საერთო აღიარებით, უპირატესობა ლანკასტერს აქვს, თუმცა ასპარეზზე გამოჩნდა კიდევ ერთი კონკურენტი კლაივ ვუდვორდი, რომელმაც "პომებს" 2003 წელს ავსტრალიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება მოაგებინა.
ინგლისური რაგბის ხელმძღვანელი ორგანოს გენერალურმა დირექტორმა იან რიჩმა საბოლოო გადაწყვეტილება 48 საათში უნდა წარუდგინოს ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც ახალ მწვრთნელს ოფიციალურად დაამტკიცებს.
ინგლისის რაგბის კავშირს სურვილი ჰქონია მწვრთნელთა შტაბს "ოლ ბელქსის" ყოფილი მწვრთნელი უეინ სმიტი დაამატოს, რასაც ლანკასტერი არ დაეთანხმა. შესაბამისად, სმიტი "პომებთან" მხოლოდ მაშინ იმუშავებს, თუ მთავარ მწვრთნელად ნიკ მალეტს დანიშნავენ.
ამასთან ერთად, გაზეთი "დეილი ექსპრესი" ამტკიცებს, რომ ნაკრების მწვრთნელობის უმთავრესი კანდიდატი კლაივ ვუდვორდია. თუმცა ახლახან "ლონდონ აირიშის" დირექტორად დანიშნულმა, ინგლისის ნაკრების უკანა ხაზის მწვრთნელმა ბრაიან სმიტმა თქვა:
"კლაივ ვუდვორდს შესაძლოა კონსულტანტის თანამდებობა შესთავაზონ. მას დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს, რაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელთა მომავალ შტაბს ძალიან წაადგება.
ვფიქრობ, საბოლოოდ არჩევანი ლანკასტერზე გაჩერდება, რადგან ის კარგად იცნობს ახალგაზრდა ინგლისელ მორაგბეებს, სტიუარტი ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ხომ მათ განვითარებაზე აგებდა პასუხს.
ლანკასტერი თანაშემწეებს უცვლელად დატოვებს. ამას დაუმატეთ ვუდვორდის ცოდნა და გამოცდილება. ვფიქრობ, შესანიშნავი გუნდი გამოვა, რომელსაც იოლად შეეძლება ურთულეს სიტუაციებში გუნდის სწორად მართვა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"