"არმიის" მორაგბეებმა დუბლი გაიფორმეს

AutoSharing Option
"არმიამ" დუბლი შეასრულა - 26 ნოემბერს "ავჭალაზე" გამართულ "ლიბერთის თასის" ფინალში "ყოჩები" 26:16 დაამარცხა და სამი კვირის წინ მოპოვებულ ჩემპიონობას ეს ჯილდოც დაურთო.

ფინალურ მატჩში "არმია" ფავორიტად ითვლებოდა, მით უფრო, რომ მანამდე ზედიზედ ხუთჯერ აჯობა სეზონის გამორჩეულად ძლიერ გუნდს, ქუთაისის "აიას", მისი ბოლო მეტოქე "ყოჩები" კი წლეულს ძალზე დასუსტდა და უმაღლესი ლიგიდან გავარდა, თუმცა თასის ფინალამდე მისვლა მაინც მოახერხა და ეს უდავოდ წარმატებად ჩაეთვალა.

თასის ფინალს დრამატიზმს და ინტრიგას მატებდა ერთი გარემოებაც - "არმია" წლეულს შექმნილი გუნდია, უმაღლეს ლიგაში გადმოსული
გორის "ლომების" ბაზაზე. მომავალი ჩემპიონი და თასის მფლობელი თავიდანვე გაძლიერდა "ყოჩების" და სხვა კლუბების, აგრეთვე საზღვარგარეთიდან მოწვეული გამოცდილი მორაგბეებით, მწვრთნელობა კი "ყოჩების" ყოფილ თავკაც ნიკო ჭავჭავაძეს ერგო.

"ყოჩებმა" შეძლო "არმიისთვის" გარკვეული წინააღმდეგობს გაწევა, საწყის წუთებში საჯარიმოთი დაწინაურდა კიდეც, თუმცა ჭავჭავაძის ახლანდელმა გუნდმა ყოფილს მალევე ჩამოართვა უპირატესობა, ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ გიორგი ელიზბარაშვილმა ულამაზესი სოლო-ლელო გაიტანა, ხოლო ახალგაზრდა დამრტყმელმა ბახვა კობახიძემ სამჯერ ზუსტად დაარტყა და გუნდებმა 13:3 ანგარიშზე შეისვენეს.

მეორე ტაიმში გიგა თხილაიშვილის ლელოს შემდეგ "არმია" 20:6 დაწინაურდა. "ყოჩებმა" ბოლომდე იბრძოლეს და ჯაბა მალაღურაძის ლელოთი და შავლეგ მახარაშვილის გარდასახვით სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ კობახიძის ორმა ზუსტმა დარტყმამ ჩემპიონს თასიც დაუბევა.

ლიბერთის თასის ფინალი
26 ნოემბერი. "ავჭალა"
არმია 26:16 ყოჩები

არმია: კობახიძე, ტუჩაშვილი, გაბროშვილი (გაგოშვილი), მჭედლიძე, შკინინი, ელიზბარაშვილი, სამხარაძე, თავართქილაძე, კალმახელიძე, თხილაიშვილი, ბუჯიაშვილი (მამრიკიშვილი), ბიწაძე, დონაძე (ნავროზაშვილი), მეკოკიშვილი, ქორიზე (კაკოვინი)
მწვრთნელი: ნიკო ჭავჭავაძე
2 ლელო: ელიზბარაშვილი, თხილაიშვილი
2 გარდასახვა: კობახიძე
4 საჯარიმო: კობახიძე

ყოჩები: მახარაშვილი, გეგენავა, მაისურაძე, ინაშვილი (გარუჩავა), ხარშილავა, გაბუნია, ბეგაძე, ნიკოლაიშვილი, გრძელიშვილი (ცხვედიანი), მალაღურაძე, არჩუაშვილი, ბელაშვილი, ხოსიტაშვილი (ბეჟიაშვილი), ესაკია (გოგიშვილი)
მწვრთნელი: ლევან მგელაძე
ლელო: მალაღურაძე
1 გარდასახვა: მახარაშვილი
3 საჯარიმო: მახარაშვილი

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული