დე ფილიერსი ჩინოვნიკებს თითს უქნევს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიტერ დე ფილიერსი აღშფოთებულია იმ გადაწყვეტილებით, რომელიც სანზარ-ის სადისციპლინო კომიტეტმა "ბოკეს" ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბის ბაკის ბოთას დასასჯელად მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბოთამ ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში მეტოქის ცხრა ნომერ ჯიმი ქოუანს თავი ჩაარტყა, რის გამოც ცხრაკვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

დე ფილიერსმა ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია. "ქოუანი ბოთას მუდმივად პროვოცირებას ახდენდა. იმ ეპიზოდშიც, რომლის მხოლოდ ბოლო ნაწილი აჩვენეს ტელევიზიით, ქოუანი მას მაისურზე ქაჩავდა და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. მსაჯს ეს რომ შეენიშნა, საჯარიმოს დანიშნავდა და არაფერი მოხდებოდა." -
თქვა მან.

დე ფილიერსს მიაჩნია, რომ მისი გუნდი უდიდესი გამოცდის წინაშე დგას. "ახლა ყველა ჩვენ წინააღმდეგაა, ყველა ჩვენ გვებრძვის. მაგრამ მთავარი ის კი არაა, როგორ წააგე, არამედ ის, მარცხის შემდეგ როგორ შეძლებ ფეხზე წამოდგომას.
ბიჭებმა იციან, რომ გასულ უქმეებზე ცუდად ითამაშეს. ისინი შეუდრეკელნი არიან და კარგად ესმით, რომ მომავალ უქმეებზე გაცილებით მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

ჩვენი მორაგბეები პროფესიონალები არიან. მაგრამ ხშირად დიდ როლს ადამიანური ფაქტორი თამაშობს. კარგად გვესმის, რომ ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნები. თუმცა მსგავსი წარუმატებლობის შემდეგ ისევ მყარად უნდა შეძლო ფეხზე დადგომა.
ახალზელანდიელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. გასაქანი არ მოგვცეს, ჩვენც ბევრი დავაკელით. ჩვენი ნაკლოვანებები ვიცით და ვეცდებით, მომავალ შეხვედრაში სრულად აღმოვფხვრათ" - დაპირდა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ქომაგებს დე ფილიერსი.


სამი ახალზელანდიელის თამაში საეჭვოა

სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "ოლ ბლექსს" მომავალ შეხვედრაში ტრავმის გამო რიჩარდ კაჰუი დააკლდებოდა. ახალზელანდიელ ქომაგთა სამწუხაროდ, დაშავებული "კივების" რაოდენობა სამამდე გაიზარდა.
სავარაუდოდ, მომავალ უქმეებზე ველინგთონში სამხრეთ აფრიკასთან ვერ ითამაშებენ ცხრა ნომერი ჯიმი ქოუანი და გარემარბი ჯო როკოთოკო. თუ მათ მატჩამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს, ახალზელანდიელთა მწვრთნელს ნაკრებში "ბლუზის" ცხრა ნომრის ელბი მეთიუსონისა და "ჰარიკენზის" გარემარბ ჰოსე გეარის გამოძახება მოუწევს.

რაგბი. ქარის თასი

სამხრეთ აფრიკაში დაიწყო "ქარის თასის" გათამაშება. რომელშიც რვა გუნდი ასპარეზობს. პირველივე ტურში სენსაციური ანგარიში დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ვილდეკლევერ გრიკასმა" შინ პირველ ტაიმში "ნატალ შარქსთან" - 8:22 წააგო, მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლო და ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი 40:34 დაამარცხა. გუნდებმა ხუთ-ხუთი ლელო გაიტანეს, გამარჯვებას კი მასპინძლებმა მგეზავ პეტრუს იგნატიუს ულიფიეს ფეხჩუბინობის წყალობით მიაღწიეს. მან ვიზავიზე, "ნატალ შარქსის" ცხრა ნომერ რორი კოქოთზე ორით მეტი საჯარიმო გაიტანა.

დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა "ქარის თასის" ამჟამინდელმა მფლობელმა "ბლუ ბულზმა". პრეტორიელებმა შინ მოუგეს "ბარლოვორდ ტოიოტა პუმასს" - 38:15. მასპინძლებმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს აქედან ორი გარემარბ ჯონ მამეცას ანგარიშზეა.
ყველაზე დიდი ანგარიშით, თანაც სტუმრად "იმპალა ლეოპარდსთან", მოიგო "ლაიონზმა" - 43:16. ამ მატჩშიც გამარჯვებულის ანგარიშზე ხუთი ლელოა. აქედან ორი ცხრა ნომერმა იანო ვერმააკმა გაიტანა.

მეოთხე წყვილში ზე 14-ის საბაზო გუნდმა "ჩიტაზმა" შინ წააგო "ვესტერნ პროვანსთან" - 11:25.

ქარის თასი

I ტური
ბლუ ბულზი-პუმასი 38:15, ლეოპარდსი-ლაიონზი 16:43, გრიკასი-ნატალ შარქსი 40:34, ჩიტაზი-ვესტერნ პროვანსი 11:25

სატურნირო მდგომარეობა
1. ლაიონზი - 5 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 5, 3. გრიკასი - 5, 4. ვესტერნ პროვანსი - 4, 5. ნატალ შარქსი - 2, 6. ჩიტაზი - 0, 7. პუმასი - 0. 8. ლეოპარდსი - 0



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული