე კი თბილისში საერთაშორისო ტურნირს გავმართავთ, თუმცა საბოლოო შეთანხმება ამ საკითხზე IRB-მა და საქართველოს მთავრობამ უნდა მიაღწიონ.

გვინდა, ეს შეჯიბრება ტრადიციული გახდეს. ნოემბერში კი აშშ-სა და კანადის ეროვნული გუნდები გვეწვევიან.

ამჟამად კი, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან რთული მატჩები გველის. ფიჯის ნაკრებს შარშან ოდნავ ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა ამჟამად ყველაფერი წესრიგში აქვთ და უძლიერესი შემადგენლობით მოდის.

ცხადია, ძლიერი გუნდია იაპონიის ნაკრებიც, რომელსაც ძლიერი ავსტრალიელი სპეციალისტი, დედით იაპონელი ედი ჯონსი წვრთნის.

დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელი არც ჩვენ გვყავს. სამწუხაროდ, მილტონ ჰეიგის ასისტენტმა ოჯახური პრობლემების გამო დაგვტოვა.

ჩვენ მის პრობლემებს გაგებით მოვეკიდეთ და კონტრაქტი გავუწყვიტეთ. რაც შეეხება ჰეიგს, მას თვეში ათი ათას დოლარს ვუხდით, რაც რეიტინგში პირველ 25 ადგილზე მყოფ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა და ეს არ არის კარგი.

ნოემბერში რაგბის ქომაგებს სიურპრიზს შევთავაზებთ. ჯერ არ მინდა გავაცხადო, რადგან საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. ფიჯისა და იაპონიის ნაკრებებთან სამზადისში ჰეიგს ორი უმაღლესი რანგის სპეციალისტი დაეხმარება. ჩვენ მათთან მოლაპარაკებას ვაპირებთ, რათა მსოფლიოს თასზე გასვლის შემთხვევაში, ნაკრების მომზადებაში დაგვეხმარონ.

იაპონიის ნაკრებთან მატჩზე დასასწრებად IRB-იდან მაღალჩინოსანთა დელეგაცია გვეწვევა, რომელიც ჩვენს მთავრობას შეხვდება და მომავლის გეგმებზე დაილაპარაკებენ.

- შვიდკაცა რაგბი ოლიმპიური სახეობა გახდა. რა კეთდება საიმისოდ, რომ საქართველოს ნაკრებმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვოს?
- აქამდე შვიდკაცა რაგბის დაფინანსება წელიწადში 25 ათასი ლარი იყო. ჩვენ ტანჯვა-წამებით, უფულოდ, დიდი გაჭირვებით მაინც მოვახერხეთ და 2013 წელს მოსკოვში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ.

ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი, უბრალო ამბავი. საქართველოს რამდენი ნაკრები ახერხებს სათამაშო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას?

ახალი ოლიმპიური ციკლი მომავალი წლიდან იწყება და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა ოლიმპიადაზე წამსვლელ 12 გუნდში მოვხვდეთ.

ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლომდე დავიხარჯებით. ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ეს საჩუქარი გავუკეთოთ, ჩვენ შეგვიძლია საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახაროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბავშვთა რაგბს მიხედეთ! როგორ სტადიონებზე ვარჯიშობენ, "ჯიქების" სტადიონი ნახეთ, ბავშვები მეცოდება...
რაგბის ფანი
21:00 30-10-2012
0
ტელეტრანსლაცია როგორმე მოაგვარეთ და გვაჩვენეთ საქართველოს ჩემპიონატი!!!
dashduld
15:57 27-10-2012
0

სიახლეები პოპულარული