ავსტრალია (15-9) ბეილი (ქოუანი 72), ოკონორი, ეშლი-კუპერი (ე.ფაინგაა 64), მაკკები, იოანი, კუპერი, გენია (ფილიპსი 65). (1-8) კეპუ, მური (ს.ფაინგაა 60), ალექსანდერი, საიმონსი, ჰორვილი, ელსომი (ჰიგინბოთამი 57), პოქოკი (ჰოჯსონი 67), მაქკალმენი.
5ლ: ალექსანდერი, იოანი, ოკონორი, მური, ეშლი-კუპერი. 4გ,2ს: ოკონორი.
სამ.აფრიკა (15-9) ეპლონი, ბესონი, დე იონგი, ულიფიე (იაკობსი 63), მვოვო, სტეინი (ლამბიე 57), პინარი. (1-8) გრეილინგი (რელეპელე 57), სმითი, კრუხერი (ფან დერ ლინდე 67), ფან დერ მერვე (კანკოვსკი 34), ჰარგრეივსი, სტიგმანი, როსუ, ჯონსონი (დეისელი 59).
2ლ: რელეპელე, სმიტი. 2გ:ლამბიე.
მსაჯი: კრის პოლოკი (ახალი ზელანდია)
ავსტრალიის ნაკრებმა სამი ერის წლევანდელი გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. "ვოლაბებმა" სიდნეიში მსოფლიოს თასის ამჟამინდელ მფლობელს, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს მოუგეს 39:20.
მასპინძლებმა მეტოქე ყველაფერში დაჯაბნეს. ეს გასაკვირი არცაა, რადგან "ბოკეს" სხვადასხვა მიზეზების გამო ოცამდე მორაგბე აკლდა. თანაც ავსტრალიელებს აბსოლუტურად ყველაფერი გამოსდიოდათ. რასაც კი ისინი ხელს შეახებდნენ, ყველაფერი ოქროდ იქცეოდა.
"ვოლაბებმა" ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნეს. მე-5 წუთზე ლელო შერკინების პირველხაზელმა ბენ ალექსანდერმა, ხუთ წუთში კი თავი გარემარბმა დიგბი იოანმა გამოიჩინა. ჯეიმზ ოკონრმა ორი ლელოდან ერთი გარდასახა და მატჩის დაწყებიდან 10 წუთში ავსტრალიის ნაკრები უკვე 12:0-ს იგებდა.
სამხრეთაფრიკელები ძალზედ უფერულად გამოიყურებოდნენ და თითქმის არაფერი გამოსდიოდათ. პირველი ტაიმის დრჩენილ დროში გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს. 29-ე წუთზე ჯერ "ბოკეს" მგეზავმა მორნი სტეინმა გაიტანა, ოკონორმა ექვს წუთში საპასუხო საჯარიმო მიითვალა.
შესვენების შემდეგ საწყის 15 წუთში ისევ ავსტრალიელებმა გაიბრწყინეს. შესანიშნავად ირჯებოდა მათი მგეზავი ქუადე კუპერი, რომელმაც მატჩის წინ გრიპი მოიხადა, მიუხედავად ამისა, მან ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავისი პოტენციალი და გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. კუპერს მხარი აუბა ჯეიმზ ოკონორმა, ადამ ეშლი-კუპერმა, ქართლი ბეილიმ, რომლებმაც ხელდახელ თამაშის ულამაზესი ნიმუშები გვიჩვენებს.
"ვოლაბებმა" ტაიმის დასაწყისში მორნი სტეინის საჯარიმოს ხუთ-ხუთ წუთიანი ინტერვალით სამი ლელო გაუტანეს, ამჯერად ისინი ჯეიმზ ოკონორის, სტივენ მურისა და ადამ ეშლი-კუპერის ანგარიშზეა. ოკონორმა სამივე გარდასახა და 54-ე წუთზე ავსტრალიის ნაკრები უკვე 39:6-ს იგებდა.
საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მასპინძლები მოწინააღმდეგის განადგურებას შეძლებდნენ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც "ბოკეს" თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა მგეზავი მორნი სტეინის ნაცვლად მოედანზე პატრიკ ლამბიე, ხოლო პირველხაზელი დინ გრეილინგის ნაცვლად ჩილიბოი რელეპელე შეუშვა, სამხრეთაფრიკელთა თამაში უფრო ეფექტური გახდა.
59- ე წუთზე სამხრეთაფრიკელთა ერთ-ერთი იშვიათი შეტევა სწორედ რელეპელეს მიერ გატანილი ლელოთი დასრულდა. ლამბიემ გარდასახა - 13:39.
"ბოკე" ბევრს ეცადა, დარჩენილ დროში ვითარება როგორმე გამოესწორებინა, მაგრამ მაქსიმუმი რაც შეძლო, 75- წუთზე ჯონ სმიტის ლელოა, რომელიც ისევ ლამბიემ გარდასახა - 20:39.
შდეგად, "ნელსონ მანდელას სახელობის თასი", რომელიც ამ გუნდებს შორის თამაშდება "ვოლაბებს" გადაეცათ, რადგან მათ ბოლო ხუთ ტესტში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ოთხი მოუგეს.
თამაშმა ნათლად გვიჩვენა, რომ "ბოკეს", რომელიც შარშანდლამდე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო, სერიოზული პრობლემები აქვს. ერთი ხანობა მთავარი მწვრთნელის, პიტერ დე ფილიერსის გადაყენების საკითხიც იდგა დღის წესრიგში, მაგრამ მან თანამდებობა მაინც შეინარჩუნა. როგორც ჩანს, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, რაც ამ ქვეყნის ნაკრებს, სავარაუდოდ, ძვირად დაუჯდება.
სატურნირო მდგომარეობა
1. ავსტრალია - 5 ქულა, 2. ახალი ზელანდია - 0, 3. სამ.აფრიკა - 0
30 ივლისი
ახალი ზელანდია-სამ.აფრიკა
6 აგვისტო
ახალი ზელანდია-ავსტრალია
13 აგვისტო
სამ.აფრიკა-ავსტრალია
20 აგვისტო
სამ-აფრიკა-ახალი ზელანდია
27 აგვისტო
ავსტრალია-ახალი ზელანდია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"