ექვსი ერი. I ტური: ფავორიტებმა მოიგეს

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების პირველი ტურის სამივე მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მასპინძლებმა მხოლოდ ერთ მატჩში შეძლეს გამარჯვება და, ფაქტობრივად, გამოიკვეთა ის სამეული, რომელიც წლეულს პირველობისთვის იბრძოლებს.

ტურის ცენტრალურ მატჩად თამამად შეიძლება ვაღიაროთ დაპირისპირება კარდიფის "მილენიუმზე", სადაც მასპინძელმა უელსის ნაკრებმა უმძიმეს ბრძოლაში დათმო შეხვედრა ინგლისის ეროვნულ გუნდთან - 16:21.

ინგლისელებმა საკმაოდ სოლიდური თამაში აჩვენეს. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს თასისთვის ეს გუნდი გათამაშების უმთავრესი ფავორიტი იქნება და, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინგლისიდან "ვებ ელისის თასს" არავის გაატანს.

"პომები" ძირითადი მგეზავის, ოუენ ფარელის გარეშე თამაშობდნენ,
თუმცა გუნდს ეს არ დასტყობია. დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა მისმა დუბლიორმა ჯორჯ ფორდმა, რომელიც სავსებით სამართლიანად მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელთა თავკაცმა სტიუარტ ლანკასტერმა სათადარიგოთა შორის დააყენა "სელებრითი" ცხოვრების მოყვარული დენი სიპრიანი, თუმცა თამაშში მას მონაწილეობა არ მიუღია.

"ეს შეხვედრა ჩემთვის ერთი რიგითი მატჩი იყო. სამი წელიწადია ნაკრების მწვრთნელი ვარ და ექვს ერზე სამივეჯერ მეორე ადგილზე გავედით. მომბეზრდა მეორეობა, დროა, წინ წავიწიოთ.

ვეცდები, მოთამაშეები ციდან დედამიწაზე დავაბრუნო და ავუხსნა, რომ მომავალ მატჩში იტალიის ნაკრებთან ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ", - თქვა ნამატჩევს "პომების" მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ ლანკასტერმა.

მას შემდეგ, რაც შოტლანდიის ნაკრებს სათავეში ახალზელანდიელი ვერნ კოტერი ჩაუდგა, ეს გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს.

"ნარშავების" ძლევა ახლა იოლი საქმე აღარავისთვისაა და მიზნის მისაღწევად ნებისმიერი რანგის გუნდს უდიდესი ძალისხმევის გაღება უწევს.

ასე იყო ამჯერადაც. შოტლანდიის ნაკრებმა სტუმრად საფრანგეთის ნაკრებს ფიცხელი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა - 8:15. "სკოტების" სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქეს ლელო არ გაატანინეს. თუმცა "ლე ბლოს" მგეზავმა კამილ ლოპესმა ხუთი საჯარიმო გაიტანა და თავისიანებს გამარჯვება მოუტანა.

საფრანგეთის ნაკრები ფილიპ სენტ-ანდრეს ხელში ვერაფრით ათამაშდა ისე, როგორც "ლე ბლოს" სჩვევია და ფრანგული რაგბის წრეებში უკვე მისი შემცვლელის კანდიდატებზე მსჯელობა დაიწყო.

ერთ-ერთი მათგანი "მონპელიეს" ყოფილი თავკაცი ფაბიენ გალტიეა.

მხოლოდ მატჩის პირველ ნახევარში გასწია მედგარი წინააღმდეგობა იტალიის ნაკრებმა შინ ირლანდიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებისას. შესვენებაზე "სამყურები" მხოლოდ ექვსქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 9:3.

გარდატეხა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოხდა, როცა სტუმრებმა ორწუთიანი
შუალედით იტალიელებს წყვილი ლელო გაუტანეს. შედეგად, ნათელი გახდა, რომ ირლანდიის ნაკრები ექვსი ერის გათამაშებას გამარჯვებით დაიწყებდა - 26:3.

სიმბოლური ნაკრები
15. სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია), 14. იოან უგე (საფრანგეთი), 13. რობ ჰენშოუ (ირლანდია), 12. ჯონათან ჯოზეფი (ინგლისი), 11. ჯორჯ ნორსი (უელსი), 10. ჯორჯ ფორდი (ინგლისი), 9. კონორ მურეი (ირლანდია) 1. ჯო მერირი (ინგლისი), 2. ჟილემ ჟირადო (საფრანგეთი), 3. დენ კოლი (ინგლისი), 4. ჯონი გრეი (შოტლანდია), 5. პოლ ოკონელი (ირლანდია), 6. ბერნარ ლე რუ (საფრანგეთი), 7. კრის რობშო (ინგლისი), 8. ტობი ფალეტაუ (უელსი).

I ტური
უელსი-ინგლისი 16:21
უელსი: ლ - ვები. 2ს,გ - ჰალპფენი. ა - ბიგარი.
ინგლისი: 2ლ - ვოტსონი, ჯოზეფი. 3ს,გ - ფორდი.

იტალია-ირლანდია 3:26
იტალია: ს - ჰაიმონა.
ირლანდია: 2ლ - მურეი, ოდონელი. 4ს - კეიტელი. 2გ - კეიტელი, მადიგანი.

საფრანგეთი-შოტლანდია 15:8
საფრანგეთი: 5ს - ლოპესი.
შოტლანდია: ლ - ფაიფი. ს - ლიდლოუ.

სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 2 ქულა, 2. საფრანგეთი - 2, 3. ინგლისი - 2, 4. უელსი - 0, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0

II ტური
ინგლისი-იტალია, ირლანდია-საფრანგეთი, შოტლანდია-უელსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული