მოსალოდნელი რეკორდების სერია სიდნეიში

AutoSharing Option

ხვალ სიდნეიში სამი ერის წლევანდელი გათამაშების ბოლო შეხვედრა გაიმართება. ავსტრალიის ნაკრები წლევანდელ ჩემპიონს, ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდის შემადგენლობაში ხუთი ცვლილება შეიტანა.
ახალზელანდიელთა მგეზავმა დენ კარტერმა ფეხის ტერფის ოპერაცია გაიკეთა და მკურნალობს. "ვოლაბებთან" მის ნაცვლად ითამაშებს აარონ კრადენი, რომელსაც აქამდე ხუთი კეპი მოუხვეჭია. ის ხუთივე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და ძირითად შემადგენლობაში პირველად დაასახელეს.

კრადენის ნაცვლად სათადარიგოთა სკამზე ადგილს "ქენთერბერის" მგეზავი კოლინ სლეიდი დაიკავებს. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბ ჯო როკოთოკოს მაგივრად იზრაელ დაგი ითამაშებს.

ცხრა ნომერზე ძირითადში ჯიმი ქოუანს ისევ პირი ვიპუ შეცვლის.

ადგილები გაცვალეს პირველხაზელმა ძმებმა ფრენკსებმა, ოუენი ძირითადში ითამაშებს, ბენი განაცხადში არ არის. მესამეხაზელ ჯერომ კაინოს პოზიციას ვიქტორ ვიტო დაიკავებს.
ახალი ზელანდიის ნაკრებმა სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში პირველი ადგილი 22 აგვისტოს იოჰანესბურგში სამხრეთ აფრიკასთან მოგებით დაიბევა და ტურნირს დაუმარცხებლად ლიდერობს.
ახალზელანდიელთა თავკაცი გრემ ჰენრი დარწმუნებულია, რომ მეტოქე საკუთარ მოედანზე ყველაფერს იღონებს, რათა "ოლ ბლექსს" პირველი მარცხი აგემოს. მით უფრო, რომ "ვოლაბები" ერთი კვირის წინ სამხრეთ აფრიკაში გამარჯვების შემდეგ ფრთაშესხმულნი იქნებიან.

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ხვალინდელ მატჩში რამდენიმე რეკორდი დაემხობა. მესამეხაზელი რიჩი მაკქოუ "ოლ ბლექსს" 52-ედ უკაპიტნებს. ამ მაჩვენებლით ის ახალზელანდიელთა ლეგენდარულ კაპიტანს შონ ფიცპატრიკს გაუსწრებს.
გრემ ჰენრიმ ასე დაახასიათა შეგირდი:

"რიჩი შესანიშნავი ლიდერი და წინამძღოლია. ვფიქრობ, მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეა. ის სამაგალითო პიროვნებაა და ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ადამიანი გვყავს".
ახალი ზელანდიის ნაკრები ხვალ ეცდება, ავსტრალიას ზედიზედ მეათედ მოუგოს, რაც ტესტებში ზედიზედ მეთხუთმეტე მოგება იქნება. "ოლ ბლექსი" გამარჯვების შემთხვევაში პირველი იქნება, ვინც სამი ერის გათამაშებას წაუგებლად დაასრულებს.
გრემ ჰენრის სამწყსოს 18 ქულა სჭირდება საკუთარი რეკორდის დასამხობად. ახალზელანდიელებმა 2006 წელს სამი ერის გათამაშებაში  ყველაზე მეტი, 179 ქულა მოიპოვეს. წლეულს კი ლელოების რეკორდი - 20, უკვე გააუმჯობესეს.
აღსანიშნავია, რომ შერკინების კვაჭი კევინ მეალამუ სიდნეიში მე-80 კეპს მოიხვეჭს.
ახალზელანდიელებს ავსტრალიასთან მატჩისთვის მზადებაში ხელი შვიდბალიანმა მისწისძვრამ შეუშალა. ჰენრის ასისტენტი სტივ ჰანსენი საწვრთნელ შეკრებაზე მოგვიანებით  ჩავიდა, რადგან მიწისძვრამ ქრაისთჩერჩთან ახლოს მდებარე მისი სახლი მთლიანად დაანგრია. გარკვეული მატერიალური ზარალი განიცადეს ასევე, მთავარი მწვრთნელის კიდევ ერთმა ასისტენტმა უეინ სმიტმა და "ოლ ბლექსის" რვა ქრაისთჩერჩელმა მოთამაშემ.

ახალი ზელანიდა: 15. მალილი მულიაინა, 14. ქორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. იზრაელ დაგი, 10. აარონ კრადენი, 9. პირი ვიპუ.  1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ვიქტორ ვიტო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.
16. კორი ფლინი, 17. ჯონ აფოა, 18. ენტონი ბორიჩი, 19. ჯერომ კაინო, 20. ჯიმი ქოუანი, 21. კოლინ სლეიდი, 22. რენე რეინჯერი.


ვოლაბები წაგებების სერიის შეწყვეტას ეცდებიან

ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელმა რობი დინსმა ბლუმფონტეინში  სამხრეთ აფრიკასთან  გამარჯვების შემდეგ (რითაც "ვოლაბებმა" სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში მეორე ადგილი გაინაღდეს) გუნდში ორი ცვლილება განახორციელა.
ახალ ზელანდიასთან მატჩში პირველ კეპს მოიხვეჭს გარემარბი ლეჩი ტერნერი, რომელიც ბლუმფონტეინური მატჩის ერთ-ერთ გმირს დრიუ მიტჩელს შეცვლის.

ტრავმირებულია შერკინების კვაჭი საია ფაინგაა, მის ნაცლად 22-კაციან განაცხადში ჰაია ედმონდსი მოხვდა. ის ახალ ზელანდიაშია დაბადებული და ბავშვობაში "ოლ ბლექსის" ფანი იყო.
"ოლ ბლექსის" დიდი ქომაგი ვიყავი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა მანუელ ავსტრალიის ნაკრებში მოხვდა, ყველაფერი შეიცვალა. ახალ ზელანდიაში ჩემი ოჯახი ამჟამადაც ცხოვრობს. ისინი გამუდმებით მირკავენ და მატჩის ბილეთებს მთხოვენ." - წაიწუწუნა ედმონდსმა.

ავსტრალიის ნაკრებში კიდევ ერთი ახალ ზელანდიაში დაბადებული მორაგბე თამაშობს. ეს ბოლო დროს სკანდალურად ცნობილი მგეზავი ქუადე კუპერია. მას აქამდე ეროვნულ ნაკრებში 19 კეპი მოუხვეჭია, თუმცა ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ არასოდეს უთამაშია.

კუპერის რაგბილიგაში გადასვლის თაობაზე აურზაური ჯერაც არ ჩამცხრალა. აი, რას ამბობს მის შესახებ "ვოლაბების" კიდევ ერთი ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯეიმზ ოკონორი:
"გადაბარგდება თუ არა რაგბილიგაში კუპერი, ეს მისი გადასაწყვეტია. მე კი მინდა, რომ ჩვენთან დარჩეს. ძალიან მიყვარს მასთან ერთად თამაში, ის შესანიშნავი პარტნიორია."

ასეა თუ ისე, კუპერი ჯერ "ვოლაბების" მგეზავია და ყველაფერს იღონებს, რათა  ავსტრალიის ნაკრებს "ოლ ბლექსთან" ცხრამატჩიანი წაგებების სერიის დასრულებაში დაეხმაროს.

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. მეთ გიტო, 11. ლეჩი ტერნერი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია.   1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. სალესი მააფუ, 4. მარკ ჩისჰოლმი, 5. ნათან შარპი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალმენი.
16. ჰაია ედმონდსი, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. დენ მამი, 19. რიჩარდ ბრაუნი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ენტონი ფაინგაა. 

ლელო 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული