საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრებს მეთიუ ჯენი შეუერთდა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრები ექსეთერში ევროპის "გრან პრის" ბოლო ეტაპის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.

ასპარეზობა საგრაფოს მთავარ სტადიონზე, "სენდი პარქზე" (ქვიშრობი) მოეწყობა.

საქართველოს შვიდკაცამ ივნისში, მოსკოვსა და ლიონშიც, ფიალა მოიპოვა - 12 გუნდში მეცხრე ადგილი დაიკავა, რაც ვერაფერი შედეგია. ამით რიოში, 2016 წლის ოლიმპიადაზე პირდაპირ გასვლის შანსი დავკარგეთ, მაგრამ საგაისო 16-გუნდა მსოფლიო რეპეშაჟში მოხვედრა ჯერ კიდევ შეგვიძლია.

საამისოდ ექსეთერის ტურნირიც მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ, აქედან ერთი კვირის თავზე კი, ლისაბონში, გამსვლელ სამეულში მოსახვედრად ჩვენი მეტოქეები იქნებიან ესპანეთი ან რუსეთი, გერმანია, მასპინძელი
პორტუგალია, ბელგია, ლიტვა და მეორე ჯგუფის გამარჯვებული ირლანდია, რომელმაც შვიდკაცას ისევ შეხედა მოწყალე თვალით და შერჩევაში სულ ბოლო დონიდან ჩაება.

ლიონის აქეთ ჩვენს 12-ეულში (თუკი ნომერთა ცვლას არად ჩავაგდებთ) სამად სამი სიახლეა:

მოკეთდა შვიდკაცას დიდოსტატი გიორგი "გოშა" შკინინი; დაგვემატნენ დავით "ლუი" ლოსაბერიძე და მეთიუ ჯენიც.

მეთიუს დებიუტი წინა ეტაპზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ "მსოფლიო რაგბიმ" სულ ბოლო მომენტში უეცრად პასპორტი მოგვთხოვა. მას აქეთ ჯენიმ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამით ოლიმპიურ ქარტიაში ჩაწერილი ბოლო პირობაც დააკმაყოფილა.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული