წლევანდელმა ტურნირმა საშუალება მოგვცა, გარკვეული ანალიზი გაგვეკეთებინა ევროპის ბობოლა სარაგბო ქვეყნებში რაგბის მდგომარეობაზე, განვითარების რა ეტაპზე არიან და როგორია მათი სამომავლო პერსპექტივა.
დავიწყოთ უელსის ნაკრებით, რომელმაც ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაში ხუთი შეხვედრიდან ხუთივე მოიგო და დიდი სლემი შეასრულა. უელსელებს თამამად შეუძლიათ თქვან - მივედით, ვნახეთ, გავიმარჯვეთ!
აღსანიშნავია, რომ "წითელმა ურჩხულებმა" ბოლო რვა წლის განმავლობაში დიდი სლემი სამჯერ შეასრულეს - 2005, 2008 და 2012 წლებში. ეს მიღწევა
წლევანდელი გათამაშების ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრაში უელსელებმა შინ, კარდიფში, "მილენიუმზე" საფრანგეთის ნაკრები 16:9 დაამარცხეს, რითაც შარშან მსოფლიოს თასის გათამაშების ნახევარფინალში დასანანი წაგების გამო რევანში აიღეს.
"წითელ ურჩხულებს" დღემდე დიდი სლემი თერთმეტჯერ აქვთ შესრულებული. მათზე ერთით მეტი მხოლოდ ინგლისის ნაკრების ანგარიშზეა, რომელიც უელსელების ტრადიციული, ოდინდელი მეტოქეა. თუმცა ის, რომ უორენ გეთლენდს და კომპანიას რეალურად შესწევთ ძალა "პომებს" გაუსწრონ, საეჭვო არავისთვისაა.
გავიხსენოთ, როგორ განვლო უელსმა წელს გზა დიდ სლემამდე. "წითელმა ურჩხულებმა" ირლანდიის ნაკრებს უმძიმეს ბრძოლაში 23:21 მოუგეს, "სკოტებს" თოთხმეტი ქულის სხვაობით გაუსწორდნენ - 27:13, ინგლისელებს კი ორჯერ ნაკლებით აჯობეს - 19:12. შედარებით იოლად კი უელსის ნაკრებმა "სკუადრა აძურას" სძლია - 24:3. ფრანგების ძლევის თაობაზე კი უკვე ვთქვით.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ გუნდში არ არიან ისეთი კაშკაშა ვარსკვლავები, როგორებიც გერეთ ედვარდსი, ჯონ ბარი და ჯერალდ დევისი იყვნენ ორმოცი წლის წინ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ახალგაზრდულ გუნდს ძალიან დიდი მომავალი აქვს. თავად განსაჯეთ, კაპიტანი სემ ვერბარტონი 23 წლისაა, მესამეხაზელი ტობი ფალეტაუ და გარემარბი ალექს კატბერტი 21 წლისანი არიან. კიდევ ერთი გარემარბი ჯორჯ ნორსი კი 19 წლის ასაკში მომავალ ჯონა ლომუდ შერაცხეს.
მას შემდეგ, რაც უელსის ნაკრებმა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე მეოთხე ადგილი დაიკავა, უორენ გეთლენდს ახალი კონტრაქტი 2015 წლის ბოლომდე გაუფორმეს. დიდი სლემის მოგების შემდეგ მისგან უკვე ღიად ითხოვენ სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლებთან გამკლავებას.
უელსელებმა სამხრეთელებთან ბოლო 16 ტესტ-მატჩში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. ამ შედეგის გაუმჯობესება სავსებით რეალურია.
"წითელი ურჩხულები" ივნისში ავსტრალიაში გაემგზავრებიან და "ვოლაბებს" სამჯერ დაუპირისპირდებიან. ამასთან ერთად, ადვილი შესაძლებელია, რომ უორენ გეთლენდი "ბრიტანელი ლომების" მწვრთნელად დაინიშნოს, რომლის ტურნეც სამხრეთ ნახევარსფეროში 2013 წელს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"