რუმინეთმა ერთა თასი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
ერთა თასის წლევანდელი გათამაშება ბუქარესტში რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნა. თამაში, რომელიც დიდი შანსი იყო, რომ უამინდობის გამო გადაეტანათ, მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 15:7.

მატჩი ბუქარესტში სამგრადუსიან ყინვაში ჩატარდა. მოედანი თოვლით იყო დაფარული, თუმცა ქალაქის ხელმძღვანელების აქტიური გარჯის წყალობით მისი გადაწმენდა მოხერხდა და მატჩის კომისარმა, მოედანი ვარგისად ჩათვალა. აღასანიშნავია, რომ მინდორი წითლად დახაზეს ხოლო ბურთი ყვითელი იყო.

ექსტრემალურ პირობებში რუმინეთის ნაკრებს პირველ ტაიმში ძალიან გაუჭირდა. სათამაშო უპირატესობას პორტუგალიელები ფლობდნენ და ტაიმიც მოიგეს - 7:5. "სტეჟარი" მოწინააღმდეგის ლელოს პირველ ნახევარში
მხოლოდ ორჯერ მიუახლოვდა.

მატჩის მე-7 წუთზე რუმინელთა მგეზავმა დანუც დუმბრავამ მოედნის საკუთარი ნახევრიდან ბურთი ფეხით პორტუგალიელთა 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან დაჰკიდა. იქ ყველას მასპინძელთა გარემარბმა მადალინ ლემნარუმ დაასწრო, ბურთს დაეუფლა და ფულბეკ ანტონიო აგილარს გვერდი ოსტატურად აუარა. ლემნარუს მიერ გატანილი ლელო დუმბრავამ ვერ გარდასახა - 5:0.

ამის შემდეგ, მასპინძლებმა ტაიმის შუაწელში კიდევ ერთხელ შეუტიეს "ლობუშების" ლელოს ხუთმეტრინი დერეფნიდან აგორებული მოლით, მაგრამ უშედეგოდ. პორტუგალიელები ბურთს უფრო ხშირად ფლობდნენ, თუმცა ლელოს გატანა მხოლოდ რუმინელთა უხეში შეცდომის გამოყენებით შეძლეს. ამ შემთხვევაში თავი აგილარმა გამოიჩინა. მის მიერ გატანილი ლელო ცხრა ნომერმა პედრო ლეალმა გარდასახა - 7:5.

შესვენების შემდეგ მოედანზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. რუმინელთა შერკინებამ იმძლავრა და მეტოქეს უკვე აშაკარად ჩაგრავდა. პორტუგალიელებს პრობლემები ჰქონდათ დერეფანში თამაშის დროსაც.

მატჩის 62-ე წუთზე რუმინელებმა საჯარიმო აუტში გადაიტანეს. დერეფნის მოგების შემდეგ მოლის შეკვრის ნაცვლად ბურთი გრძელ ფრთაზე გაათამაშეს. რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ "ლობუშების" დაცვის ხაზი დებიუტანტმა ანდრეი ურსაკემ გაჭრა, რომელიც მეორეხაზელი ვალენტინ ურსაკეს ძმაა. შეცვლაზე შესულმა ფლორინ ვლაიკუმ გარდასახა - 12:7. მანვე მატჩის მიწურულს მონაგარს საჯარიმოც მიუმატა და პორტუგალიელები პრემიალური ქულის გარეშე დატოვა - 15:7.

შეგახსენებთ, რომ მორიგი ტური 11 თებერვალს გაიმართება. საქართველოს ნაკრები სტუმრად ითამაშებს ესპანეთის ეროვნულ გუნდთან. პორტუგალიელები რუსებს უმასპინძლებენ, რუმინელები კიდევ ერთხელ ითამაშებენ შინ, ამჯერად უკრაინის ნაკრებთან.

რუმინეთი-პორტუგალია 15:7
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. მადალინ ლემნარუ, 13. ჩაბა გალი, 12. კრისტიან დინისი, 11. გეორგ კატუნა, 10. დანუც დუმბრავა, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ. 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. ვლად ბადალიჩესკუ, 4. ვალენტინ ურსაკე, 5. კრისტიან პეტრე, 6. მიჰაი მაკოვეი, 7. ვიორელ პეტრე, 8. დანიელ კარპო.
16. ნადრეი რადოი, 17. ანდრეი ურსაკე, 18. ალინ კოსტე, 19. ანდრეი გორჩიოაია, 20. ფლორინ სურუჯუ, 21. ფლორინ ვლაიკუ, 22. კონსტანტინ გეარა.
2ლ: ლემნარუ, ა.ურსაკე. გ,ს: ვლაიკუ.
პორტუგალია: 15. ანტონიო აგილარი, 14. ედუარდო ეშტევეში, 13. ფრედერიკო ოლივეირა, 12. კარლ მურეი, 11. ბერნარდო სილვირა, 10. იანიკ რიკარდო, 9. პედრო ლეალი. 1. ჟოაო ჟუნიორი, 2. მაიკ ტაჟერი, 3. ჟორჟე სეგურადო, 4. დავიდ დოს რეისი, 5. გონსალო უვა, 6. ვასკო უვა, 7. ჟულიენ ბარდი, 8. ჟუან სევერინო.
16. ვაშკუ მარკესი, 17. ჟოაო მატეუში, 18. ჯოზე და კოსტა, 19. რუი დორეი, 20. ლუის სოუსა, 21. ფრანსისკო პინტუ, 22. ჟოზე ლიმა
ლ: აგილარი. გ: ლეალი.
მსაჯი: ლეო კოლგენი (ირლანდია)

ერთა თასი
11 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო
25 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
10 მარტი
რუმინეთი-საქართველო
17 მარტი
საქართველო-რუსეთი

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 20, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0.
მსაჯი: ლეო კოლგენი (ირლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული