ოთხი ერის პირველი ტურნირი უსენსაციოდ დასრულდა

AutoSharing Option
ოთხი ერის გათამაშება დასრულდა. ასეთი ფორმატით ტურნირი პირველად ჩატარდა და წინდაწინვე უნდა ითქვას, რომ მოლოდინი მთლიანად გამართლდა.

სამ ბობოლა სამხრეთულ სარაგბო ერს მეოთხე არგენტინის ნაკრები დაემატა. "პუმებმა" დებიუტანტის კვალობაზე შესანიშნავად იასპარეზეს.

მართალია, ვერც ერთი შეხვედრა მოიგეს, მაგრამ ოთხი ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს. აქედან ორი ქულა არგენტინელებმა შინ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან მიღწეული ფრის შედეგად მიიღეს.

გათამაშება კი ერთი ტურით ადრე მსოფლიოს თასის მფლობელმა ახალი ზელანდიის ნაკრებმა მოიგო. "ოლ ბლექსმა" ექვსი შეხვედრიდან ექვსივეში გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პლანეტაზე უძლიერესი
გუნდია.

ბოლო, მე-6 ტურში ახალი ზელანდიის ნაკრები სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს იოჰანსებურგის გარეუბანში დაუპირისპირდა და წაუგებელი სერიის მსოფლიო რეკორდი მოხსნა. "ოლ ბლექსს" 16 თამაშია, მოედანი თავჩაღუნულს არ დაუტოვებია. ამასთან ერთად, გუნდის კაპიტანი და ლიდერი რიჩი მაქოა ნაკრებთან ერთად მეასედ გამოვიდა გამარჯვებული.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა, სანამ მგეზავი იოჰან გუსენი მოედანზე იყო, პირველ ტაიმში შესანიშნავად იასპარეზა და 16:12 მოიგო.

გუსენი 37-ე წუთზე შეცვალეს და "ბოკეს" შესვენების შემდეგ პრობლემები დაეწყო. მასპინძლებმა მონაგარს ვეღარაფერი შესძინეს, მაშინ, როცა ახალზელანდიელებმა, რომლებსაც თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათ, ორი ლელოს გატანა მოახერხეს - 32:16.

არგენტინის ნაკრებს გამარჯვების მოპოვების უკანასკნელი შანსი ბოლო ტურში ჰქონდა. "პუმებმა" როსარიოში საკმაოდ დაუძლურებულ ავსტრალიის ნაკრებს უმასპინძლეს, რომელსაც ტრავმირებული მოთამაშეების მთელი ჯარი აკლდა.

როგორც ჩანს, არგენტინელებმა უმაღლესი დონის გუნდებთან ექვსტურიან ბრძოლას ბოლომდე ვერ გაუძლეს, საგრძნობლად მოიღალნენ და "ვოლაბებთან" სენსაციურ გამარჯვებას ხელი ვერ გამოჰკრეს და 19:25 წააგეს.

ავსტრალიელები მოლოდინის საწინააღმდეგოდ სათამაშო უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და პირველი ტაიმი 15:9 მოიგეს.

მგეზავისა და დამრტყმელის, ქუადე კუპერის არყოფნაში შესანიშნავად წარმოაჩინა თავისი ნიჭი ახალზელანდიური წარმოშობის ავსტრალიელმა ფულბეკმა მაიკლ ჰარისმა, რომელმაც ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა ( 20 ქულა).

"ვოლაბებს" უპირატესობა არც მეორე ტაიმში დაუთმიათ და საბოლოოდ ანგარიშში ექვსქულიანი სხვაობის შენარჩუნება შეძლეს.

სამხეთ აფრიკა-ახალი ზელანდია 16:32
სამხრეთ აფრიკა (15-9) კირხნერი (ლამბიე 67), ჰაბანა, ტაუტე (დე იონგი 76), დე ფილიერსი, უგარი, გუსენი (იანტისი 34), პინარი. (1-8) მთავარირა, სტრაუსი (ლიბენბერხი 74), დუ პლესი (ოსტჰოიზენი 54), ესტებესი, ბეკერი, ლოუ, ალბერტსი (კუცია 59), ვერმულენი.
ლ: ჰაბანა. 3ს: გუსენი, იანტისი (2). გ: გუსენი
ახალი ზელანდია (15-9) დაგი, ჯეინი, კ. სმიტი, ნონუ (ელოსმი 62), გეარი, კარტერი (კრადენი 76), ა. სმითი (ვიპუ 65). (1-8) ვუდკოქი, ჰორი (მეალამუ 51), ო. ფრენქსი (ბ. ფრენქსი 62), რეტალიკი (რომანო 58), ვაითლოქი, მესამი (ტომსონი 65), მაქოა, რიდი.
4ლ: ა. სმითი, კ. სმითი, ვაითლოქი, ნონუ. 3გ,ს,ა: კატრერი.
მსაჯი: რომან პუატი (საფრანგეთი).

არგენტინა-ავსტრალია 19:25
არგენტინა (15-9) ამოროსინო, კამაჩო, ბოსხი, ფერნანდესი, აგულა (იმჰოფი 62), ერნანდესი (სანჩესი 59), ლანდხო. (1-8) რონსერო, გუინასუ (კრევი 67), ფიგალო (ორლანდი 69), კარისა, ალბასეტე, კაბელო (სენატორე 73), ლეგუსამონი (ლეონარდი 47), ფერნანდეს ლობე.
ლ: იმჰოფი. 4ს: ერნანდესი, ბოსხი. გ: ბოსხი.
ავსტრალია (15-9) ჰარისი, კამინსი, ტაპუაი, მაკკები, იოანი, ბეილი, ფიპსი (შინანი 73). (1-8) სლიპერი (რობინსონი 40), პოლოტა-ნაუ, ალექსანდერი, დუგლასი (ჰიგინბოთამი 8), შარფი, ტიმანი (გილი 68), ჰუპერი, სამო (დენისი 62).
ლ: იოანი. 6ს,გ: ჰარისი.
მსაჯი: კრეიგ იუბერი (სამხრეთ აფრიკა)

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 26 ქულა, 2. სამხრეთ აფრიკა -12, 3. ავსტრალია - 12, 4. არგენტინა - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული