ITM-ის თასის გათამაშების მეექვსე ტური პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი გუნდების, "მანუკაუსა" და "ქენთერბერის" გამარჯვებებით დაიწყო. ფრანგული "ტულონის" ყოფილი მოთამაშე- მწვრთნელის, შუამარბ ტანა უმაგას "მანუკაუმ" შინ "ტასმანი" დაამარცხა - 23:3. მასპინძლებმა მეტოქის წინააღმდეგობა თავიდანვე გატეხეს და ეს ანგარიში უკვე 52-ე წუთისთვის იყო დაფიქსირებული. დარჩენილ 28 წუთში გუნდებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს.
ქრაისთჩერჩის "ქენთერბერიმ" საკუთარ მოედანზე "ბეი ოფ პლენტის" მოუგო - 28:9. აღსანიშნავია, რომ სტუმრები მეტოქეს 33-ე წუთამდე 6:3-ს უგებდნენ. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ლელოს გატანა მოახერხეს, რაზეც "ბეი ოფ პლენტიმ" ერთი საჯარიმოთი უპასუხა.
შესვენების შემდეგ ქრაისთჩერჩელები გაცილებით ყურადღებით გაისარჯნენ, მეტოქეს მონაგარის გაზრდის საშუალება არ მისცეს, თავად კი ორ-ორი ლელო და საჯარიმო გაუტანეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს - 28:9.
სენსაციური მარცხი იწვნია სტუმრად აუტსაიდერ "მანავატუსთან" და ლიდერობა დაკარგა "ველინგტონმა" - 24:36. გუნდებმა ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს, რომელთაგან მგეზავებმა ისააკ თომპსონმა და ფილ ფაატონუმ ორ-ორი გარდასახეს. ვიზავისგან განსხვავებით, თომპსონმა მონაგარს ოთხი ზუსტი საჯარიმოთი კიდევ 12 ქულა შემატა.
სტუმრად დამარცხდა "ნორთლენდთან" ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი "საუთლენდი" - 22:33. მასპინძლებმა მეტოქეზე ერთით მეტი, ოთხი ლელო გაიტანეს. აქედან ორი შუამარბ იარედ პეინის ანგარიშზეა. ორი ლელო გაიტანა საუთლენდელთა შერკინების ბურჯმა ჯიმი მაკკინტოშმაც.
VI ტური
მანუკაუ-ტასმანი 23:3, ქენთერბერი-ბეი ოფ პლენტი 28:9, ნორთლენდი-საუთლენდი 33:22, მანავატუ-ველინგტონი 36:24, ნორთ ჰარბორი-ვაიკატო 27:36, ოტაგო-ჰოუქს ბეი 17:16, ოკლენდი-ტარანაკი 27:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ქენთერბერი - 22 ქულა, 2. საუთლენდი - 21, 3. ველინგტონი - 20, 4. მანუკაუ - 19, 5. ოკლენდი - 18, 6. ვაიკატო - 18, 7. ტარანაკი - 18, 8. ნორთლენდი - 16, 9. ბეი ოფ პლენტი - 12, 10. ტასმანი - 9, 11. ნორთ ჰარბორი - 9, 12. ჰოუქს ბეი - 8, 13. მანავატუ - 7, 14. ოტაგო - 5.
VII ტური
ბეი ოფ პლენტი-მანავატუ, საუთლენდი-ნორთ ჰარბორი, ჰოუქს ბეი-ვაიკატო, ნორთლენდი-ქენთერბერი, ოკლენდი-ველინგტონი, ტარანაკი-მანუკაუ, ტასმანი-ოტაგო.