"აია" იმედს არ კარგავს

AutoSharing Option
ქუთაისის ,,აია" საქართველოს თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში თბილისის ,,არმიასთან" 12:18 დამარცხდა. საკუთარ კედლებში წაგების მიუხედავად ქუთათურები ფინალში გასვლის შანს ისევ ინარჩუნებენ, ამისთვის "აიამ" განმეორებით შეხვედრაში, რომელიც ხვალ "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე გაიმართება, მეტოქე მინიმუმ 7 ქულის სხვაობით უნდა დაამარცხოს.

"სამწუხაროდ, ,,არმიასთან ისევ დავმარცხდით, მაგრამ ამის გამო ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებთ. ფინალში გასვლის შანსი ჯერ არ დავიკარგავს. ექვსი ქულის გაბათილება გადაუჭრელ ამოცანას არ წარმოადგენს, დასაკარგი არაფერი გვაქვს და განმეორებით შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ." - აღნიშნა "აიას" მწვრთნელმა კობა გიორგაძემ.

მანვე მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა:
"არმიასთან ზედიზედ ოთხი მატჩი წავაგეთ, წინა შეხვედრები დეტალურად განვიხილეთ და ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა მოედანზე იმისთვის, რომ არმიელთა წინააღმდეგობა დაგვეძლია. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც გვქონდა ჩაფიქრებული არ გამოგვივიდა. ამაში ტრავმებმაც შეგვიშალა ხელი. თითქმის ნახევარი გუნდი გვაკლდა. იძულებული გავხდით ახალგაზრდულიდან ორი მორაგბე გიორგი ფრუიძე და ნოდარ მარდალეიშვილი დაგვემატებინა.

პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ შესვენების შემდეგ გუნდი აირია და საბოლოოდ დავმარცხდით. შეცდომებს გავაანალიზებთ და მომავალ მატჩს გაცილებით მომზადებული შევხვდებით.

თუკი, ტრავმირებული მორაგბეები დროულად გამოჯანმრთელდებიან და სრული შემადგენლობით ვითამაშებთ, "აიას" ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ფინალის საგზური მოიპოვოს."

ლევან ცაბაძე, "არმიას" მწვრთნელი: "პირველი ნახევარფინალური მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ძლიერი მეტოქე გვყავდა, უპირატესობასაც ფლობდნენ მაგრამ, ამ მატჩში ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო... სტუმრად მოგების მიუხედავად, განმეორებით შეხვედრაში "აიასთან" ძალიან რთული თამაში გველოდება და ფინალისტის ვინაობასაც თბილისური შეხვედრა გაარკვევს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული