"გავა დრო და ელიტის გუნდებთან მოგება ჩვეულებრივი ამბავი გახდება"

AutoSharing Option
2013 წელიც მიილია. ქართული რაგბი ტრადიციებს არ ღალატობს და ქომაგებს ახალ-ახალი წარმატებებით ახარებს.

ახლახან, სულაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მყოფი სამოას ეროვნული გუნდი დაამარცხეს. წარმატება გასულ სეზონში სხვაც ბევრი ყოფილა. თუმცა, ცხადია, პრობლემები და საკეთებელი წინ კიდევ აურაცხელია.

ყოველივე ამის შესახებ კი რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე მოგვითხრობს, რომელიც ნომინაციაში "წლის საუკეთესო მენეჯერი" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის ლაურეატად გამოაცხადა.

- წლევანდელი სეზონი ერთა თასის გათამაშებით დაიწყო, რომელიც იმავდროულად 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი
ტურნირის პირველი წრე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მატჩში საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადაგვხდა და თამაშის ხარისხიც სასურველი ვერ იყო, დასახულ მიზანს მაინც მივაღწიეთ.

პირველი ადგილი დავიკავეთ და ახალ სეზონს ლიდერის რანგში ვხვდებით. მსოფლიოს თასის გათამაშებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, სადაც აუცილებლად C ჯგუფში უნდა მოვხვდეთ. საამისოდ კი, ერთა თასზე ხუთივე მატჩის მოგება იქნება საჭირო.

- ეს რაც ეხება ნაკრებს. თუმცა არანაკლებ საინტერესო ბრძოლები და მოვლენები განვითარდა ეროვნულ ჩემპიონატში...
- სანაკრებო მატჩების პარალელურად მიმდინარეობდა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე, რომელშიც ექვსი ფავორიტი გუნდი გამოიკვეთა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩემპიონატის დონე ამაღლდა, კონკურენცია გაიზარდა.

გათამაშების მიმდინარეობისას ბევრი ძალიან კარგი მატჩი ვნახეთ. შესანიშნავი გამოდგა ფინალი, სადაც "ლელომ" "არმიას" ჩემპიონობა ჩამოართვა.

ვფიქრობ, განვლილი წელიწადის უდიდესი მონაგარი იყო ქართული კლუბებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა.

იმ ბიუჯეტით, რაც აქამდე კლუბებს ჰქონდათ, განვითარება გაგვიჭირდებოდა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა და ამ პრობლემის გადაჭრაში მოგვეხმარა.

- წლეულს თბილისში IRB-ის ეგიდით პირველად ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი. ამ შეჯიბრების ჩატარების უფლების მოპოვება იოლი საქმე არ არის...
- ჩვენი წინსვლა სათანადოდ დააფასა რაგბის საერთაშორისო საბჭომ, რომელმაც თბილისის საერთაშორისო ტურნირის დაარსებაზე თანხმობა განაცხადა. მინდა შეგახსენოთ, რომ ექვსი ერის გარდა მსოფლიოში სულ სამი შეჯიბრება ტარდება. ესენია: წყნარი იკეანის აუზის ერთა თასი, IRB-ს ერთა თასი ბუქარესტში და მესამეა "თბილისის თასი".

მაქსიმალისტები ვართ და მეტოქეებად მხოლოდ უძლიერესი სარაგბო ქვეყნების ნაკრებები გვინდა.

თუმცა, მიმაჩნია, რომ არგენტინის, იტალიის, ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის A ნაკრებები შესანიშნავი გუნდებია საიმისოდ, რომ ჩვენმა ახალგაზრდა მოთამაშეებმა მათთან თამაშით ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღონ.

წელიწადის ამ დროისთვის ეროვნულ გუნდში ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება გვიჭირს, ამიტომ "თბილისის თასს" ახალგაზრდების გამოსაცდელად გამოვიყენებთ.

მიუხედავად იმისა, რომ წლეულს ეს ტურნირი ვერ მოვიგეთ, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ მან ბევრი სასარგებლო რამ მისცა ნაკრებს.

- ახალგაზრდა მორაგბეები ახსენეთ. თვალნათლივ ჩანს, რომ ქართულ რაგბის კარგი მომავალი თაობა ეზრდება. თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება რად ღირს?
- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მართლაც შესანიშნავად იასპარეზა. ჩვენმა გუნდმა წინა წელს გაუგებრობის გამო დაკარგული ტიტული დაიბრუნა. ეს გუნდი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ევროპის ჩემპიონატი ძალიან იოლად, ერთი ამოსუნთქვით მოიგო. ჯერ კიდევ მატჩების დაწყებამდე ყველამ წინასწარ იცოდა, რომ პირველობას არავის დავუთმობდით.

მომავალ წელს 19-წლამდელთა ნაკრებს კიდევ უფრო მაღალი მიზნისთვის მოუწევს ბრძოლა. ჰონგ კონგში გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე აუცილებლად პირველი ადგილი უნდა დაიკავოს და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს.

- ყველაზე რეზონანსული, ცხადია, ნოემბრის ტესტებზე გამართული შეხვედრები იყო. ამ მატჩებს, როგორც თავად მორაგბეები და მწვრთნელები აცხადებდნენ, უნდა გაეცა კითხვაზე პასუხი, სად იმყოფება? რა დონის ნაკრებია ჩვენი გუნდი?
- ნოემბრის ტესტები უნდა ყოფილიყო ნაკრების მწვრთნელების ორწლიანი მუშაობის ლაკმუსის ქაღალდი. პირველი მატჩი კანადის ნაკრებთან ძალიან მძიმე იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გუნდმა უკეთესად ითამაშა და გავიმარჯვეთ.

აშშ-ის ნაკრებთან საწყისი და ბოლო ოცი წუთი შესანიშნავი იყო, თუმცა შუალედში ყველაზე ცუდი ხარისხის თამაში ვაჩვენეთ ამ ტესტებზე.

მართალია, ტაბლოზე საქართველოს ნაკრების მარცხი დაფიქსირდა, მაგრამ ქომაგებმა კარგად იციან, რომ არა მატჩის მიწურულს დაშვებული ფატალური შეცდომა და მსაჯის აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება, (IRB-ს სამსაჯო კომიტეტმა ეს აღიარა) ვიცით რომ ეს თამაში მოვიგეთ.

ის მატჩი მაინც ჩვენი გუნდის აქტივშია.

ამას მოჰყვა ისტორიული გამარჯვება სამოას ძალიან ძლიერ გუნდთან. რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ამდენად, ჩვენ ავედით სრულიად სხვა საფეხურზე. ამიერიდან მოგვიწევს მეორე და პირველი დონის გუნდებთან თამაში.

ესენი ჩვენი დონის ან უფრო უკეთესები არიან. ამიტომ, ხან წავაგებთ და ხან მოვიგებთ. უნდა შევეჩვიოთ მათთან თამაშს. გავა დრო და ამ გუნდებთან მუდმივად მოგება ჩვეულებრივი ამბავი გახდება.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ სამოასთან გამარჯვების შემდეგ მომავალი მეტოქეები ნოემბრის ტესტებზე ასევე მაღალი დონის იქნებიან...
- დიახ, IRB დარწმუნდა, რომ ინვენსტიციებს სწორად დებს. მომავალ ტესტებზე სავარაუდოდ ირლანდიის ნაკრებთან მოგვიწევს თამაში 15 ნოემბერს სტუმრად "ავივა სთედიუმზე".

8 და 22 ნოემბერს კი თბილისში, სავარაუდოდ, კუნძულელებს ვუმასპინძლებთ.

ვფიქრობთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილება იყო ფრანგ სპეციალისტთან, შერკინების მწვრთნელ დიდიე ბესისთან ხელშეკრულების გაფორმება.

მისი ნაკრებში მოწვევა საფრანგეთში მოასპარეზე წამყვანი მორაგბეების რეკომენდაციით მოხდა. ბესიმ შესანიშნავად გაართვა საქმეს თავი და მისი გაწეული სამსახურით ყველანი კმაყოფილი ვართ.

- ქართული რაგბის ინფრასტრუქტურა ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. რა სიახლეები გველის ამ მიმართულებით 2014 წელს?
- მომავალ წელს დასრულდება "ლელოს" სარაგბო კომპლექსის მშენებლობა დიდ დიღომში. წესით, უნდა დასრულდეს ქუთაისის სარაგბო ბაზის მშენებლობის პირველი ეტაპი. ანუ მწყობრში ჩადგება ძირითადი სტადიონი და ერთი სათადარიგო მოედანი.

ამის შემდეგ დაიწყება კიდევ ორი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა. იმედი გვაქვს, რომ დასრულდება ფოთისა და მარტყოფის კომპლექსების მშენებლობაც.

მარტყოფში მოედანი მოწყობილია, ახლა იქ სასტუმრო კომპლექსია გასაკეთებელი. მაღალი დონის ბაზა გამოდის და მისი გამოყენება კლუბებსაც შეუძლიათ საწვრთნელი შეკრებისთვის და ახალგაზრდულ ნაკრებებსაც.

გამორიცხული არ არის, ამ ბაზამ "შევარდენის სარაგბო აკადემიის" ფუნქციების ნაწილიც შეითავსოს.

სტადიონის მშენებლობა ახალი დაწყებულია გორში. მომავალ წელს უნდა დაიწყოს ბათუმში, თელავსა და რუსთავში.

იმედი გვაქვს, დიღომში არსებულ "ლოკომოტივის" ბაზაზე მცხოვრებ ლტოლვილებს უკეთეს პირობებს შესთავაზებენ. ამის შემდეგ ამ ბაზის რეკონსტრუქციაც დაიწყება.

რაგბის კავშირს ტერიტორია აქვს ნუცუბიძის პლატოზე, სადაც გარკვეული საკომუნიკაციო პრობლემებია მოსაგვარებელი და იქაც შეიძლება კარგი სარაგბო კომპლექსის აშენება.

- ყოველივე ზემოთ თქმულის განხორციელებას სერიოზული ფინანსური სახსრები სჭირდება...
- ცხადია, ასეა. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გვერდში დგომისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ერთგულ სპონსორებს: საქველმოქმედო ფონდ "ქართუს", რომლის დახმარებაც არის უზარმაზარი. ასევე კომპანია RMG-სა და "ნატახტარს".

მათთან ერთად ყველა იმ კომპანიასა და ფიზიკურ პირს, ვინც გვერდში გვედგა, გვეხმარებოდა.

მინდა მივმართო ქართული რაგბის ქომაგებს: ძვირფასო მეგობრებო, მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მუდამ მნიშვნელოვანია თითოეული მორაგბისთვის.

ვეცდებით თქვენთან ერთად კიდევ არაერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს.

საბოლოო ჯამში 2013 წლის სეზონი წარმატებული იყო. ეს არის უამრავი ადამიანის შრომის შედეგი.

თითოეულ მათგანს უღრმეს მადლობას ვეუბნები. ქართული სარაგბო თემის სახელით, მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას ახალი წლის დადგომა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს წელი იქნება ბედნიერებისა და წარმატების მომტანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი მადლობა ბატონო გია თქვენ და თქვენს კოლექტივს ყველაფერ იმისთვის რასაც აკეთებთ, დიდი მადლობა ქართველ მორაგბეებს იმ სახარულისთვის რომელსაც ყოველი გამარჯვებით გვანიჭებენ, თქვენი ყოველი გამარჯვება მთელი ერის გამარჯვებაა.
zura zz
23:27 31-12-2013
0

სიახლეები პოპულარული