სამხრეთაფრიკელთა საწვრთნელ ბანაკში უნდა ყოფილიყო პარიზული "მეტრო რასინგის" ფულბეკი ფრანსუა სტეინიც, რომელმაც ტრავმის გამო საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩიც გამოტოვა. სამხრეთ აფრიკაში მის არჩასვლას კი ნაკრების მწვრთნელის არცთუ კორექტული რეაქცია მოჰყვა. დე
ბოლოს და ბოლოს, ხმა სტეინმაც ამოიღო:
"რას ჰქვია, სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაში არ მსურს. "ბოკესთვის" შემიძლია მოედანზე მოვკვდე" - უთხრა სამხრეთ აფრიკის 23 წლის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ გაზეთ "აფრიკანს რიპორტს" - "ძალიან მინდა, 2011 წლის მსოფლიო თასზე ვითამაშო და ამისთვის ყველაფერს ვიღონებ.
გავოცდი, როცა ნაკრებში სამი ერის მატჩისთვის გამომიძახეს, რადგან ჩემთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომ "ბოკეში" თამაშის საშუალებას ნოემბრის ტესტებისთვის მომცემდნენ. ახლა კი მესმის, რომ თურმე გული არ მქონია და სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაში არ მინდა.
დე ფილიერსს ვერაფრით დავუკავშირდი და მობილიურ ტელეფონზე შეტყობინება დავუტოვე, ავუხსენი, რომ ტრავმა მაქვს და ნაკრებს ვერაფრით დავეხმარებოდი.
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ იმ გუნდისთვის, რომელშიც ვთამაშობ, ყველაფერს ვაკეთებ, ბოლომდე ვიხარჯები. "მეტრო რასინგი" ჯამაგირს მიხდის, მასთან კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. კლუბის ხელმძღვანელობამ ნება არ დამრთო, სამხრეთ აფრიკაში გავმგზავრებულიყავი. არ შემეძლო, ავმდგარიყავი, ყველაფერი მიმეტოვებინა, მით უფრო, რომ დაშავებული ვარ და ვმკურნალობ.
მიუხედავად ყველაფრისა, თუ "მეტრო რასინგი" ნაკრებში თამაშის ნებას დამრთავს, თვითმფრინავამდე ვერავინ მიმასწრებს."
2007 წლის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებული აღშფოთებას ვერ მალავს დე ფილიერსის უპასუხისმგებლო განცხადების გამო. ივნისის ტესტებისას უელსის ნაკრებთან სათამაშოდ ის საკუთარი ხარჯებით გაემგზავრა, თანაც კლუბს ნაკრებში მის გამოძახებასთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაცია სრულად არ მიუღია.
"უელსიდან რომ დავბრუნდი - განაგრძობს ფრანსუა სტეინი - "მეტრო რასინგის" მწვრთნელმა პიერ ბერბიზიემ მითხრა, სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაშს არ გიშლი, მაგრამ სამომავლოდ გაითვალისწინე, რომ გუნდიდან გასანთავისუფლებლად საჭირო ყველა დოკუმენტი დროულად გამოაგზავნინეო. დე ფილიერსმა სიტყვა მომცა, რომ საფრანგეთში ჩამოვიდოდა და კლუბის ხელმძღვანელებთან ჩემს თაობაზე მოილაპარაკებდა. ის საფრანგეთში არ ჩამოსულა და უელსთან მატჩის შემდეგ ერთხელაც არ შემხმიანებია.
მეტიც, თამაშის შემდეგ მან თქვა, რომ იმ მორაგბეებს, ევროპულ კლუბებში რომ თამაშობენ, "ბოკესთვის" სარგებლობა ვერ მოაქვთ, ვინაიდან სამხრეთ ნახევარსფეროში თამაშის ტემპი ბევრად უფრო მაღალია. ევროპაში მოთამაშეები კი დიდი დატვირთვისთვის მზად არ არიანო.
ახლა, როცა ტრავმირებული ვარ, თურმე საჭირო გავხდი. ვერ ვხვდები, დე ფილიერსს რაში სჭირდება ყოველივე ეს."
ერთი სიტყვით, სამხრეთაფრიკულ რაგბიში დიდი გაწევ-გამოწევაა. აურზაური სამი ერის პირველ ორ მატჩში ახალ ზელანდიასთან ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დაიწყო. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგონ ჰოსკინსმა "ბოკეს" თავკაცს მხარი დაუჭირა მისი გუნდის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, მეტიც, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირები "სარაგბო ომის" წამოწყებაში დაადანაშაულა.
ყველაფერი კი, შესაძლოა, იმით დასრულდეს, რომ სამხრეთ აფრიკა სანზარ-ს გამოეყოს.
"2015 წლამდე არაფერი მოხდება, რადგან კონტრაქტი ამ ორგანიზაციასთან და ტელეკომპანიებთან სწორედ ამ დრომდე გვაქვს გაფორმებული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანზარ-იდან გამოყოფის შესაძლებლობა განვიხილოთ. უნდა მოვიფიქროთ, რა ვქნათ, რა შეჯიბრებებში მივიღოთ მონაწილეობა. ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, დეტალურად გავაანალიზოთ, რათა სამხრეთაფრიკული რაგბი არ დაზარალდეს" - განაცხადა ორეგონ ჰოსკინსმა.
სამხრეთ აფრიკა
შერკინება: სხალკ ბურხერი, ფრანსუა ლავი (ორივე-სთორმერზი), იანი დუ პლესი, ჯონ სმიტი (ორივე-ნატალ შარქსი), სი ჯეი ფან დერ ლინდე, ჟუან სმიტი (ორივე-ჩიტაზი), ვიქტორ მეტფილდი, დიუვალ პოთხიტერი, ჩილიბოი რელეპელე, დენი როსუ, პიერ სპისი, ხუთრო სტენკამპი, ფილიპ ფან დერ მერვე (ყველა-ბლუ ბულზი).
უკანა ხაზი: ხიო ეპლონი, იუან დე იონგი, ბრაიან ჰაბანა, რიკი იანუარი (ყველა-სთორმერზი), იან დე ფილიერსი (ვესტერნ პროვანსი), ბუჩ ჯეიმზი (ბასი), ჯეი პი პიტერსენი (ნატალ შარქსი), ფრანსუა ჰუგარი, ზან კირშნერი, ვინანდ ულიფიე, მორნი სტეინი (ყველა-ბლუ ბულზი).