ქართველებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ - რა ხდება რუსულ რაგბიში

AutoSharing Option
19 დეკემბერს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის შენობაში, რუსეთის რაგბის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, სადაც დიდი დავა-კამათის შემდეგ დელეგატთა ნაწილმა ყრილობა დატოვა. თუმცა, არჩევნები მაინც გაიმართა და ვიაჩესლავ კოპიევის ნაცვლად, პრეზიდენტად მამუკა ლოსაბერიძე აირჩიეს.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა, ის 46 დელეგატი, რომელმაც ყრილობა დატოვა, სასამართლოში ჩივის და არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.

მათ ოფიციალური მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც წერია, რომ ყრილობის მსვლელობისას ძალიან ბევრი იყო პროცედურული დარღვევა, რის გამოც დელეგატთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დარბაზი დატოვა. მათ შორის იყვნენ მოსკოვის
ფედერაციის, კრასნოიარსკის მხარის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის ფედერაციის, სანკტ-პეტერბურგის ფედერაციის, თათრეთის რესპუბლიკის ფედერაციისა და პრემიერლიგის რვა საუკეთესო გუნდიდან ექვსის წარმომადგენლები.

ამის საფუძველზე მამუკა ლოსაბერიძის მოწინააღმდეგე დელეგატები ყრილობის გადაწყვეტილების არალეგიტიმურად აღიარებას სასამართლოს სთხოვენ.

ერთი სიტყვით, რუსულ რაგბიში სერიოზული განხეთქილებაა. ძნელი სათქმელია, როდემდე გასტანს ის, შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას. ერთი რამ ცხადია, გაურკვევლობა და წამყვანი კლუბების პროტესტი კარგს არაფერს ნიშნავს. გამორიცხული არ არის, რუსეთის რაგბის ფედერაცია საერთაშორისო სანქციებსაც ვერ ასცდეს.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ლოსაბერიძე ქუთაისის ლეგენდარული "აიასა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი ცხრა ნომერია. ვებგვერდმა rugbyest.com-მა ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც, როგორც რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან, რომელიც მამუკა ლოსაბერიძის ეთნიკურ წარმოშობას ეხება.

- საინტერესოა, ის, რომ ქართველი ხართ, ხელისშემშლელია თუ პირიქით, რუსეთში, როცა გინდათ, ფედერაციის პრეზიდენტი გახდები? საერთოდ, რას ფიქრობთ ქართული და რუსული რაგბის ურთიერთობაზე?
- რუსეთი მრავალნაციონალური ქვეყანაა, აქ 190-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. 37 ენა რუსულთან ერთად სახელმწიფო ენად ითვლება(?). არასდროს არ გვქონია ადრე ეთნიკური პრობლემები. ქართველები და რუსები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, რაც ჩვენს ძმობას კიდევ უფრო ამყარებს.

თუ ჩემს ასაკს შევხედავთ, შემიძლია ვთქვა, რომ საბჭოთა სპორტსმენი ვარ, იმიტომ, რომ დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც მეგობრობა და ძმობა უბრალოდ სიტყვები არ იყო. როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვთამაშობდი, იქ მოთამაშეები მთელი ქვეყნიდან იყვნენ. ვფიქრობ, ჩემი საბჭოთა-ქართულ-რუსული ბექგრაუნდი მხოლოდ მეხმარება. პირადად ვიცნობ ძალიან ბევრ მორაგბეს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში ცხოვრობენ და დამიჯერეთ, ჩვენ დღესაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

ქართული რაგბი სერიოზულ პროგრესს განიცდის. რაგბი საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობაა, რომელიც ქვეყანას აერთიანებს. ცხადია, ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი სხვაობაა. საქართველოში 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რუსეთში - 142 მილიონი. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ საქართველოს სიგრძე 500 კილომეტრია, რუსეთის კი - 10 000 კმ. ეს საკმაოდ სპეციფიკური მახასიათებლებია. მაგრამ ქართველებს ძალიან ბევრი რამ აქვთ, რაც მათგან უნდა ვისწავლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ისინი ჩვენზე ასე წინ ვერ იქნებოდნენ მსოფლიოს რეიტინგში.

ჩვენც შეგვიძლია მომავალში განვვითარდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ტიპური საბჭოთა პიროვნება. თანაც ამით ამაყობს. ამის ხელში რუსული რაგბი, როგორიც იყო, ისეთი დარჩება.
gogi
11:35 24-12-2016
0
რომე ძმობაზეა საუბარი,პუტინის მიერ ჩამოყრილ ბომბებს გულისხმობს??
dito
19:41 23-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული