რატომ ვთქვით ევროთასებზე უარი? - ინტერვიუ გიორგი ნიჟარაძესთან

AutoSharing Option
კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია "ჩელენჯ კაპის" გათამაშების შესარჩევი, მე-3 დონის ევროპული საკლუბო ტურნირის გამართვის შესახებ, სადაც, წესით, საქართველოდან "თბილისის კავკასიელებს" უნდა ეთამაშათ, თუმცა...

ქართული კლუბის მონაწილეობა ამ ტურნირზე შეუძლებელია. რატომ? ამის თაობაზე განმარტება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ გააკეთა:

"სანამ გადავალთ უშუალოდ ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მოდი, დავბრუნდეთ ცოტა უკან. როგორც მოგეხსენებათ, პირველად ჩვენს ისტორიაში, წლეულს თბილისური და ქუთაისური კლუბების ნაკრებმა გუნდმა, რომელსაც დაერქვა "თბილისის კავკასიელები", მიიღო მონაწილეობა "ჩელენჯ კაპის" გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ აგერ, უკვე მე-8 წელია,
რაც რაგბის კავშირში ვარ და მსგავსი ქაოსი, რომელიც ამ საკვალიფიკაციო ტურნირს ახლდა, არსად მინახავს. ამას გულწრფელად და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.

ჩვენ ისე ვეთამაშეთ იტალიურ კლუბ "როვიგოს", რომ პრაქტიკულად, არაფერი ვიცოდით. არ იყო ცნობილი პრინციპი, მოწინააღმდეგე, დროები, პირობები, დაფინანსება და უნდა ითქვას, რომ ბრმად ჩავერთედ ამ საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში.

ვინაიდან ქართული კლუბების ევროპულ ასპარეზზე გასვლას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, ამის გამო მოგვიწია საქართველოს ჩემპიონატის ფორმულის შეცვლა და მისი ორი კვირით ადრე, აგვისტოში დაწყება.

იმისათვის, რომ შეგვექმნა პირობები ჩვენი გუნდის მოსამზადებლად, პირველი წრის კალენდარში შეიქმნა სპეციალური, ეგრეთ წოდებული ორ-ორკვირიანი ფანჯრები.

ამან ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა:

1) ვერ ვიშოვეთ ფული და მოგვიხდა ჩვენი ბიუჯეტის სხვა სტატიების შემცირების ხარჯზე დაუგეგმავი და სერიოზული ხარჯების გაწევა;

2) ამ ფანჯრებმა გუნდებს მოსამზადებელ პერიოდში სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

წარმოიდგინეთ, გუნდები ემზადებიან ჩემპიონატისთვის, თამაშობენ ერთ თამაშს, შემდეგ ორ ტურს ტოვებენ, მერე ისევ თამაშობენ და კვლავ ორ ტურს ტოვებენ.

ასეთი გრაფიკი ნებისმიერ გუნდს დაანგრევს და პირდაპირ ვიტყვი, რომ ამან საკმაოდ სერიოზულად იმოქმედა გუნდების თამაშის ხარისხზე პირველ წრეში, ვინაიდან ეს სერიოზულ ზიანს აყენებს გუნდების მომზადებასა და მათი თამაშის ხარისხს;

შემდეგ მოხდა, რაც მოხდა - ვითამაშეთ იტალიურ გუნდთან და წავაგეთ. ამის მერე მოგვდის ოფიციალური წერილი, სადაც წერია, რომ მომავალ წელს, ანუ 2015 წელს კვლავ სექტემბერში ვითამაშებთ ორ გადასასვლელ თამაშს "ჩელენჯ კაპიდან" ქვედა დივიზიონში ჩამოქვეითებული ორი გუნდიდან ერთ-ერთთან.

შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ მთელ შემდეგ წელიწადს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მეტი შეხება არავისთან გვაქვს, არავინ გვეხმაურება და შესაბამისად, არანაირ სიახლეს არ ვღებულობთ...

ნოემბრის ბოლოს ჩავედით პარიზში "რაგბი ევროპის" (რაგბის ევროპული ფედერაცია) გენერალურ ასამბლეაზე, სადაც გვხვდება EPCR-ის (ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბი, კომპანია, რომელიც ექსკლუზიურად მართავს ევროპაში საკლუბო ტურნირებს. შემდგომში ეპსრ) მხრიდან "რაგბი ევროპასთვის" გამოგზავნილი შემოთავაზების ამბავი, სადაც გვეუბნებიან: ეპსრ-მა შეიმუშავა "ჩელენჯ კაპზე" კვალიფიკაციის სრულიად ახალი ფორმატი, რომლის მიხედვითაც, ქართულმა გუნდმა უნდა ითამაშოს საკვალიფიკაციო ტურნირი - ორი თამაში იანვარში, ორი თამაში აპრილში და ორი თამაში მაისში.

ამ ტურნირში გამარჯვებული მონაწილეობას იღებს "ჩელენჯ კაპის" 2015-16 წლების გათამაშებაში (სავარაუდოდ, ნოემბერი, დეკემბერი და იანვარი). ამას გვეუბნებიან პირველ თამაშებამდე ერთი თვით ადრე. თან ჩვენ კი არ გვატყობინებენ, არამედ გველაპარაკებიან "რაგბი ევროპის" მეშვეობით, რომლის პოზიციაც ახლავე მინდა ვთქვა, რომ არის აგრეთვე მკვეთრად ნეგატიური ასეთი დამოკიდებულების გამო.

ის, რასაც ეპსრ აკეთებს, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის არაპროფესიონალური, უპასუხისმგებლო და არაკოლეგიალური დამოკიდებულება.

სარაგბო სამყაროში ყველას ესმის, რომ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ვერაფრით ვერ ვიშოვით იმდენ ფულს, რომელიც ეყოფა ამ ექვს თამაშს და ამ ტურნირის მოგების შემთხვევაში 2015 წლის ბოლოს, 2016 წლის დასაწყისში დამატებით კიდევ ექვსი თამაშისთვის საკმარის თანხებს.

პრაქტიკულად, გამოდის, რომ იმ ბიუჯეტს, რომელიც ჩვენ გვქონდა გათვლილი მაქსიმუმ ექვს თამაშზე (დაახლოებით 800 000 ლარი ან ცოტა მეტი), ემატება კიდევ ექვსი თამაში და ბიუჯეტი ორმაგდება.

ამაში ეპსრ არც ერთ თეთრს არ გვაძლევს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წლის ბოლოს, დეკემბერში, საქართველოში ამ ოდენობის ბიუჯეტის მოძიება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეს თანხა რომ გვეშოვა კიდეც, იძულებულნი ვიქნებოდით, კვლავ შეგვეცვალა საქართველოს ჩემპიონატის ფორმატი - მეორე წრეში, როდესაც გუნდები იბრძვიან პლეი ოფებში მოსახვედრად და საპრიზო ადგილებისთვის, შეგვექმნა ორკვირიანი სამი ფანჯარა. ამით, პრაქტიკულად, ვანგრევდით ჩემპიონატს და ჩვენს კლუბებს შევუქმნიდით უსერიოზულეს პრობლემებს.

ეპსრ-მა დააფიქსირა, რომ ზამთარ-გაზაფხულის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია გამოვიდეთ "თბილისის კავკასიელების" სახელით, მაგრამ თუ გავიმარჯვებთ, "ჩელენჯ კაპზე" უკვე კლუბის სახით უნდა წარვდგეთ, ანუ გამოდის, რომ შეჯიბრებას იწყებ ერთი გუნდით ("თბილისის კავკასიელები") და გამარჯვების შემთხვევაში უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებაში უნდა წარდგე უფრო სუსტი გუნდით.

ეპსრ-ს გადაწყვეტილება არის უამრავი პრობლემის შემცველი, დაუფიქრებელი, ჩვენთან პირდაპირი კომუნიკაციისა და შეთანხმების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ "რაგბი ევროპის" ყველა მაღალჩინოსანი, ვისაც ეხება და ხელეწიფება ამ საქმეებთან მუშაობა, სრულიად იზიარებს ჩვენს ნეგატიურ პოზიციას და ეს არის ასახული როგორც პირად საუბრებში, ასევე მათთან ოფიციალურ მიმოწერაში.

ჩვენ, რასაკვირველია, კონსულტაცია გავიარეთ "მსოფლიო რაგბისთან" (რაგბის საერთაშორისო ფედერაცია) და მათგანაც სრული გაგება და მხარდაჭერა მივიღეთ.

"რაგბი ევროპის" გენ-ასამბლეაზე შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებთან შევთანხმდით, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაიმართებოდა რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდით, რომელსაც ოფიციალურად შევატყობინებდით "რაგბი ევროპას".

გამგეობის სხდომა პარასკევს, 5 დეკემბერს გაიმართა, რომელზედაც ერთხმად დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო აბსოლუტურად შეუძლებელია ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება; დაფიქსირდა ნეგატიური დამოკიდებულება ეპსრ-ს მხრიდან მსგავსი მიდგომების გამო.

გამგეობის გადაწყვეტილებაში დაფიქსირდა, რომ მიუხედავად ჩვენი სურვილისა, სამწუხაროდ, ვერ ვიღებთ 2015 წლის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას. ასევე, გამოითქვა იმედი, რომ ეპსრ "რაგბი ევროპასთან" ერთად ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდება ამ ტურნირის მკაფიო კონცეფციაზე და ეს გადაწყვეტილება ერთი წლით ადრე მაინც იქნება ცნობილი მონაწილე ქვეყნების რაგბის კავშირებისთვის.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამგეობა იყო გაფართოებული, რომელსაც ესწრებოდა უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის წარმომადგენელი და გადაწყვეტილება იქნა მიღებული ერთხმად. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვერ გავექცევით.

ამის საპირწონედ, ერთადერთი, რაც 2015 წელს შეიძლება გაკეთდეს, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვახერხეთ სპონსორის მოძებნა და გარკვეული თანხების მოზიდვა, არის უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის აგვისტოში, სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში წამყვანი ევროპული ლიგების კლუბებთან ამხანაგური თამაშების ჩატარება ევროპაში ან საქართველოში. თუმცა, აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არის მსოფლიოს თასის გათამაშების წელი. ყველა თეთრი არის გაწერილი, ყველა თანხა არის მოთხოვნილი და დამატებითი თანხების მოძიება ძალიან მძიმე ამოცანა იქნება, თუ კერძო სექტორმა არ გამოიჩინა კეთილი ნება და არ დაგვეხმარა ამ ამოცანის შესრულებაში.

რაც შეეხება 2016 წლის გათამაშებას, განვმეორდები და ვიტყვი, რომ იმ შემთხვევაში, თუ დროულად იქნება შემოთავაზებული და მოწოდებული მკაფიოდ გასაგები კონცეფცია და კალენდარი, საქართველოს რაგბის კავშირი კვლავ იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

ბოლოს მინდა თხოვნით მივმართო გულშემატკივრებს, რომ სანამ ინფორმაციას არ ექნება ოფიციალური ხასიათი, ნუ მიიღებენ ზოგიერთ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, როგორც შემდგარ ფაქტს.

შეგახსენებთ, რომ გამგეობამ გადაწყვეტილება მიიღო პარასკევს, ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ეცნობა "რაგბი ევროპას" ორშაბათს, ხოლო დღეს, სამშაბათს ჩვენ ვაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას გულშემატკივრებისთვის."

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გმადლობთ სიტუაციის ნათლად და გარკვევიტ განმარტებისათვის!
განვლილი წლების განმავლობაში რაგბის ფედერაციის და სარაგბო ტემის მიერ გეგმაზომიერი, დასახული გეგმების მიხედვით განვითარება, მაძლევს იმის საფუძველს რომ განვაცხადო, რომ სრულად ვენდობი რაგბის ფედერაციის პოზიციას.
ქომაგი
10 დეკემბერი 2014 13:19
0
Mjera qartuli ragbis da qartuli sulis ertianobis. Tsarmatebebi borjgalosnebo. Madloba federatsias.
Gala
10 დეკემბერი 2014 12:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული