ქარის თასი. პლეი ოფისთვის ექვსი იბრძვის

AutoSharing Option
ქარის თასის გათამაშების მე-9 ტურში, სამხრეთაფრიკულ სარაგბო სუპერკლასიკოში დურბანის "ნატალ შარქსმა" სტუმრად წააგო პრეტორიის "ბლუ ბულზთან" - 34:40, თუმცა 36 ქულით ლიდერობას მაინც ინარჩუნებს.

პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლა უკიდურესად იძაბება. დურბანელებს კვალში ერთბაშად სამი გუნდი უდგას, "ბლუ ბულზმა", "ვესტერნ პროვანსმა" და "ჩიტაზმა" 28-28 ქულა დააგროვეს და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. მათ სამი ქულით ჩამორჩება "ლაიონზი", მასზე ქულით ნაკლები აქვს "გრიკასს". ერთი სიტყვით, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონობისთვის ექვსი გუნდი იბრძვის და, შესაბამისად, ახლა თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.

"ბლუ
ბულზმა" გათამაშების ლიდერთან შინ მოპოვებული გამარჯვებით საგრძნობლად გამოისწორა სატურნირო მდგომარეობა, არადა, პირველი ტაიმი პრეტორიელებმა თერთმეტი ქულის სხვაობით დათმეს - 13:24.

შესვენების შემდეგ მასპინძლები მთლიანად აკონტროლებდნენ თამაშის მსვლელობას და 59-ე წუთზე პირველად დაწინაურდნენ - 30:24. პრეტორიელებს მატჩის სადავეები ხელიდან არც ამის შემდეგ გაუშვიათ და ძნელი, მაგრამ უაღრესად საჭირო გამარჯვება მიითვალეს.
"ბლუ ბულზმა" მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანა, რისთვისაც ერთი საპრემიო ქულაც მიიღო. ერთი ქულა მიემატა სატურნირო ცხრილში "ნატალ შარქსსაც", რადგან შვიდ ქულაზე ნაკლებით წააგო.

ზედიზედ მესამე თამაში წააგო "ვესტერნ პროვანსმა", რომელიც მანამდე დამაჯერებლად ლიდერობდა გათამაშებას. დასავლელებმა ამჯერად სტუმრად დათმეს "ლაიონზთან" - 28:46.

არადა, პირველ ტაიმში პროვანსელები მეტოქეს აშკარად ჯაბნიდნენ და შესვენებაზე ხუთქულიანი უპირტესობით წავიდნენ. მეორე ტაიმში "ლომების" წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა მგეზავ ელტონ იანტისის შესანიშნავმა თამაშმა. მან ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და ექვსი საჯარიმო გაიტანა (31 ქულა).

მასპინძელთა მიერ გატანილი ოთხი ლელოდან, რისთვისაც მათ ერთი საპრემიო ქულაც ერგოთ, ორი გარემარბ მაიკლ კილანის ანგარიშზეა. დასავლელთა მგეზავის ვილემ დე ფაალის მონაგარი ვიზავისაზე ბევრად მოკრძალებულია, ორი გარდასახვა და სამი საჯარიმო (10 ქულა).

მომდევნო ტურში "ლაიონზი" შინ ეთამაშება უახლოეს მდევარ "გრიკასს", რომელიც მე-9 ტურში საკუთარ მოედანზე დამარცხდა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ჩიტაზთან" - 28:33. ბლუმფონტეინელებმა მასპინძლებს სამი ლელო გაუტანეს. აქედან ორი გარემარბ იონგიკაია ნოკვეს ანგარიშზეა. მგეზავმა ლუის სტრიდომმა სამივე ლელო გარდასხა, რასაც სამი საჯარიმო მიუმატა (15 ქულა).
მასპინძელთაგან გამორჩეული მგეზავი პეტრუს ულიფიე გახლდათ, რომელმაც ერთი ლელო, ორი გარდასახვა, ორი საჯარიმო და ერთი არეკნი გაიტანა (18 ქულა).

საინტერესო გამოდგა აუტსაიდერების, "ლეოპარდსისა" და "პუმასის" დაპირისპირება, რომელიც ამ უკანასკნელმა მინიმალური სხვაობით მოიგო - 27:26. სტუმრები 58-ე წუთისთვის თოთხმეტი ქულით- 27:13-ს იგებდნენ. "ლეოპარდსმა" ბოლო ოც წუთში სათამაშო უპირატესობის მოპოვება შეძლო, თუმცა, რასაც მიაღწია, ეს მხოლოდ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება იყო.

ქარის თასი
IX ტური
გრიკასი-ჩიტაზი 28:33, ლეოპარდსი-პუმასი 26:27, ლაიონზი-პროვანსი 46:28, ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი 40:34.
სატურნირო მდგომარეობა
1. ნატალ შარქსი - 36 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 28, 3. ჩიტაზი - 28, 4. ბლუ ბულზი - 28, 5. ლაიონზი - 25, 6. გრიკასი - 24, 7. პუმასი - 17, 8. ლეოპარდსი - 5.
X ტური
პუმასი-ნატალ შარქსი, ვესტერნ პროვანსი-ლეოპარდსი, ჩიტაზი-ბლუ ბულზი, ლაიონზი-გრიკასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული