"გამაზული" საჯარიმოების ფოიერვერკი

AutoSharing Option
ყოჩები-ლელო 5:9
ყოჩები: (15-9) გარუჩავა, მახარაშვილი, მაისურაძე, ინაშვილი, გეგენავა, გაბუნია, ბეგაძე. (1-8) ესაკია (გოგეშვილი 43), მამუკაშვილი, ხოსიტაშვილი, ბელაშვილი, არჩუაშვილი, გრძელიშვილი (ცხვედიანი 41), მალაღურაძე, ნიკოლეიშვილი.
ლ: ესაკია
სინბინი: გაბუნია
ლელო: (15-9) ყიასაშვილი, კოპაძე, თოდუა, ხუციშვილი, გუგავა, ხმალაძე (მჭედლიშვილი 74), კაჭარავა. (1-8) სანიკიძე, კვერნაძე, პატარაია, ჭეიშვილი, დ.დაუშვილი, სურგულაძე, კოლელიშვილი, ქოიავა.
3ს: ყიასაშვილი
მსაჯი: გ. ამირხანაშვილი

საქართველოს თასის გათამაშება დასასრულს მიუახლოვდა. "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში თასის ამჟამინდელმა მფლობელმა "ლელომ" 9:5 მოუგო "ყოჩებს", თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ფინალში გასასვლელად, რადგან პირველი
მატჩი ხუთი ქულის სხვაობით 26:21 ჰქონდა წაგებული.

"ლელოსთვის", რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ახალი მორაგბე გამოჩნდა, თამაში ცუდად დაიწყო. წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელიც ძლიერი ქარის თანხლებით წარიმართა, ამჯერად შესანიშნავი ამინდი იყო და წესით გუნდებს კარგად, ხარისხიანად უნდა ებურთავათ. "ყოჩებმა" პირველივე წუთებზე შეუტიეს და მე-7 წუთზე ანგარიშიც გახსნეს.

ლელოელები მოდენის ცენტრში დაჯარიმდნენ. "ყოჩების" მგეზავმა გიგი გაბუნიამ ბურთი აუტში გადაიტანა. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს, მიაწვნენ და მიმართულების რამდენჯერმე ცვლილების შემდეგ ბურთი ჩათვლის მოედანში საფრანგეთიდან მობრუნებულმა, გამოცდილმა შერკინების ბურჯმა სანდრო ესაკიამ შეიტანა. გარემარბმა შავლეგ მახარაშვილმა ვერ გარდასახა - 5:0.

ამის შემდეგ, "ყოჩებმა" მთელი მატჩის განმავლობაში მონაგარს ვეღარაფერი შემატა, არადა რამდენჯერმე უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანეს საჯარიმოები. "ლელოს" კარის დალაშქვრა ჯერ მახარაშვილმა სცადა, ის კიდევ ერთმა გარემარბმა ირაკლი გეგენავამ შეცვალა, ამასაც რომ არაფერი გამოუვიდა, ბედის ცდა გიგი გაბუნიამ გადაწყვიტა.

ეს კიდევ არაფერი, ანალოგიურად გაისარჯა "ლელოს" დამრტყმელი ირაკლი ყიასაშვილი, რომელმაც ოთხი საჯარიმო ვერ გაიტანა. ყველივე ეს კი იმენად კომიკური გახდა, რომ მაყურებლებმა ფსონების დადებაც კი დაიწყეს. არადა თითქმის ყველა ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა.

ბოლოს "გამაზული" საჯარიმოების ფოიერვერკი "ლელოს" დაშავებული მგეზავის, ლაშა ხმალაძის ნაცვლად შესულმა უჩა მჭედლიშვილმა დააგვირგვინა. თამაშის დასრულებას ორი წუთიღა აკლდა, ლელოელები ყიასაშვილის მიერ გატანილი სამი საჯარიმოს წყალობით 9:5 იგებდნენ. "ყოჩები" საკუთარი ლელოდან 35 მეტრში, კარის პირდაპირ დაჯარიმდნენ. საჯარიმოს დარტყმა, რომელიც ორი მატჩის ჯამში მოგებად ფასობდა, მჭედლიშვილმა ითავა. მაგრამ "ლელოს" ქომაგთა სამწუხაროდ, მანაც ვერ გაიტანა.

ოთხქულიანი სხვაობით გამარჯვება კი, როგორც უკვე ვთქვით, საკმარისი არ იყო ფინალში გასასვლელად. "ყოჩებმა" ნაღდ ბრძოლაში, დამსახურებულად მოიპოვეს საქართევლოს თასის ფინალში თამაშის უფლება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ გუნდის მიერ ეროვნულ ჩემპიონატში დაკავებული ბოლო ადგილი არაკანონზომიერი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული