"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" გრანპრიზე ადგილი შეინარჩუნეს

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა წლევანდელი სეზონის ბოლო, ოფიციალურ ტურნირზე ბუქარესტში, გრანპრის ეტაპზე იასპარეზა.

ჩვენმა მორაგბეებმა რუმინეთის დედაქალაქში გამართულ შეჯიბრებაზე მე-6 ადგილი დაიკავეს.

ამ ტურნირის წინ საქართველოს ნაკრები მძიმე მდგომარეობაში იყო. ჩვენს მეშვიდკაცეებს ლიონის ტურნირის შემდეგ მხოლოდ ერთი სარეიტინგო ქულა ჰქონდათ და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი ეკავათ.

შეჯიბრება "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიის ნაკრებთან მარცხით დაიწყეს - 0:7, თუმცა მერე მასპინძლებს სძლიეს უმძიმეს ბრძოლაში - 19:14.

როგორც ჩანს, ამ მატჩს ჩვენმა მორაგბეებმა ზედმეტი ძალები შეალიეს და იტალიასთან მომდევნო შეხვედრაში 5:14 დავმარცხდით.

სამაგიეროდ, პირველი
დღის ბოლო მატჩი უელსის ნაკრებთან შესანიშნავი გამოდგა. ჩვენმა გუნდმა 24:7 გაიმარჯვა და A ჯგუფში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

ამ პოზიციის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრებს მეორე დღეს, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში ინგლისის შვიდკაცა რაგბის ნაკრების დამარცხება მართებდა. ეს ძალიან რთული განსახორციელებელი გამოდგა და ჩვენი მორაგბეები 7:24 დამარცხდნენ.

საბოლოოდ, ჯგუფში მე-4 ადგილზე გავედით და ტურნირში მე-5 ადგილისთვის ბრძოლა განვაგრძეთ.

სინისთვის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას 22:7 მოუგო. ამ გამარჯვების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ჩვენმა გუნდმა გრანპრიზე ადგილი შეინარჩუნა, თუმცა მსოფლიოს სერიაში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.

სინისთვის ფინალში კი ჩვენმა მეშვიდკაცეებმა პორტუგალიის ნაკრებთან წააგეს - 10:24 და მეექვსე ადგილს დასჯერდნენ.

ტურნირი ინგლისის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში საფრანგეთის გუნდს სძლია - 31:7. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანები გიორგი კალმახელიძე, ლევან გოგოლაშვილი და ზურაბ ძნელაძე იყვნენ, რომლებმაც სამ-სამი ლელო მიითვალეს.

საქართველოს ნაკრები: ბიძინა სამხარაძე (ტიმიშოარა), ლევან გოგოლაშვილი, შავლეგ მახარაშვილი (ორივე - ყოჩები), რამაზ ხარაზიშვილი, დიმიტრი კალანდაძე (ორივე - ჯიქები), რატი ნუცუბიძე, გიორგი კალმახელიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, გიორგი შკინინი (ყველა - არმია), ზურაბ ძნელაძე (აია), თორნიკე ცერცვაძე (ლელო).

გრანპრი
A ჯგუფი
საქართველო-პორტუგალია 0:7, უელსი-რუმინეთი 14:10, ინგლისი-იტალია 19:0, საქართველო-რუმინეთი 19:14, პორტუგალია-იტალია 17:19, ინგლისი-უელსი 40:7, საქართველო-იტალია 5:14, ინგლისი-რუმინეთი 14:7, უელსი-პორტუგალია 7:10, საქართველო-უელსი 24:7, რუმინეთი-იტალია 21:14, ინგლისი-პორტუგალია 26:14, საქართველო-ინგლისი 7:24, უელსი-იტალია 12:20, პორტუგალია-რუმინეთი 7:0.

სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 15 ქულა, 2. პორტუგალია - 11, 3. იტალია - 11, 4. საქართველო - 9, 5. რუმინეთი - 7, 6. უელსი - 7.

V ადგილისთვის
საქართველო-გერმანია 22:7
პორტუგალია-შოტლანდია 19:12

ფინალი
საქართველო-პორტუგალია 10:24

საბოლოო მდგომარეობა
1. ინგლისი, 2. საფრანგეთი, 3. რუსეთი, 4. იტალია, 5. პორტუგალია, 6. საქართველო, 7. შოტლანდია, 8. გერმანია, 9. რუმინეთი, 10. უელსი, 11. ესპანეთი, 12. უკრაინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული